სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

18:44 | 20.03.2018 | ნანახია 15166 - ჯერ

ნიკოლოზ ხატიაშვილი: "სუპერ რაგბი და "სანვულვზი" სიურპრიზი იყო"
25 წლის ბორჯღალოსანი 26 მარტს სუპერ რაგბის „სანვულვზში“ უნდა გამოცხადდეს

ორიოდე კვირის წინ რაგბზე მწერალმა ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ტვიტერში დაწერა, რომ სუპერ რაგბის იაპონურ ფრენჩაიზს მალე კიდევ ერთი ქართველი შეუერთდება. როგორც იცით, „სანვუვლზის“ (ცეცხლოვანი მგლები) წევრი საქართველოს ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე გახდა, რომელმაც სუპერ რაგბის 2018 წლის სეზონის პირველივე, სადებიუტო მატჩში ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირაში მწყობრში დაბრუნდება. მეორე ქართველს რაც შეეხება, საუბარი ნიკოლოზ ხატიაშვილზე ყოფილა, 25 წლის ბურჯზე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში შარშან ზაფხულში, ამერიკულ ტურნეზე აქვს ნათამაშები. ამაზე ნიკოლოზი თავად გვიამბობს. ამასობაში კი ხატიაშვილმა თავისი ფრანგული კლუბი „ორიაკი“ დატოვა და როგორც შევიტყვე, სუპერ რაგბისთვის, საკლუბო რაგბის ამ ელიტათა ელიტისთვის თბილისში ემზადება.

ნიკოლოზ ხატიაშვილს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვეწვიე. ბაზის ტერიტორიაზე შესვლისთანავე დავლანდე ეს მორაგბე - იქით, სიღრმეში, ხელოვნურსაფარიანი მოედნის კიდეზე მძლავრი და ღონიერი, საკმაოდ მძიმეწონოსანი ბიჭი გარემარბის რეაქტიულობით აკეთებდა აჩქარებებს. ეტყობა, რაღაც კომპლექსურ, სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებდა. ვუყურე შორიდან და მიხაროდა, ახალგაზრდა კაცი საყვარელ საქმეს რა მონდომებით აკეთებდა. სტაჟიანი ჟურნალისტი მქვია და იშვიათად მინახავს, სპორტსმენს ასე გულმოდგინედ ევარჯიშოს. ვარჯიშის მერე რაგბის აკადემიის ოფისში გათამამებულ მზეს დავემალეთ და საკმაოდ გრძელი და მეტად საინტერესო საუბარიც გამოგვივიდა, ნიკა ხატიაშვილი ძალიან საინტერესო რესპონდენტი და სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა.

- პირდაპირ და მთავარზე: როგორ დაიწყო შენი და „სანვულვზის“ ამბავი?

- „ორიაკში“ ვიყავი, ამ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე მაკავშირებდა. გასულ ზაფხულში კონტრაქტი ახალ, ინგლისელ აგენტთანაც გავაფორმე, რომელიც ვასილ აბაშიძემ გამაცნო. იმ პერიოდში იყო დაინტერესება რამდენიმე ფრანგული კლუბიდან. ჩემი წაყვანა უდოდათ, „ორიაკზე“ კარგ გუნდებზეა საუბარი. მაგრამ რაღაც არ გამოვიდა და ცოტათი გულდაწყვეტილი ვიყავი. და იმავე კვირაში აგენტმა მომწერა, არ იდარდო, უკეთესი ვარიანტი გამოჩნდაო. მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მეგონა, რომ უბრალოდ ადამიანურად მამხნევებს, გულს მიკეთებს. მაგრამ აგენტის ამ შეტყობინებიდან ერთ კვირაში იაპონიიდან ოფიციალური წინადადებაც მივიღე.

- ანუ სიურპრიზი იყო?

- რა თქმა უნდა, არ ველოდი. სუპერ რაგბია, არც მიფიქრია...

- მორაგბის ოცნება, ალბათ, სუპერ რაგბია და ეროვნული ნაკრები...

- დიახ, ასეა.

- ანუ გადაწყვეტილი ამბავია?

- კი ბატონო, 26 მარტს გუნდში უნდა გამოვცხადდე.

- ჩადიხარ „სანვულვზში“, ეგუები გუნდს და ამავე სეზონში თამაშობ?

- ვითამაშობ თუ არ ვითამაშებ, ასე ლაპარაკი რთულია. მოტივაცია და სურვილი, რაღა თქმა უნდა, ასეთია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, კონტრაქტი ჩემს თამაშს ითვალისწინებს და საერთოდაც, ეს კონტრაქტი მიმდინარე, უკვე დაწყებულ სეზონზეა დადებული, მომავალ ჩემპიონატზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. იქ ჩასვლის, თამაშის და ვარჯიშის მერე ალბათ გამოჩნდება ყველაფერი.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალური მხარე მოგვარებულია?

- ჯერ „ორიაკთან“ გავწყვიტე კონტრაქტი და მერე მოხდა „სანვულვზთან“ ხელშეკრულების დადება. ყველაფერი მოგვარებულია, თან ფრანგებთან თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი არ ყოფილა ოჯახური ან მსგავსი - ანუ შემოდავების საბაბი არ ჰქონდათ. სიმართლე ითქვას, ამის სურვილი არც გასჩენიათ:

- ესე იგი, „ორიაკი“ უპრობლემოდ შეგელია?

- 4 წელი გავატარე ამ კლუბში და ძალ-ღონე არ დამიშურებია. ალბათ რაღაც გამიკეთებია „ორიაკისთვის“ და ჩემს სურვილს გაგებით მოეკიდნენ. არ ვიცი, რომ გაეგოთ იმ კლუბის სახელი, სადაც მივდიოდი, ალბათ ასეთი კეთილები ვეღარ იქნებოდნენ, მაგრამ მაინც ასე ჩავთვალე საჭიროდ.

- სწორად მოქცეულხარ...

- უბრალოდ, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი, რომ „ორიაკთან“ 2020 წლამდე კონტრაქტის გამო ასეთ შანსზე უარი მეთქვა.

- სეზონისწინა საკონტროლო მატჩების მიხედვით გამოჩნდა, რომ 2017/18 წლების სეზონში „ორიაკის“ სასტარტო #3 ნიკოლოზ ხატიაშვილი იქნებოდა...

- კი ბატონო. ასეც იყო. პირველი წრე უწყვეტად ჩავატარე, თან 4 მატჩი - შეუცვლელად. მარჯვენა ბურჯად ვიწყებდი და მარცხნივ ვამთავრებდი. ასე სჭირდებოდა გუნდს. რამდენიმე მატჩი „პირველ ნომრად“ დამიწყია კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით მარჯვენა ბურჯი ვარ. თანდათან გუნდის ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ ვეღარ გავდიოდით პლეი-ოფში და აქცენტი ფრანგ მოთამაშეებზე გადაიტანეს. თან დასვენება რეალურადაც მჭირდებოდა - ზედიზედ ამდენი მატჩი, თან სათამაშო დროც ხომ გასათვალისწინებელია? ნახევარი თვე დავისვენე და მერე „ნარბონთან“ კვლავ ვითამაშე, თან ისევ „პირველ ნომრად“. გუნდის სასტარტო მარცხენა ბურჯი ტრავმირებული იყო, მთხოვეს მისი ჩანაცვლება და დავთანხმდი, ცხადია. ჩემს პირად ინტერესებს გუნდისაზე წინ არასდროს ვაყენებ, თავს ამის უფლებას არ ვაძლევ.

- სეზონის დაწყებამდე სერიოზულად მეგონა, რომ „ორიაკი“ ტოპ 14-ში აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი იქნებოდა, იმდენად კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა გუნდი სეზონისწინა პერიოდში...

- მიზეზს გეტყვით. გვყავდა გამოცდილი მწვრთნელი, წარსულში ირლანდიის ნაკრების ცნობილი მეორეხაზელი ჯერემი დევიდსონი, რომელიც „ბორდოში“ წავიდა. მას თავისებური ტაქტიკა, განსხვავებული ხედვა ჰქონდა, სხვა თამაშს გვათამაშებდა. დაცვაზე დაფუძნებული რაგბის მიმდევარი სპეციალისტია. რაც შეეხება ახალ დამრიგებელს, სამხრეთაფრიკელმა ანდრე ბესტერმა მოსვლისთანავე შეტევის გაუმჯობესება მოისურვა, მაგრამ როცა შემადგენლობაში 15 დამცველი გყავს, გუნდი დაცვაზეა დამყარებული და ამ 15-ივე მოთამაშეს უცებ თხოვ, შემტევი გახდეს, რა თქმა უნდა, სათამაშო კავშირები და ბევრი სხვა რამ ირევა.

- ანუ გუნდი ვერ გადაეწყო?

- ეს მოკლე დროში არარეალურიცაა. როცა ფორვარდები დაცვაში ბევრს მუშაობდნენ და გუნდში დომინანტი შერკინება იყო, შედეგს ეს რგოლი დებდა. აუტის 100%-ით მოგება მოგვეთხოვებოდა. ახლა მიდგომა შეიცვალა, უფრო ბურთაობა ევალება გუნდს, ანუ, ახლა არა უშავს, თუ შერკინება მეტოქისასთან ვერ დომინირებს, აუტების 20%-ს აგებს, მთავარია, გადაწყობას ასწრებდე. ბურთის ფლობა გახდა მთავარი მოთხოვნა. აბსოლუტურად განსხვავებული სარაგბო ფილოსოფიებია და ჩემი აზრით, ამ რეფორმამ, ამ ახალმა ხედვამ არ გაამართლა.

- შედეგები სახეზეა...

- ბურთის შენახვა ბევრ სხვა რამესაც გულისხმობს. შერკინება წინ თუ არ მიდის, აუტებს თუ არ აკონტროლებ, ძნელია ბურთის დაუფლება და შენარჩუნება. თუ ბურთს ვერ ინარჩუნება, დაცვითი გუნდი უნდა გყავდეს, და პირიქით... მოკლედ, ალოგიკურობამდე მივიდა ვითარება. მაგრამ არა უშავს, დალაგდებიან. თვითონ სისტემა კლუბში საათივითაა აწყობილი. საწყენიცაა, როცა „ორიაკს“ ზედაპირულად უყურებენ და სერიოზულ ორგანიზაციად არ აღიქვამენ.

- რას გულისხმობ?

- თვალს ვადევნებ პრესას და სოციალურ ქსელებს თუ ფორუმებს, თითქმის ყველგან „ორიაკთან“ აგდებული დამოკიდებულებაა, რაც დიდი უსამართლობაა. „ორიაკში“ მრავალ დიდ და სახელოვან მორაგბეს უთამაშია, გუნდი პატივისცემას იმსახურებს და მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს: ნუ გექნებათ „ორიაკზე“ წარმოდგენა, როგორც პატარა უსახელო პროვინციულ გუნდზე. იგივეს ვიტყვი მთლიანად საფრანგეთის პრო დ2-ზე. ამ ლიგაში იმდენ სუპერვარსკვლავს უთამაშია... ბევრი ვერც კი აცნობიერებს, რომ პრო დ2 რეალურად პლანეტის საკლუბო ლიგების ტოპ 5-ში შედის: სუპერ რაგბი, ინგლისის პრემიერშიპი, პრო 14, საფრანგეთის ტოპ 14 და პრო დ2. ეს საკამათოც არაა და მიკვირს ასეთი უსამართლო დამოკიდებულება. „ორიაკი“ ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული კლუბია, მაგრამ, მაგალითად, გასული სეზონის დაწყებამდე, ჯერ კიდევ დევიდსონის ხელში, „კლერმონთან“ ერთობლივი წვრთნა და სპარინგები გვქონდა, ჰოდა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, იმ „კლერმონთან“ ჩვენმა შერკინებამ არაფერი დათმო, თუ არ აჯობა. მოგეხსენებათ, იმ სეზონის ბოლოს „კლერმონმა“ ტოპ 14 მოიგო და ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა. არ ვამეტებ, სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულ „კლერმონს“ ტოლი არაფერში დავუდეთ.

- „ორიაკი“ დიდი ტრადიციების, ძველი გუნდია...

- ორიაკი პატარა ქალაქია, დიდწილად პენსიონერებითაა დასახლებული, ახალგაზრდები მიდიან, რადგან იქ ერთადერთი გართობა რაგბია. და თუ რამის მიღწევა გსურს, იქ ახალგაზრდა მორაგბის განვითარებისთვის მშვენიერი გარემოა - სულ დარბაზში უნდა იყო, სულ უნდა ვარჯიშობდე, სხვა გასართობს იქ ვერ ნახავ. ტრადიციები კი, იცოცხლე, ისეთია. მოთამაშეთა სახელები ხო საერთოდ... მაგალითად, უტუ მანინოა, მესამეხაზელი. ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში ვიქტორ ვიტოს არავინ ათამაშებდა ამ მორაგბის შემხედვარე. დარბაზში ბადალი არ ჰყავდა საერთოდ. „ოლ ბლექსის“ ძირითად 8 ნომრად მოიაზრებოდა, მაგრამ არ გაუმართლა: ჯვარედინი მყესები გაიგლიჯა, მიხვდა, რომ ახალგაზრდა „ოლ ბლექსში“ ვეღარ დამკვიდრდებოდა, იმიტომ, რომ კონკურენტებმა ზრდა გააგრძელეს. წამოვიდა მანინოა ევროპაში, „ბეზიეში“ ითამაშა და როცა დიდ კლუბში გადასლაზე მიდგა საუბარი, ეს ჯვარედინი მყესები ხელმეორედ გაუწყდა. და მას მერე ამხელა ვარსკვლავი „ორიაკშია“. იგივე ჯეკ მაკფი, ზელანდიელი ფულბეკი, 6 წელია „ორიაკშია“, საოცარი მორაგბეა. დამიჯერეთ, ახლანდელ „ოლ ბლექსში“ რომ ჩასვან, ტოლს არაფერში დაუდებს არც დემიენ მაკენზის, არც ბენ სმითს...

- სოლიდური ხალხი ახსენე...

- მერაბ შარიქაძე არანაკლებია! ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებდი ამ კაცს, ვაკვირდებოდი, რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რას ნიშნავს მისთვის რაგბი... ჩემი ახლო მეგობარია, მაგრამ ახლა მეგობრობა კი არ მალაპარაკებს, ყოველგვარი გადამეტების გარეშე მიმაჩნია, რომ დღევანდელ რაგბში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მერაბი არის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული და ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშე. უბრალოდ, რაგბი არაა სპორტის მარტივი სახეობა. ზოგი „ორიაკში“ ვხვდებით, ზოგი - „სანვულვზში“. დარწმუნებული ვარ, მას უფრო ძლიერ კლუბშიც მოუწევს თამაში.

- მთავარია, ჯანმრთელად იყოს...

- ბუკას ტრავმა თანამედროვე რაგბში არსებული გადატვირთვების შედეგია. „ორიაკში“ ყველა მატჩს შეუცვლელად თამაშობდა, 80 წუთი. იმხელა ძალაა კლუბისთვის, რომ ცდილობენ, მაქსიმუმი გამოწურონ. მერე მიდის ნაკრებში და იქ როგორც ირჯება, მოყოლა არაა საჭირო. კაპიტანია და ისეთი სულისკვეთებით, ისეთი მონდომებით თამაშობს, რომ... ჰოდა, სული არ იღლება, მაგრამ ორგანიზმი რაღაც მომენტში მეტისმეტ დატვირთვას ვეღარ უძლებს და... თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ შარიქაძე სექტემბერში უფრო ძლიერი დაბრუნდება, ასეთი კაცია. ახლოს რომ გაიცნობ, მერე უფრო ხედავ, რა თვისებებითაა დაჯილდოებული - მხოლოდ დიდ ჩემპიონებს რომ ახასიათებთ. ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს, ბევრს ვკითხულობ დიდ სპორტსმენებზე და ასეთი აურა მხოლოდ რჩეულებს აქვთ. გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანია, გონიერია, ყველას უყვარს.

- ამას მეც დაგიდასტურებ...

- ყველაფერი კარგად იქნება. მოურჩება ფეხი და ძველებურზე უკეთ ითამაშებს.

- გიორგი ცუცქირიძეზეც მოგვიყევი, როგორ მოერგო „ორიაკს“?

- ესაა კიდევ ერთი საოცარი ტალანტი. მე ამ ბიჭის ძალიან მჯერა. მოედანზე ასეთი აგრესიული და ცხოვრებაში ასეთი ალალი და სუფთა ადამიანი მეორე არ მინახავს. არ ვიცი, ალბათ გაბრაზდება, როცა ამას წაიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე დადგება მისგან. ყველაფერი უწყობს ხელს - ათლეტურობა, მონდომება, სპორტული აგრესია... ადამიანმა რომ მოისურვოს და იდეალური მესამეხაზელი რობოტი შექმნას, ფრანკენშტაინივით სხვადასხვა ნაწილებისგან ააწყოს, ცუცქირიძე სწორედ ასეთია, ყველა საჭირო თვისება გააჩნია, სასწაულია. გასულ ზაფხულში მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს: „ბრივიდან“ სხვა გუნდში გადასვლას აპირებდა, ამათ არ გაუშვეს, მსურველმა არ იაქტიურა თუ დააღალატა, და დარჩა გიორგი თითქოს უგუნდოდ, მაგრამ „ორიაკმა“ უკვე დაწყებული სეზონის მსვლელობისას დაიმატა, თუმცა, პროფესიული კონტრაქტის გაფორმება უკვე დაგვიანებული იყო და ცუცქირიძეს ამ სეზონში პროფესიონალთა გუნდში თამაშის უფლება არ აქვს, მხოლოდ ესპუარებში. მერე „ორიაკის“ ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, როგორ ნიჭთან ჰქონდათ საქმე, და მალევე 3-წლიანი კონტრაქტი დაუდო - 2021 წლამდე. მომავალი სეზონიდან გიორგი მთავარი გუნდის წევრი იქნება.

- რამდენი ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული პრობლემაა...

- მეც იმის თქმა მსურდა, რომ ისე მარტივი და იოლი არაა მორაგბის ცხოვრება, როგორც შეიძლება გარედან ჩანდეს. შარიქაძე რომ პრო დ2-შია, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი უფრო დიდი კლუბის რომელიმე შუამარბზე ნაკლებია. ათასი პოლიტიკური, ათასი რასისტული და სხვა სახის სირთულეა, ამასთან გამკლავება იოლი არაა. ამ წინააღმდეგობების დასაძლევად დროა საჭირო. რატომღაც ჰგონიათ, რომ ქართველებს უცხოეთში გაშლილი ხელით ხვდებიან. ნამდვილად არაა ასე.

- ასე რომ იყოს, რაღა გაგვიჭირდებოდა...

- ამიტომაც თხოვნა მექნება რაგბის გულშემატკივართან, რომელსაც უნდა, რომ ყველა ქართველი უმაღლეს დონეზე უძლიერეს გუნდში თამაშობდეს. შეფასებისას ძალიან მკაცრები ნუ იქნებით. ვიმეორებ, ფრანგული „ელიტა 2“ მსოფლიოს 5 უძლიერეს ჩემპიონატში შედის. პრო დ2-ში იმისთანა ლეგენდების წინააღმდეგ მითამაშია, როგორებიც არიან, ვთქვათ, ფრანგი დავიდ სკრელა, ზელანდიელი პირი ვიპუ და მრავალი სხვა...

- რაგბივარსკვლევები თქვენც ხართ - მერაბ შარიქაძე, ნიკა ხატიაშვილი...

- მე - არა, მე რა ვარსკვლავი ვარ (იცინის)... მერაბზე კი ერთ რამეს დავამატებ: ერთ ჩვენს თანაგუნდელს დავესესხები და ვიტყვი, რომ ქართულ რაგბს ღმერთმა გამოუგზავნა ეს კაცი.

- ასეა. ფრანგულ თემას დავუბრუნდები და როგორც ჩანს, იქ უცხოელის ყოფა სულ უფრო და უფრო რთულდება...

- რა თქმა უნდა. მაგალითად, გიორგი ცუცქირიძე „ჟიფია“, ანუ ფრანგ მოთამაშესთან გათანაბრებული უფლებებით სარგებლობს, და ეს სტატუსი ფორმაციის ცენტრში 3-წლიანი თამაშით დაიმსახურა, ახლა კი ეს ვადა 5-წლიანი გახდა.

- ფრანგული რაგბის მმართველი ბერნარ ლაპორტი გამოირჩევა თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით არაფრანგების მიმართ...

- ამას წინათ საფრანგეთშიც მივეცი ინტერვიუ და ვთქვი: ხელს მუდმივად უცხოელებისკენ იშვერენ, თავად კი... არ მინდა, უსამართლოდ დავადანაშაულო წესიერი ადამიანები, სხვის კომპეტენციაშიც ვერ ჩავერევი, მაგრამ რასაც ვხედავ, იმას ვიტყვი: დიდი კორუფციაა, ლიგაში და ფედერაციაში თანამდებობებზე ხალხი ინიშნება ახლობლობით, ნათესაობით, ნეპოტიზმი ყვავის. აქედან გამომდინარე, შედეგი არ არის, ფრანგული რაგბი წინ ვერ მიდის. და როცა შედეგი არ არის, დამნაშავე უცხოელია. ხალხიც ადვილად ყვება ამ უსამართლობას და აჟიოტაჟს, ეს გასაგებიცაა: ფსიქოლოგიურად უფრო იოლია, ყველაფერი უცხოელს გადააბრალო და არა შენიანს. რეალურად კი, რომ დავუკვირდეთ, ყველაზე კარგი ნაკრები ფრანგებს მაშინ ჰყავდათ, როცა ლიგაში მეტი უცხოელი თამაშობდა. კონკურენცია ფრანგებსაც აძლიერებდა. ახლა კი როგორი სიტუაციაა: ფრანგია, არავინ აძალებს ვარჯიშს, შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებს, სატრენაჟორო დარბაზში მხოლოდ უცხოელებს თუ ნახავ. თავპირს იმტვრევ, ქანცგაწყვეტამდე ვარჯიშობ, მაგრამ ადვილი თამაშის წინ მწვრთნელი მოვა და გეტყვის: „რა ვქნა, უცხოელების ლიმიტი შეზღუდულია, ფრანგი უნდა ვათამაშო“. სუსტ მეტოქესთან ის ფრანგიც გაქაჩავს და კარგად ითამაშებს, მაგრამ როცა მძიმე თამაში მოდის, იციან, რომ დიდი ჯახი იქნება, შერკინების მნიშვნელობა ერთი-ორად იზრდება, მიდგომაც იცვლება. „მიდი, აბა, შენ იცი, მიაწექი! ქართველი ხარ, მაგარი ხარ, უნდა მოიგო!“ ჰოდა, წააგებ - თითს შენსკენ იშვერენ, მოიგებ - გუნდმა მოიგოო. ასეა, ასეთი გარემოა ფრანგულ ლიგებში, მაგრამ ამან არ უნდა დაგთრგუნოს. უბრალოდ, უნდა შეეგუო.

- სხვა გზა არ გვაქვს?

- აქეთკენ მოვდიოდი მეც. იქაც ყველაფერი იკეტება ჩვენთვის. და სადაა ჩვენი ადგილი? რა ვქნათ?

- რა გამოსავალს ხედავ, რომელ გზას ემხრობი?

- უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს შიდა ჩემპიონატს, ადგილობრივ გუნდებს. ძალიან ბევრი ტალანტია, რომელიც არავისზე ნაკლებ რაგბს არ ითამაშებდა, და იკარგება ეს ხალხი. ღრმად მწამს, რომ რაგბში მოთამაშეს ქმნის გუნდი. გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ცალკეული მორაგბე გუნდის დონეს ძალიან უსწრებს, ეს მას კარგს არაფერს მოუტანს, ამიტომაც გუნდებია მისახედი. ვთქვათ, სოსო მათიაშვილი ნებისმიერ გრანდ კლუბში რომ ჩავსვათ, ჩემი აზრით, იქ თამაშს უპრობლემოდ შეძლებს. იგივე მიშო გაჩეჩილაძე, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე... რუსული კლუბებიდან ნებისმიერ გრანდში გადაიყვანეთ და ნახავთ, რომ არავის არაფრით ჩამოუვარდებიან. ან თუნდაც ეროვნული ჩემპიონატის ბიჭებზე ვთქვათ, რომელთაც მეტი დაძაბულობა, მეტი ჯახი, მეტი პრინციპული მატჩი და მეტი გამოცდილება სჭირდებათ ზრდისთვის... ამ მხრივ ცოტა უნამუსობადაც გამოიყურება, რომ ახლა მე, ახალგაზრდა მორაგბე, ვლაპარაკობ იმაზე, რომ რაგბს მეტი ყურადღება სჭირდება და მეტი ფული უნდა ჩაიდოს. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ბევრი ადამიანი შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს და უადგილოა ჩემი ასეთი ლაპარაკი...

- რატომ?! ამ ლოგიკით საქართველოში ბევრი დარგი და სპორტის ზოგიერთი სახეობა საერთოდ დასახური და ასაკრძალია, მაგრამ ასე ხომ არ ვიქცევით? ხომ მაინც მოვითხოვთ მეტ ყურადღებას, რომ ესა თუ ის დარგი უფრო მეტად განვითარდეს?

- არა, უბრალოდ, მორალურად ცოტა უხერხულია, სახელმწიფოს რაგბისთვის მეტი ფული მოსთხოვო, როცა ვიღაცას ბავშვის გამოკვება უჭირს, როცა მაღაროელი მაღაროში სიცოცხლისთვის დიდი საფრთხის ქვეშ მუშაობს, მავნე მტვერს, გამონაბოლქვსა თუ აირს სუნთქავს და ამისთვის მიზერულ ანაზღაურებას იღებს, უხერხულია მოითხოვო, რომ თუნდაც 10 მილიონი გამოიყოს, რათა შეიქმნას კარგი გუნდი და ჩაერთოს რომელიმე ჩემპიონატში. ძნელია. მესმის ყველაფერი. ჩვენ რომ გვიჭირს, სახელმწიფოს უფრო მეტად უჭირს.

- და მაინც, რომელი გზა გაგვიყვანს ჩიხიდან?

- რა გზაზეც ვისაუბრებთ, წინაპირობა ერთი უნდა იყოს: ჩვენ ჩვენი იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ. სადაც გინდა, რომელ ჩემპიონატშიც გინდა მოვხვდეთ, ჩვენი გამორჩეულობა არ უნდა შეიცვალოს. ქართული რაგბის სტილი ცუდი არ არის. რა თქმა უნდა, დასახვეწი ბევრი ელემენტი და კომპონენტი გვაქვს, მაგრამ ჩვენი, საფირმო ქართული რაგბი ძირეულად არ უნდა შეიცვალოს. სუსტი მხარეები უნდა გამოვასწოროთ, ოღონდ სახე უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება ლიგას, ამ თემის ექსპერტად ვერ გამოვდგები, იმიტომ, რომ არ ვიცნობ ამა თუ იმ ლიგაში მოხვედრისთვის საჭირო მოთხოვნებსა და პირობებს. მაგალითად, სუპერ რაგბიდან ორი სამხრეთაფრიკული გუნდი ხო გადმოვიდა ევროპულ ლიგა პრო 12-ში, ახლა პრო 14 რომ ეწოდება? ერთი-ორჯერ „მანსტერს“, „ლენსტერს“ ან „ალსტერს“ ბურთს თავზე თუ ვერ გადაახევს, ტოლ-სწორად მაიცნ თუ ეთამაშება ღარიბი საქართველოს გუნდი, რაგბის ბიუროკრატი და კონსერვატორი მამები დაფიქრდებიან და აზრსაც შეიცვლიან.

- ნეტა იმ დროს მომასწრო, როცა „ლენსტერს“ და „მანსტერს“ ტოლ-სწორად ვეთამაშებით...

- გვეთამაშონ და ვანახებთ, რომ შეგვიძლია! გამოცდილების დაგროვების გარეშე არაფერი მოხდება.

- არ გვეთამაშებიან და რა გინდა რომ ქნა? და თუ ეთამაშები, ისევ იმ შენი ევროპული კლუბის შემადგენლობაში...

- ასეა. ეს სულ სხვაა. ხოლო წლევანდელი „ბათუმი“ და კონტინენტური ფარი კარგი კი იყო, მაგრამ აშკარად ცოტაა მთლიანად ქართული რაგბისთვის. მგონია, რომ უფრო რაღაც სისტემა უნდა შეიქმნას, გამოცდილი უცხოელი მწვრთნელები გვჭირდება. სამენეჯერო სფეროს წინსვლაა აუცილებელი, თუმცა, კარგი და ავტორიტეტული მწვრთნელების დეფიციტი არც საქართველოშია, არაერთი ისეთი სპეციალისტი გვყავს, ვისაც თამამად ჩააბარებ ძლიერ ლიგაში მოასპარეზე გუნდს. თანაც ეს უფრო იაფიც დაჯდება... მოკლედ, მაინც ფინანსები გვაკლია ყველაზე მეტად. როგორც კი სახსრები გამოჩნდება, შედეგი არ დააყოვნებს. უტიფრად არ გამომივიდეს, არავის არაფერს ვთხოვ. ვიმეორებ, საქართველოსნაირ ქვეყანაში ადამიანებს ოცნებების ნაწილზე უარის თქმა გვიწევს, ასეა მოწყობილი ეს სამყარო...

- ოცნებებზე უარის თქმა კი გვიწევს, მაგრამ როცა ოცნებას „საქართველოს ნაკრები“ ჰქვია...

- ნაკრები ოცნება არაა. არ მინდა, არასერიოზულად გამომივიდეს, მაგრამ ნაკრებისთვის სიკვდილისთვისაც ვარ მზად! და ყველა ასეა, მე გამონაკლისი არ ვარ. ნაკრებზე ფიქრით იწყება ჩემი დილა და ნაკრებზე ფიქრით ვიძინებ. ვიმედოვნებ, რომ მეც მომეცემა ბედნიერება, ჩემი წილი შევიტანო ამ გუნდის სიდიადეში.

- ჯერ ახალგაზრდა ხარ, მოასწრებ.

- საფრანგეთში უკვირთ, თქვენ რა ხალხი ხართო. ქართველი მორაგბე ნაკრებით იწყება და ნაკრებით მთავრდებაო. ასე ვუპასუხე: „კლუბში დაქირავებულები ვართ, გული კი მუდამ ნაკრებშია და იქ გვრჩება“. ეს გუნდიც არაა, ოჯახია. ნაკრებში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, ბიჭები ძმებივით ვართ. ბევრს ვფიქრობ ამ კაცებზე, როგორ მიყვარს თითოეული, და რას წარმოვიდგენ ხოლმე: ალბათ ძველ დროში ჩვენი წინაპრები ასე იყვნენ დიდგორის და სხვა ბრძოლების წინ, როგორც ჩვენ - ნაკრების თამაშამდე. უბრალოდ, ბურთის მაგივრად ხმალი ეჭირათ ხელში, ბორჯღალიანი კვართის ნაცვლად აბჯარი ემოსათ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი კარგი ადამიანები არიან. მათგან ისეთი რამ მაქვს ნანახი, არ ვიცი... ძმები არიან!

- ნაკრებში არგენტინაში ითამაშე ბოლოს, ხომ ასეა? მშვენივრად მახსოვს, რა კარგად ჩაერთე „პუმებთან“ მატჩში და დამაჯერებლადაც ითამაშე.

- დიახ, და თავადაც კმაყოფილი დავრჩი ჩემი თამაშით. „ჩილამ“ (ლევან ჩილაჩავა) ტრავმა მიიღო და ფორსმაჟორულ რეჟიმში არგენტინაში ჩასვლამ მომიწია. იცით, როგორ იყო? თბილისიდან გავემგზავრე საფრანგეთში, ლიონის აეროპორტიდან ორიაკისკენ მანქანით მივდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ნაკრებს არგენტინაში ვჭირდებოდი. შუა გზაში მანქანა ავტობანზე მოვატრიალე და ლიონისკენ წავედი. ჯამში 20 საათამდე ჰაერში გავატარე და თამაშის წინა დღეს ნაკრებს შევუერთდი. ძალიან კარგი დღე იყო, თამაშიც წამივიდა, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ეს იყო ნაკრებში ჩემი საუკეთესო მატჩი. იმ დღეს არასოდეს დავივიწყებ. ყოველდღე რომ მომიწიოს იგივეს გაკეთება, ყოველდღე გავიმეორებ! ავტობანზე დავტრიალდები და წავალ ნაკრებისკენ. ნაკრებში ყოველ თამაშს როგორც ღმერთის წყალობას ვიღებ, ეს არასდროს იქნება ჩემთვის როგორც წესი და ჩვეულებრივი ამბავი. თან მერიდება ამის თქმა, მაგრამ მართლა ასე ვარ. და ვიმეორებ, მე არ ვარ გამონაკლისი, აბსოლუტურად ყველა ასე ვართ.

- ნუ გერიდება, ამას ხალხიც ხედავს, რაგბის ქომაგებს არაფერი გამოეპარებათ და ბორჯღალოსნების თავდადებაც უკვე აღარავის უკვირს...

- სხვა, აბა, რა არის ცხოვრება?! მთელი ქვეყანა ყოველი დილით იღვიძებს პრობლემებზე ფიქრით, ხალხს ათასი საზრუნავი და დარდი აქვს, და იშვიათი გამონაკლისი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებია. ესაა შვება, ნუგეში, რომ საქართველო რაღაცაში იოლად არავის ნებდება, რომ უძლიერესებს რაღაცაში უწევს ღირსეულ წინააღმდეგობას. სპორტი აკეთილშობილებს ადამიანს, საზოგადოებას, წარმატების და პროგრესის იმედს უჩენს ამ საზოგადოების სასოწარკვეთილ ნაწილსაც კი. მაგალითებიც ხო არსებობს?! მაგალითად, მოჰამედ ალი მოსესავით იყო შავკანიანი ამერიკისთვის, აიმედებდა, საკუთარი ძალების რწმენას უჩენდა. საქართველოს სარაგბო ნაკრებიც იქცა ერთგვარ შვებისმომგვრელ ფენომენად. და გარდა ამისა, უცხოეთსაც დაანახა, რომ ქართველები არა მხოლოდ არაპროფესიონალები, მჭამელები და მსმელები არიან, არამედ, აი, ისეთებიც შეიძლება იყვნენ, როგორებიც მორაგბეები არიან. ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სახელმწიფო, და ყველას ერთმანეთზე გული უნდა შეგვტკიოდეს.

- საქართველოში რაგბის პოპულარობამ აქამდე არნახულ დონეს უწია...

- ორიაკში ცხოვრობს პირველი თაობის ბორჯღალოსანი მევლუდ მთიულიშვილი, მასთან ხშირი კონტაქტი მქონდა და მევლუდმა მომიყვა ნაკრების რუმინეთში პირველი გასვლის ამბები. ძველი „იკარუსით“ 3 დღე ვიყავით გზაში, ავტობუსში გათბობა არ ითიშებოდა, ვიგუდებოდით, ფორმებს ლამის თვითონ მორაგბეები ვკერავდითო... ჰოდა, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გრძნობა არ დაგეუფლოს? თუ ის ხალხი დაგავიწყდა, ვინც რაგბი აქამდე მოიტანა, მომავალზე ფიქრი უაზრობაა.

- სად თამაშობდი საქართველოში, ვიდრე საფრანგეთში წახვიდოდი?

- „ჯიქებში“ ვთამაშობდი. რაგბის თამაში კი „ყოჩებში“ დავიწყე, ანატოლი ლიპარტელიანთან. კრივით ვიყავი გატაცებული და ბიძაჩემმა მიმიყვანა „ყოჩებში“. ორი თვე ვითამაშე, მერე კრივს დავუბრუნდი, დღემდე ძალიან მიყვარს, იმხანად კი არჩევანს ვერ ვაკეთებდი, ძალიან გამიჭირდა რაგბსა და კრივს შორის არჩევა. მაგრამ როცა დარბაზში შუშები ჩამტვრეულია, როცა გამგეობა 3 წელი რინგის გაკეთებას გპირდება და არ ასრულებს დაპირებას, რაგბის ოჯახურობამ, მეგობრულობამ გადაწონა და ჩემი მომავალი გასაზღვრა. ყველაფერი მომეწონა - მორაგბეების ვაჟკაცურობა, ქარიზმა, ენერგია და შარმი. რა უნდა მეტი 14-15 წლის ბავშვს? მოკლედ, მოვიხიბლე, თან შევნიშნე, რომ უბანში და ქუჩაში დაგროვილი სიბრაზის, აგრესიის დაძლევის მშვენიერი საშუალება იყო. იქ ოჯახი იყო და სურვილი გამიჩნდა, მისი ნაწილი გავმხდარიყავი. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, 2 თვე ვიარე „ყოჩებში“. მეგობრები ამყვნენ, მოეწონათ, და ვინაიდან დიღმის მასივში ვარ გაზრდილი, „შევარდენში“ გადავედი, რომელიც დიდუბეში ვარჯიშობდა, ანუ სახლთან გაცილებით ახლოს. მაგრამ ნამდვილ რაგბს „ჯიქებში“ ვეზიარე, გია ამირხანაშვილთან. ჩვენმა თაობამ ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში აიყვანა და მიმაჩნია, რომ ამ გუნდის აღზრდილი ვარ. ბევრი ტკივილი, შავი დღე და გაჭირვება გადაუტანია ამ კლუბს და მეამაყება, რომ მისი ნაწილი ვიყავი.

- მოკლედ, 26-ში უკვე ტოკიოში იქნები. განწყობა, როგორც გატყობ, საბრძოლო გაქვს...

- ახლა ირგვლივ ყველა მილოცავს და თითქოს სასიამოვნოა, მაგრამ მოსალოცი ჯერ არც არაფერი გამიკეთებია. მთავარი ისაა, თუ რას ვიზამ იმ „სანვულვზში“. თან რამხელა პასუხისმგებლობაა! ჯაბა ბრეგვაძე პირველი იყო, მე მეორე ვარ. მამაჩემი ამბობს ხოლმე: შენს ქვეყანაში შენი ოჯახის წარმომადგენელი ხარ, ხოლო საზღვარგარეთ შენი ქვეყნის ელჩი ხარო. უცხოელები ქართველებზე შენით იქმნიან აზრს და აი, აქაა მთავარი პასუხისმგებლობა. სათამაშო მოედანზეც და მის მიღმაც ვცდილობ, ეს არ დამავიწყდეს. ცოტა ფიცხი ხასიათი მაქვს და მამის სიტყვები ძალიან მშველის, რომ ემოციები მოვთოკო და თავი და ქვეყანა არ შევირცხვინო.

- სპორტულ სიფიცხეს და აგრესიულობას რაგბში აფასებენ...

- ვეცდები, ქომაგებს და ახლობლებს იმედები გავუმართლო, პირველ რიგში - საკუთარ თავს. ღმერთმა ამ ეკლიან გზაზე აქამდე სულ ხელში აყვანილი მატარა და მე რაც მომეთხოვება, ესაა რაც შეიძლება კარგი ადამიანი ვიყო და პროფესიაში რაც შემიძლია, ყველაფერი ჩავდო. რაც გამოვა, ჩვენ არ ვიცით, მთავარია ეცადო.

- წარმატებები იაპონიაში, ნიკა!

- დიდი მადლობა და მინდა თქვენს პროფესიაზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა. მადლობა რაგბზე მწერალ ჟურნალისტებს, ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით და ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს. ერთი ოჯახი ვართ და ჩვენი საქმის კარგად კეთებით წინ ვწევთ ერთიან საქმეს. მადლობა არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ნებისმიერი ფორმით თუნდაც მცირეოდენი წილი შეაქვს რაგბის წინსვლაში. ჩვენ ხომ უკვე სარაგბო ერი ვართ, ლევან ცაბაძე გვყავს, დავით ზირაქაშვილი გვყავს, მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა გვყავს! ეს ძალიან საამაყოა ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:15 | 22.03.2018
krasni (548)

ნიკოლოზი მართლაც, მარტო კარგი რაგბისტი კი არა, კარგი ქართველიც ყოფილა. გულშემატკივრების მიერ ქართული რაგბის განვითარების ფონდის შექმნას მეც მივესალმები.

19:25 | 21.03.2018
ანდროიდი (47)

კარგი, ძარღვიანი ღვინოსავით დამათრო ამ კაცის ინტერვიუმ და ხასიათმა, წარმატებას ვუსურვებ!

დაფინანსებას სახელმწიფო რომ ვერ ართმევს თავს, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ჩვენს მიერ (გულშემატკივრები დ.ა.შ.) ნაკრების განვითარების ფონდის შექმნა. ფონდის შექმბა არც ისე რთულია, რამდენად აფასებთ ფონდის წარმატებული მოქმედების შესაძლებლობას? ხონ არ გვეცადა?

14:15 | 22.03.2018
პანტელეიმონი (1178)

მივესალმები ქართული რაგბის მხარდამჭერი ფონდის დაარსების იდეას, ჩემი და ჩემი მეგობრების მხარდაჭერა ასეთ ფონდს გარანტირებული აქვს ! ! !

10:43 | 22.03.2018
temuchin (431)

კარგი აზრია, მეც მიფიქრია ამაზე. მოკლედ კარგი და სანდო მენეჯმენტის პირობებში ალბათ რაღაც გამოვა, საინტერესოა უშუალოდ რაგბიში ჩახედული და ნამდვილად მოყვარული რამდენია საქართველოში თან ისეთი მეტნაკლებად ფინანსურადაც რომ არ იყოს ცუდად. მარტო სტადიონზე მისულთა რიცხვით ვერ ვიმსჯელებთ, რეალურად საკმაოდ დიდი ნაწილი სელფების საღებად და დროის გასატარებლად მიდის ხოლმე. თუმცა თუნდაც სტადიონის შევსებისთვის დიდი მადლობა მათ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ასე 10-15000 ზე მეტი არ მგონია ვიყოთ და წლიურად 50-100 ლარის სტაბილურად გაღების შემთხვევაში რამდენიმე კლუბს კი შევინახავდით

00:16 | 22.03.2018
NIKA..01 (279)

კარგი ორგანიზების და მენეჯმენტის შემთხვევაში კარგი იდეაა.ყველა რაგბის ქომაგი შეიტანს თანხას ამ ფონდში,ვისაც რამდენი შეუძლია იმდენს.საერთო ჯამში იმდენი მაინც გამოვა,რომ ბავშვთა რაგბს შევეშველოთ,ან ევროასპარეზზე გასულ ქართულ გუნდებს

18:05 | 21.03.2018
DataN24 (215)

რეაქტიული აჩქარებები მომეწონა, მანდ კიდევ აასწრაფებენ რაც რესურსი ექნება და ძალიან კარგი, პირველრიგში კი ამ კაცის აზროვნება მომეწონა ადექკვატურად სეაფასა ყველაფერი, როგორც კომენტარებიდან ჩანს ყველა აღფრთოვანებულია, იმედია ბევრი სათამასო დრო ექნება ახალ კლუბში და ნაკრებსაც გამოდაგება 3 ნომერზე ფეიქრიშვილი ასაკსი შედის ტაბიძე და მელიქიძე ჯერ ვერ არიან მთლად გამოცდილები და ხატიაშვილი ამ მხრივ იდელრ ასაკში იქნება მსოფლიოსთვის და წარმატებებს უსურვებ პირველ რიგში ამ ადამიანობის გამო რაც ამ სტატიაში დავინახე

13:43 | 21.03.2018
ოვალური კორბენი (227)

ა ძმაო მშვიდი, გაწონასწორებული და ადეკვატური კაცი. როცა ადამიანს (სპორტსმენს) ჯერ "ბაგაჟით" გაიცნობ, მერე მის თამაშსაც სხვანაირად უყურებ.
ბევრ ქართველ მორაგბეზე შემიძლია იგივეს თქმა.
წარმატებებს ვუსურვებ ნიკოლოზს, ყველგან და ყოველთვის !!!

13:04 | 21.03.2018
alfadhirhaiti (95)

არ მინდა ცუდად გამომივიდეს თუ ვიტყვი, რომ სასიამოვნო სურპრიზი იყო ჩემთვის ასეთი ინტერვიუ. გაუცნობიერებლად ცოტა ხელისუფალის გამართლება გამოუვიდა. გასაგებია, რომ მძიმე ყოფაში უწევთ არსებობა მუშებს და ბევრ სხვას, რაც ახსენე, მაგრამ ეს ალიბად მაინც არ გამოადგება ხელისუფალს. გაუგებარი რჩება რა რატომ არის ასე გადანაწილებული პრიორიტეტები და რატომ იხარჯება ბიუჯეტიდან ამდენი ფული ფეხბურთში, რასაც აზრი არ გააჩნია და მაინც წყალში იყრება ბოლოს. ასევე, სახელმწიფოში არსებობს ათასი იდიოტური (მაგალითად ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტი, შერიგების სამინისტრო და სხვა) და არაფრის მომცემი სამინისტროები, რომლებიც ზურგზე აწვებიან ხალხს და ცხოვრებას ურთულებენ. კარგია რომ ახსენე გამეფებული ნეპოტიზმისა და სხვა სახის პრობლემები, კარგი იქნება თუ გარკვეული პერო მასა (კიდე რბილად რომ ვთვათ) გაითავისებს, რომ ამას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება შევეჩეხოთ და ეს ენდემური თემა სულაც არ არის რომ საკუთარი ეროვნების ლანძღვა დავიწყოთ. წარმატებები ნიკოლოზს და უფრო მეტი დახმარება ქართულ რაგბს...

14:08 | 21.03.2018
პანტელეიმონი (1178)

აშკარად მეტი შეიძლება გაკეთდეს ფინანსურად როგორც სახელმწიფოსგან, ისე ბიზნესიგან. მთლიანად გეთანხმები არასწორი სპორტული პრიორიტეტების და ზოგიერთი უსაგნო სახელმწიფო სტრუქტურის გამო, დავამატებდი გუბერნატორების ინსტიტუტს კიდევ და ზოგიერთ დარგობრივ რეგიონალურ სამსახურს. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ეპოქაში კოორდინაციის პრობლემა აღარ არის და ეს შევარდნაძის დროს წარმოქმნილი პოლიტიკური მიზნით შექმნილი სტრუქტურების გაუქმება ქვეყანას რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ეკონომიას მოუტანდა. ასევე მგონია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაგბის ფედერაცია ღია გამჭირვალე საერთაშორისო კონკურს (თუ ტენდერს) გამოაცხადებს რაგბის სპონსორობაზე, გაცილებით უფრო სერიოზულ კონტრაქტის მოპოვება შეიძლება ვიდრე გენერალურ სპონსორ TBC -თან და სხვა სპონსორობასთან გვაქვს დადებული.

15:27 | 21.03.2018
alfadhirhaiti (95)

რა თქმა უნდა, მართალია! ტონა პრემიები გამოგვრჩა კიდე, პრემიები. : ))

11:41 | 21.03.2018
ICEMAN (126)

არასოდეს ვეთანხმებოდი იმ სტერეოტიპს რომ კარგი სპორცმენობისთვის მარტო ძალა და კუნთებია საკმარისი, რადგან ლეგენდარული სპორცმენები ძალასთან ერთად აზროვნებითაც გამოირჩევიან, თუმცა მაინც გაოცებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით ასეთი გამართული აზროვნება სპორცმენის კი არა ზოგადად არცერთი სფეროს წარმომადგენლისგან არ მომისმენია, თან როგორ ეტყობა რომ ძალიან თავმდაბალი პიროვნებაა რაც კიდევ უფრო უხდება ამ ქართველ ვაჟკაცს

11:07 | 21.03.2018
ilarioni (136)

რა გინდათ კომპლექსურად აზროვნებს კაცი და არა შეზღუდულად. თან არა მარტო რაგბში აზროვნებს კომპლექსურად, არამედ ასეც უყურებს საკუთარ თავს, საკუთარ როლს და ზოგადად დარწმუნებული ვარ, ხშირად უფიქრია იმაზე, თუ რატომ არსებობს ამ ქვეყანაზე, რისი დეფიციტიც, ზოგადად, არსებობს ჩვენ ქვეყანაში. აი ასეთი მორაგბეები გვჭირდება ჩვენ, რომლებიც ბოლომდე იაზრებენ არა მარტო სარაგბო ფასეულობებს, არამედ საკუთარ ყოფასაც. ზუსტად ეს არის გასაღები ერის თვითმყოფადობის გადარჩენის, რაზეც ეს კაცი საუბრობს, როდესაც ის ამბობს, რომ მისთვის ქვეყანა არის საზომი, და რომ რასაც აკეთებს, ყოველთვის ამ ჭრილში იაზრებს. ბოლო დროს, სამწუხაროდ, ქართველებმა დავკარგეთ თავმოყვარეობა, ღირსება, რაც ყოველთვის გამომგვარჩევდა და ამის ფონზე ერთიათად მნიშვნელოვანია მსგავსად მოაზროვნე/მოქმედი ადამიანების არსებობა.
ძალიან კარგია მერაბზე რაც დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ, მას პირადად რომც არ ვიცნობდეთ, ისედაც ასხივებს ყველა იმ სიკეთეს და თვისებას, რაზეც ეს კაცი საუბრობს. ნამდვიალად საამაყოა მსგავსი კაპიტნის ყოლა და ნუ შეგვრცხვება ხალხო ვიამაყოთ ამით. აქ კიდევ ახსენა მევლუდ მთიულიშვილი, თანამედროვე ქართული რაგბის ერთ-ერთი ფლაგმანი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული მონდომებითა და შრომისმოყვარეობით. ამიტომ, კარგი იქნებოდა, თუ სარაგბო ჟურნალისტები ამ გამორჩეულ ადამიანბზეც მოგვაწვდიან ხოლმე ინფორმაციას, რას აკეთებენ, როგორ ცხოვრობენ; ისინი ჩვენთვის ნამდვილად არ არიან სულერთი, ვინაიდან შეუფასებელი წვლილი მიუძღვით ქართული რაგბის გადარჩენასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში.

10:04 | 21.03.2018
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა ტრავმები არიდოს. და მისნაირი დამოკიდებულება საქმისადმი მიცეს ღმერთმა ბევრ ქართველს.

წარმატებები და იმედია არა1-ელ გამოიჩენს თავს.

02:08 | 21.03.2018
თორღვა პანკელი (380)

ჰაა განათლება აკლია, ინტელექტი, შეგნება, პატრიოტობა და სამშობლოს სიყვარული თუ რა? ნიკოლოზ ჩემი ძმა ხარ, საერთოდ არ გიცნობ მაგრამ არ მომერიდება ამ სიტყვების, წარმატებას გისურვებ, შენც და ჯაბასაც, სუპერ რაგბის გუნდის თვალთახედვის არეალში ტყუილად არ მოხვდებოდი, მშობლებო შეიყვანეთ ბიჭები რაგბში! თუ შემეკითხებით რატომ? წაიკითხეთ ეს სტატია, რაგბი ჩვენი თამაშია!

22:50 | 20.03.2018
temuchin (431)

ინტელექტისა და ფიზიკურობის ბრწყინვალე კომბინაცია და ამავე დროს უბრალოდ ძალიან მაგარი ადამიანი დავინახე ამ სტატიაში, ერთი სიტყვით ძალიან გახარებული და ნასიამოვნები დავრჩი. ასეთი ხალხი არის ყველანაირი პრიგრესის ძრავი და ნაპერწკალი. ნიკა გაიხარე ძმაო როგორც მე გამახარე, ჩათვალე ერთი რიგითი, მაგრამ შენი დიდი გულშემატკივარი შეიძინე ჩემი სახით! წარმატებები ყველაფერში ჯიგარო, და კიდევ ავტორს დიდი მადლობა ბრწყინვალე სტატიისა და ინიციატივისათვის!

01:27 | 21.03.2018
GiorgiG83 (525)

ფორუმზე მეწერა ოქროს ბიჭია მეთქი და...
შევმცდარვარ...
ბაჯაღლო!!!
90წუთამდე ქონდა ნიკასთან შეხება, U20 ზე სამხრეთ აფრიკასთან ერთად ვიჯექით, მას მერე ჩავთვალე, რომ ოქროს ბიჭია მეთქი...
ვაღიარე შევცდიმეთქი

ვერ ვიტყვი რომ იაპონის და იპონელებს ვიცნობ, მაგრამ ამდეიმესტან ბოლო წლებში მქონია ეხება და ვიცი მათი დამოკიდებულებები და ხედვები მოვლენებისადმი - ნიკა იაპონლებს აღაფრთოვანებს - მაგარი ელჩი გვეყოლება

22:48 | 20.03.2018
maxo_65 (458)

წარმატებებს ვუსურვებ ნიკას..ნელ-ნელა სუპერ რაგბშიც შევდივართ..სასიამოვნოა

22:36 | 20.03.2018
shotai-olimpi (89)

იხარე ნიკა და წარმატებები, საინტერესო განათლებული კაცი ხარ, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე შენი ინტერვიუ და მთლიანად გეთანხმები, წარმატებებს გისურვებ მჯერა ამგვარი შრომითა და ჭკუით გაცილებით ბევრს მიაღწევ. განსაკუთრებით ეს მომეწონა ხალხი მშიერია და ჩვენ ფული როგორ უნდა მოვითხოვოთო, არადა სხვა ფედერაციები რიგში დგანან ბიუჯეტთან გეგონება რაიმეს მიაღწიეს და არიქა მათ მეტი ამ ქვეყანაში არავის არაფერი ჭირდება. ამიტომაცაა რომ გონივრული მიდგომით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება რაგბში მიდიან დიდ კლუბებში და ფინანსურადაც იუმჯობესებენ საქმეს, რომ არა რაგბში გამეფებული კორუფცია რაზეც ნიკა წერდა და რაც მთელი მსოფლიოს სენდ იქცა ეს სპორტი გაცილებით წარმატებული და შემოსავლიანბი იქნებოდა.

22:17 | 20.03.2018
georgiano11 (8)

გაიხარე ნიკა, კარგი კაცი ხარ,
ცრემლი მომადგა ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ.
სასიამოვნოა ამ დანგრეულ ქვეყანაში ესეთი კაცები კიდევ რომ გვებადება.
წარმატებას გისურვებ

22:07 | 20.03.2018
პანტელეიმონი (1178)

გაიხარე ნიკა ! ! !

ჭკვიანი კაცი და კარგი რაგბისტი ხარ ! ! !

21:16 | 20.03.2018
გზავნილი (81)

ავტორს - შე მამაცხონებულო ხომ შეიძლება რომ ასე კვირაში ერთხელ მაინც დაწოთ სტატია და არ გადაწეროთ?!

საოცარი არამიანი ჩანს, ჭკვიანი! მორაგბეც ხომ შესაშური... შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი მეგობარო, მთავარია რომ არასდროს დანებდე, ეს ალბათ არც მოხდება გონება აშკარად გიჭრის. ევრი წარმატება და ჯანმრთელობა იაპონიაში და მალე ნაკრებშიც.

ისე თუ ვინმე მეტყვის ერთ მაგალითს მაინც რომელი ფეხბურთელი შეძლებდა ასეთე ინტერვიუს მიცემას? ამდენ წინადადებას ალბათ ცხოვრებაში ვერ დააწყობდნენ... რატომ აქვს ფეხბურთს 50 მილიონი წელიწადში და რატომ აფინანსებს რაგბს 7 ჯერ ნაკლებად? აღსრულდა სამართალი ქართულო ოცნებავ!!!

20:59 | 20.03.2018
giogobi (68)

ძალიან ჭკვიანური მოსაზრებები აქვს ამ მაგარ კაცს. გვიმრავლოს ღმერთმა შენისთანები. ღვთის წყალობა და წარმატებები მინდა გისურვო

20:46 | 20.03.2018
NIKA..01 (279)

აბა შენ იცი.წარმატებებს გისურვებ.შრომით,გარჯით მოპოვებულ წარმატებას.ასევე დამსახურებულ ადგილს საქართველოს ნაკრებში.

19:47 | 20.03.2018
beeq.777 (61)

მალე გვენახე ნაკრების კვართმორგებული კარგო კაცო, ძმობილო და მეგობარო! წარმატებები და ულევი სიხარული შენ!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.103263
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X