საქართველოს ნაკრები 2017 წლის დასკვნით შეხვედრას აშშ-ის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. წინა ორი მეტოქის მსგავსად, ვეცდებით, რომ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე შედარებით უკეთესად გაგაცნოთ.
აშშ მსოფლიო თასებზე
ამერიკის შეერთებულ შტატებს შვიდ მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული. “არწივებმა” 1995 წელს ვერ შეძლეს გასვლა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინასთან ორივე მატჩში დამარცხდნენ.
ამერიკელები ჯგუფური ეტაპიდან არასდროს გასულან და მათთვის საუკეთესო შედეგი ჯგუფში ერთი მატჩის მოგებაა. დავიწყოთ პირველი მსოფლიო თასით, 1987 წელს აშშ ავსტრალიასთან, ინგლისთან და იაპონიასთან ერთად მოხვდა და მე-3 ადგილზე გავიდა. “საკურებს” 21:18 მოუგეს, ხოლო “ვოლაბებთან” (12:47) და “წითელ ვარდებთან” (6:34) უშანსოდ დამარცხდნენ.
1991 წელს სამივე მატჩი დათმეს (იტალიასთან, ინგლისთან და ახალზელანდიასთან) და ბოლო ადგილზე გავიდნენ. მომდევნო მსოფლიო თასზე არ უთამაშიათ, ხოლო 1999 წელს კვლავ სამივე მატჩი წააგეს: რუმინეთთან ბრძოლაში დამარცხდნენ (25:27), ხოლო ირლანდიასთან (8:53) და ავსტრალიასთან (19:55) შანსი არ ჰქონიათ.
2003 წლის მსოფლიო თასზე გუნდების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და თითო ჯგუფში უკვე ხუთი გუნდი იმყოფებოდა. ამ გათამაშებაში აშშ-ს კარგი შანსი ჰქონდა, რომ პირველად ორი თამაში მოეგო, თუმცა ფიჯისთან მინიმალური სხვაობით 18:19 დამარცხდა. ამერიკელებმა ორი შეხვედრა შოტლანდიასთან (15:39) და საფრანგეთთან (14:41) დათმეს, ხოლო იაპონიას 39:26 მოუგეს.
მომდევნო მსოფლიო თასზე აშშ რთულ ჯგუფში მოხვდა. “არწივებმა” ინგლისთან (10:28), ტონგასთან (15:25) და სამოასთან (21:25) ღირსეული მარცხი განიცადა, სამხრეთ აფრიკასთან კი 15:64 განადგურდა.
2011 წელს აშშ-მა რუსეთის ნაკრებს აჯობა (13:6), ირლანდიასთან (10:22) და იტალიასთან (10:27) ბრძოლაში დამარცხდა, ავსტრალიასთან (5:67) განადგურდა და საბოლოო ჯამში მე-4 ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება უკანასკნელ მსოფლიო თასს, თუ აქამდე აშშ იაპონიას ყოველთვის ჯობნიდა და სამი მოგებიდან ორი სწორედ “საკურებთან” ჰქონდა მოპოვებული, ამჯერად 18:28 წააგო. გარდა ამისა, “არწივები” სამოასთან (15:26) და შოტლანდიასთან (16:39) დამარცხდნენ, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან შერცხვნენ (0:64) და ბოლო ადგილზე გავიდნენ.
ამრიგად, აშშ-ს სულ მსოფლიო თასზე 25 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 3-ჯერ იმარჯვა და 22-ჯერ დამარცხდა. სულ 350 ქულა აქვთ გატანილი და 892 აქვთ გაშვებული.
საინტერესო ფაქტები აშშ-ის შესახებ
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1912 წლის 16 ნოემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართა და 8:12 დამარცხდა.
2. “არწივებმა” სარეკორდო გამარჯვება 2006 წლის 1 ივლისს ბარბადოსის წინააღმდეგ იზეიმეს – 91:0.
3. ყველაზე დიდი მარცხი კი 1999 წლის 21 აგვისტოს ინგლისთან განიცადეს – 8:106.
4. აშშ-ის მაისურით ყველაზე მეტი 26 ლელო ვაეა ანიტონის აქვს დადებული, რომელიც ნაკრებში 1992-2000 წლებში (46 კეპი მოიხვეჭა) თამაშობდა.
5. ამერიკელთა რიგებში ყველაზე მეტჯერ ტოდ კლევერს უთამაშია. მან “არწივების” მაისური 76-ჯერ მოირგო, 2003-2017 წლებში თამაშობდა და სანაკრებო კარიერა 21 ივნისს დაასრულა.
6. ყველაზე მეტი 465 ქულა მაიკ ჰერკუსს აქვს გატანილი, რომელიც აშშ-ის ღირსებას 2002-2009 წლებში იცავდა.
7. ამერიკელთა პრინციპული მეტოქე კანადის ნაკრებია. სულ 58-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 18-ჯერ “არწივებმა” იმარჯვეს, 38-ჯერ “ნეკერჩხლებმა”, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
8. აშშ-ს პირველი დონის გუნდი ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული და ისიც შორეულ 1924 წელს: 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთს 17:3 მოუგეს. ძლიერი გუნდებიდან ფიჯი და ტონგა თითოჯერ ჰყავთ დამარცხებული, ხოლო იაპონიასთან გამართული 23 მატჩიდან 13-ჯერ “არწივებს” დარჩათ გამარჯვება.
9. აშშ-ის მთავარი მწვრთნელი 46 წლის ახალზელანდიელი დეივ ჰიუიტია. ის ცნობილი მორაგბე გახლდათ: ამპლუით ბურჯი იყო და 2001-2003 წლებში “ოლ ბლექსის” რიგებში თამაშობდა, სადაც 22 კეპი მოიხვეჭა და 2 ლელო გაიტანა. 1999-2005 წლებში სუპერ რაგბში თამაშობდა და “კრუსეიდერსში” ირიცხებოდა, ხოლო შემდეგ კელტების ლიგას მიაშურა: 2004-2005 წლებში “სკარლეტსში” თამაშობდა, ხოლო 2005-2007 წლებში “ედინბურგის” ღირსებას იცავდა, სადაც კარიერა დაასრულა.
10. "არწივებს" სულ 238-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც მატჩების 33.61%, ანუ 80 შეხვედრა მოგებული აქვთ, 154 წაგებული და 4 მატჩი ფრედ დაასრულეს.
დღევანდელი მდგომარეობა
აშშ-ის ნაკრები პროგრესირებს და უშუალო კონკურენტს კანადას აშკარად აჯობა. ეს ურთიერთშეხვედრებშიც აისახება: კანადამ “არწივების” დამარცხება ბოლოს 2013 წელს შეძლო, ხოლო მას შემდეგ გამართული 7 მატჩიდან 6 ამერიკელებმა მოიგეს, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მათი ბოლო დაპირისპირება ზაფხულში შედგა: 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე კანადაში ჩატარებული თამაში ფრედ 28:28 დასრულდა, ხოლო კალიფორნიაში აშშ-მა დამაჯერებლად 52:16 დაამარცხა მეტოქე და იაპონიის საგზური მოიპოვა.
აშშ მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-17 ადგილზეა. მათთვის საუკეთესო შედეგი მე-14 ადგილია (2007 წელი), ხოლო უარესი მე-20 პოზიცია (2008 წელი).
ლეგიონერები
აშშ-ის ნაკრები უმეტესად ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ლეგიონერებიც ბევრი ჰყავთ და რამდენიმეს გამორჩევა განსაკუთრებით შეიძლება. უპირველეს ყოვლისა მესამეხაზელ სამუ მანოაზე უნდა ვთქვათ, რომელიც 2015 წლიდან “ტულონში” ირიცხება. ავივა პრემიერშიფში ასპარეზობს 4 მოთამაშე: კვაჭი ჯო ტაუფეტე’ე (“ვუსტერ უორიორსი”), მეორეხაზელი ნიკ ჩივეტა (“ნიუკასლ ფალკონსი”), ფლანკერი ენდრიუ დურუტალო (“ვუსტერ უორიორსი”) და მგეზავი ეიჯი მაკგინტი (“სეილ შარქსი”).
პრო 14-ში ჰყავთ ორი მოთამაშე: კაპიტანი ბლეინ სქალი (“კარდიფ ბლუზი”) და მეორეხაზელი გრეგ პეტერსონი (“გლაზგო უორიორსი”). პრო დ2-ში და ირლანდიის ჩემპიონატში თამაშობენ ორ-ორი მოთამაშე. მოსე ფუალაუ “კლერმონის” ესპუარებში ირიცხება, ხოლო დინო უალდრენი ინგლისის ქვედა ლიგაში თამაშობს.
გარდა ამისა, “არწივებს” ლეგიონერები ჰყავთ სამხრეთ ნახევარსფეროშიც. შუამარბი მარსელ ბრეჩი ავსტრალიური ფრანჩიზის “ვესტერნ ფორსის” ღირსებას იცავდა, რომელიც წელს სუპერ რაგბიდან გარიცხეს. ახალზელანდიურ “ჰაუკსი ბეი მეგპისში” თამაშობს მესამეხაზელი ტონი ლემბორნი, რომელიც 2016 წელს “ჰარიკეინსში” ირიცხებოდა და სუპერ რაგბიში თამაშობდა.
საქართველოსთან ურთიერთშეხვედრები
“არწივებს” და “ბორჯღალოსნებს” ერთმანეთის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშიათ. სამი შეხვედრა აშშ-მა მოიგო, ორი – ჩვენ.
დრო | ადგილი | ტურნირი | გუნდი | ანგარიში | გუნდი |
21.06.2009 | კოლორადო, აშშ | ჩერჩილის თასი | აშშ | 31:13 | საქართველო |
27.11.2010 | თბილისი, საქართველო | ნოემბრის ტესტები | საქართველო | 19:17 | აშშ |
16.06.2012 | კოლორადო, აშშ | ივნისის ტესტები | აშშ | 36:20 | საქართველო |
16.11.2013 | რუსთავი, საქართველო | ნოემბრის ტესტები | საქართველო | 23:25 | აშშ |
17.06.2017 | კენესო, აშშ | ივნისის ტესტები | აშშ | 17:21 | საქართველო |
უკანასკნელი მატჩები
დრო | ადგილი | ტურნირი | გუნდი | ანგარიში | გუნდი |
10.06.2017 | ჰარისონი, აშშ | ივნისის ტესტები | აშშ | 19:55 | ირლანდია |
17.06.2017 | კენესო, აშშ | ივნისის ტესტები | აშშ | 17:21 | საქართველო |
24.06.2017 | ჰამილტონი, კანადა | 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი | კანადა | 28:28 | აშშ |
01.07.2017 | სან დიეგო, აშშ | 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი | აშშ | 52:16 | კანადა |
18.11.2017 | ვისბადენი, გერმანია | ნოემბრის ტესტები | გერმანია | 17:41 | აშშ |
მომავალ მსოფლიო თასზე
ამერიკელებს არ გაუმართლათ და ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ერთი მატჩის მოგებაც კი ურთულესი იქნება. "არწივების" მეტოქეები ტონგა და ერთბაშად ტიერ 1-ის 3 გუნდი იქნება: არგენტინა, ინგლისი და საფრანგეთი.
იხილეთ აშშ-ის შემადგენლობა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს კოლელიშვილი კი უნდა გარიცხონ ნაკრებიდან @@ ვერ აკონტროლებს ეგ კაცი საკუთარ ნერვებს და თავს და უკვე მერამდენედ დააღალატა გუნდი @@ კიდევ კარგი საერთოდ წითელი ბარათი არ აჩვენეს @
მოკლედ ვისაც ჩვენთან მოგება უნდა მაღალი აბრაგანები უნდა აწიოს თამაშში რეაც შეიძლება ბევრჯერ ! ამ კომპონენტში როგორი სუსტებიც ვიყავით იევე დავრჩით კი არა უარესობისკენ წავედით @ ნამდვილი კატასტროფაა ამ მხრივ ჩვენთაბნ ალბათ მსოფლიოში ერთერთი სუსტები ვართ ისე როგორც შერკინებაში ვართ ერთერთი უძლიერესები @@
ეჰეეეეეეეეეეეეეეი ქართველებო, თქვენ გენაცვალეთ, დავბდღნათ უნდა ამერიკა, დიახ, უნდა დავბდღვნათ, თქვენ გენაცვალეთ.
ძალიან ძლიერი გუნდია ამერიკა და ასე იოლად არ უნდა ვუყუროთ ჩვენზე დიდი ისტორიაც აქვთ და გამოცდილებაც ამას პლიუს ოკეანელი მოთამაშეებიც ბლომად ყავთ ძალიან სწრაფები არიან იაპონელებს არ ჩამოუვარდებიან სისწრაფეში
ყველანი სტადიონზე! მხარი დავუჭიროთ ბორჯღალოსნებს!
ჩემი პროგნოზი (პესიმისტურ სტილში): დაახლოებით 10 ქულით ვიგებთ (+ / - 5 ქულა)
ლელო, ლელო, საქართველო!
მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება დააკმაყოფილებს ჩვენს გაზრდილ მოთხოვნილებებს
ეს თამასა თვითონ ბიჭებმა დააწესეს და აწი შენარჩუნება სჭირდება.
უმოწყალოდ უნდა გადავუაროთ! ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდა, შეიძლება სათქმელად უფრო ადვილია მაგრამ ვითომ რა ეშმაკი უნდა დაგვიდგეს წინ! თითოეული ასეთი თამაშის დიდი ანგარიშით მოგება უფო ომახიანად აბრახუნებს 6 ერის კარზე, ვიდრე რომელიმე უცხოური სტატია.
მაქსიმალური კონცენტრაციით და შემართებით უნდა ვითამაშოთ პირველიდან ბოლო წუთამდე, რომ დიდი ანგარიშით მოვიგოთ, არა გვაქვს უფლება აშშ -ს რაგბის ნაკრები არ გავა-რუსეთ-რუმინეთოდ ! ! !