ამბები

19:55 | 21.09.2017 | ნანახია 3075 - ჯერ

ბათუმის ევროკალენდარი ცნობილია
ბათუმის ორი გასვლა იტალიაში და შინ - გერმანელებთან და რუმინელებთან

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ‘ბათუმი’, სამ კვირაში ‘ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე’ პირველ შეხვედრას იტალიურ ‘როვიგოსთან’ სტუმრად გამართავს.

ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი ‘ჩელენჯ ქაფის’ შესარჩევი ეტაპია. ტურნირი (სხვვა სახელით) 2014 წელს დაარსდა და პირველ წელს მასში მონაწილეობა ქართული კლუბების ნაკრებმა - ‘თბილისის კავკასიელებმა’ მიიღო. მაშინ ტურნირი პლეი ოფის სისტემით ჩატარდა და ‘კავკასიელებმა’ იტალიურ ‘როვიგოსთან’ ორი თამაში გამართეს (სტუმრად 18:22, თბილისში 21:24).

მას შემდეგ შეჯიბრი 3-ჯერ ჩატარდა და ფორმატმა რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. მონაწილე გუნდების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდებოდა, თუმცა უსახსრობის გამო ქართული კლუბები მასში მონაწილეობას ვერ ახერხებდნენ.

დიდი 10-ის გასული სეზონის შედეგების მიხედვით, ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ეტაპზე, რომელმაც სრულფასოვანი ტურნირის სახე 2015 წლიდან მიიღო, ხოლო შარშან სახელიც შეიძინა („ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი“), ჩემპიონ გორის ‘ჯიქს’ უნდა ეთამაშა, თუმცა ევროთასებში მონაწილეობისთვის საჭირო თანხის გამონახვა ვიცე-ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ მოახერხა და საქართველოს სახელს ამ ტურნირში ზღვისპირელები დაიცავენ.

2017/2018 წლების ‘კონტინენტის ფარზე’ 10 გუნდი მონაწილეობს. პირველ, ჯგუფურ ეტაპზე 4 იტალიური გუნდი - ‘როვიგო’, ‘ვიადანა’, ‘პეტრარკა’ და ‘კალვიზანო’, ასევე რუმინეთის ჩემპიონი ‘ტიმიშოარა-სარასენსი’, გერმანიის ჩემპიონი ‘ჰაიდელბერგი’, პორტუგალიის ჩემპიონი ‘ლისაბონის უნივერსიტეტი’ და დიდი 10-ის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ‘ბათუმი’ ითამაშებენ. 8 გუნდი ორ 4-გუნდა ჯგუფში განაწილდა და თითოეულ გუნდს საპირისპირო ჯგუფის ოთხეულთან მოუწევს თამაში (ორი თამაში სტუმრად, ორი შინ).

რაგბის კლუბი ბათუმი ‘ბ’ ჯგუფში ‘კალვიზანოსთან’, ‘ლისაბონის უნივერსიტეტთან’ და ‘პეტრარკასთან’ მოხვდა. შესაბამისად, მისი მეტოქები ‘ა’ ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან: ‘ტიმიშოარა-სარასენსი’, ‘როვიგო, ‘ვიადანა’ და ‘ჰაიდელბერგი’. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე პლეი ოფში გადის და იანვარში „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო „ბ“ ჯგუფის გამარჯვებული „ა“ ჯგუფის მეორეადგილოსანს შინ და გარეთ ეთამაშება.

წყვილებს შორის გამარჯვებულები აპრილში ასევე შინ და გარეთ ორ თამაშს გამართავენ. ამავე ეტაპიდან ტურნირში ერთვებიან რუსეთის კლუბები - ‘ენისეი’ და ‘კრასნი იარი’ (წელს ისინი ჩელენჯ ქაფზე თამაშობენ), რომლებიც ურთიერთშეხვედრაში მეორე „კონტინენტის ფარის“ მეორე ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტები 2018/2019 წლების ჩელენჯ ქაფის საგზურს მიიღებენ, „კონტინენტის ფარის“ გამარჯვებული კი 2018 წლის მაისში, ბილბაოში გამოვლინდება.

‘ბათუმი’ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში იტალიაში ‘როვიგოსთან’, 14 ოქტომბერს გამართავს, 21 ოქტომბერგს ‘ჰაიდელბერგს’ ბათუმში მიიღებს, 9 დეკემბერს კიდევ ერთხელ ჩავა იტალიაში და ‘ვიადანას’ შეხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 16 დეკემბერს, ბათუმში ‘ტიმიშოარა-სარასენსთან’ მატჩით დაასრულებს.

დავით გუგუშვილი - ბათუმის მწვრთნელი მომავალი მატჩების შესახებ:

რათქმაუნდა იტალიურ გუნდებთან შინ თამაში გვერჩივნა, მაგრამ კალენდარი ჩვენი შესარჩევი არ იყო. ჩვენ ამ ტურნირზე პირველად ვმონაწილეობთ. თუ არ ჩავთვლით ‘ჰაიდელბერგს’, სამი თანაბარი, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. რთული შეხვედრები გველის, თუმცა იმედიანად ვართ და ვეცდებით პლეი ოფის საგზური მოვიპოვოთ. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არავისთან არაფერს დავთმობთ და არავისთვის ვიქნებით საჩუქარი.

‘კონტინენტის ფარზე’ პირველი მატჩი იტალიაში, ‘როვიგოს’ წინააღმდეგ

ვუყურეთ ‘როვიგოსა’ და ‘ვიადანას’ შეხვედრას. ‘როვიგო’ უფრო დაბალანდებული გუნდია, კარგად თამაშობს როგორც შერკინებით, ასევე ხაზით. გვეუბნებიან, რომ იტალიელებს ქართული ხასიათი აქვთ, თუმცა ვფიქრობთ, შერკინებაში ხელმოცარულები არ დავრჩებით და ჩვენი სწრაფი უკანახაზელებიც არაფერს დათმობენ. რა თქმა უნდა გვაქავს სხვა კოზირებიც და იმედია, პირველ მატჩში წარმატებას მივაღწევთ.

შემდეგ ბათუმში ‘ჰაიდელბერგს’ მივიღებთ...

ევროთასებში მონაწილეობის გამოცდილება ჩვენს გარდა ყველა გუნდს აქვს, მათ შორის ‘ჰაიდელბერგსაც’. ვნახეთ მათი შეხვედრების ჩანაწერი, ზორბა ბიჭები ყავთ, თუმცა სისწრაფებში მოიკოჭლებენ და დანარჩენებზე სუსტი გუნდია.

‘ვიადანასთან’ სტუმრად თამაშის შემდეგ, ჯგუფურ ეტაპს ბათუმში, ‘ტიმიშოარა-სარასენსთან’ შეხვედრით ასრულებთ...

‘ტიმიშოარა-სარასენსი’ და ‘როვიგო’, ჩვენს მეტოქეებს შორის ყველაზე გამოცდილი გუნდები არიან. რუმინელებს სწრაფი და ტექნიკური ბიჭები ყავთ, მათ შორის ლეგიონერები კუნძულებიდან - ფიჯიდან და ტონგადან. ისინი ყოველთვის წარმატებით გამოდიოდნენ ევროტურნირებში, თუმცა ჩვენ არავისთან არაფერს დავთმობთ და იოლი მეტოქე არავისთვის ვიქნებით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

ევროთასებზე პირველად თამაში....

ადრე ბათუმის ‘დათვები’ თამაშობდა ევროთასზე და ამ შეხვედრებში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ის სულ სხვა ტურნირი იყო. ზაფხულში გამოცდილი მოთამაშეები დავიმატეთ, ერთი გუნდის სახელით არა, თუმცა სათითაოდ ამ ბიჭებს უცხოელების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება ნამდვილად არ აკლიათ. როგორც მინიმუმ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მაინც, თითქმის ყველა მათგანი იყო. ახლა მთავარია კარგად მოხდეს ამ ბიჭების შეთამაშება, ევროთასების შეხვედრებს ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდეთ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

‘როვიგოსთან’ მატჩამდე დიდი 10-ის სამი ტურია. ამ შეხვედრებს ევროტურნირისთვის მოსამზადებლად გამოიყენებთ?

ამ ეტაპზე ევროთასებზე ნაკლებად ვფიქრობთ. ჩვენთვის მთავარი ყოველთვის ის თამაშია, რომელიც უახლოეს შაბათ-კვირას გველის და ასე იქნება ამჯერადაც. ‘როვიგოსთან’ მატჩზე მხოლოდ მათთან შეხვედრის კვირაში ვიმუშავებთ, მანამდე კი, დიდი 10-ია. მეორეს მხრივ, კარგია, რომ იტალიელებთან მატჩამდე დიდი 10-ის 6 შეხვედრა გვექნება ჩატარებული. ეს გუნდის შეთამაშებაში და პრობლემების აღმოფხვრაში დაგვეხმარება. იმედია იტალიაში გამგზავრებისას ფორმის პიკში ვიქნებით.

ამ შაბათს იტალიის ჩემპიონატიც იწყება

დიახ და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით კონკურეტების თამაშს. თვალს ვადევნებთ რუმინეთის სუპერ-ლიგას და ‘ტიმიშოარა-სარასენსის’ შეხვედრებსაც.

რა იქნება ‘ბათუმის’ კოზირი მომავალ შეხვედრებში?

ნებისმიერ მეტოქესთან სიტუაციიდან გამომდინარე ვითამაშებთ. შევისწავლით ყველა მოწინააღმდეგეს და სათამაშო გეგმასაც ამის მიხედვით შევადგენთ. მართალია სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, მაგრამ გვყავს ლიდერები, რომელთა გარშემოც გუნდი შეიკვრება და ევროთასებზეც კარგად წარვსდგებით.

2017/2018 წლების კონტინენტის ფარი

ჯგუფური ეტაპი

14 ოქტომბერი

გასვლა - როვიგო (იტალია) - ბათუმი (საქართველო)

21 ოქტომბერი

შინ - ბათუმი (საქართველო) - ჰაიდელბერგი (გერმანია)

9 დეკემბერი

გასვლა - ვიადანა (იტალია) - ბათუმი (საქართველო)

16 დეკემბერი

შინ - ბათუმი (საქართველო) - ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:04 | 22.09.2017
geogoli (367)

წარმატებები ბათუმს, იმედია თამაშები ბათუმში ჩატარდება და ბევრი მაყურებელიც მივა (ნუ რაც ეტევა)

12:45 | 22.09.2017
buratino (480)

წარმატებები "ბათუმს"

10:23 | 22.09.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

22:00 | 21.09.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბათუმელებო ! ! !

21:18 | 21.09.2017
თორღვა პანკელი (387)

როგორც არ უნდა გამოხვიდეთ და როგორც არ უნდა ითამაშოთ ამ ტურნირზე, ვიცი რომ ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლებთ. დიდ გამოცდილებას მიიღებთ და მჯერა წარმატებასაც მიაღწევთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ლომებო. რაგბი ჩვენი თამაშია!

20:42 | 21.09.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.083863