ქართული

14:22 | 26.09.2017 | ნანახია 4809 - ჯერ

ლექსო ყაულაშვილი და ბორდო: ოპერაცია და კონტრაქტი

„ლა როშელის“ ქართველმა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა ტოპ 14-ის სეზონი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, პირველ ტურში „ბრივის“ წინააღმდეგ მშვენივრადაც ითამაშა, მაკრამ კისრის ტრავმა მიიღო. მას მერე ლექსო გუნდის განაცხადში აღარ გამოჩენილა და თურმე საქმე სერიოზულად ყოფილა.

ორშაბათს ბორდოს ერთ-ერთ კლინიკაში ყაულაშვილს კისერზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მედიკოსების განცხადებით, 25 წლის მარჯვენა ბურჯის სარეაბილიტაციო პერიოდი 8-10 კვირას გასტანს. გამოდის, რომ ლექსო ნოემბრის ბოლომდე თამაშგარე იქნება და ტოპ 14-ის გარდა, ჩემპიონთა თასის 2 საწყის ტურსაც გამოტოვებს. მისი არყოფნა „ლა როშელისთვის“ დიდი დანაკლისია, რასაც გუნდის დამრიგებელმა პატრის კოლაზომ ხაზი გაუსვა.

მაგრამ გარდა ოპერაციისა, ყაულაშვილს ბორდოსთან სხვა ამბებიც აკავშირებს. ავტორიტეტული გამოცემა „მიდი ოლიმპიკი“ კარგა ხნის წინაც წერდა, რომ „ბორდოს“ ხელმძღვანელები ცდილობენ, ახალგაზრდა ქართველი მათთან გადასვლაზე დაიყოლიონ, ახლა კი რეგიონულ ვებსაიტ „სიუდ-უესტის“ სარაგბო რუბრიკაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბორდოელებსა და „ლა როშელის“ ბურჯს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაგვირგვინდა.

საქმეს ხელს ის ფაქტიც უწყობდა, რომ ლექსო ყაულაშვილს ე. წ. JIFF-ის სტატუსი აქვს, რომელიც ენიჭება დაოსტატების ფრანგულ ცენტრებში აღზრდილ მორაგბეებს. ლექსო სარგებლობს აბსოლუტურად ყველა იმ პრივილეგიით, რომელიც ფრანგებს მშობლიურ ჩემპიონატში აქვთ, ანუ ყაულაშვილი არ ითვლება ლეგიონერად მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეა. ამ სტატუსით ასევე სარგებლობს ლევან ჩილაჩავა, ვასილ კაკოვინი, თამაზ მჭედლიძე, კოტე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ზურაბ ჟვანია და კიდევ რამდენიმე სხვა ქართველი მორაგბეც.

როგორც სხვადასხვა ფრანგულ გამოცემაში დაიწერა, ყაულაშვილმა უკვე მოაწერა ხელი „ბორდოსთან“ კონტრაქტს, რომელიც ძალაში მომავალი სეზონიდან შევა. არგუმენტაცია შემდეგია: ბორდოელთა ამჟამინდელ მარჯვენა ბურჯებს, მარკ კლერკსა და ჟან-ბატისტ პუს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებათ, ხოლო საფრანგეთის ნაკრების წევრ ჟეფერსონ პუაროს ჩემპიონი „კლერმონი“ ეპატიჟება და „ბორდოს“ ამ კონკრეტულ პოზიციაზე სერიოზული ნაპრალი უჩნდებაო.

იმასღა დავძენთ, რომ „ბორდოს“ ესპუარებში ორი ქართველი ირიცხება - მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და ბორჯღალოსანი ბურჯი ლაშა ტაბიძე, რომელსაც გასულ სეზონში მთავარი ბორდოული გუნდის წევრობა აქვს დაჭაშნიკებული. გარდა ამისა, მომავალი სეზონიდან „ბორდოში“ იქნება საქართველოს ნაკრების 8 ნომერი ბექა გორგაძეც, ვინც ამჟამად „მონ-დე-მარსანის“ ესპუართა გუნდშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:29 | 26.09.2017
dede (87)

მართალია რომ ყაულაშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა?

22:38 | 26.09.2017
miriani (151)

თუ უარი თქვა სკატერციუ დაროგა.... მაგის პოზიციაზე რო არჩევანი გვაქვს ნეტა ისე უკანა ხაზში გვქონდეს საქმე...

14:43 | 26.09.2017
zangura (109)

კიი, საფრანგეთის ნაკრებს უმიზნებს ბიჭი..

17:15 | 26.09.2017
buratino (480)

ჩვენთან მის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ, ნამეტანი დიდხანს არ მოუწიოს მოცდა საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე ...

11:56 | 27.09.2017
zangura (109)

ელოდოს ელოდოოს

16:31 | 26.09.2017
BEERTRANCE (1073)

საწყენია.

0.079169