ქართული

20:06 | 30.06.2017 | ნანახია 3927 - ჯერ

გურამ გოგიჩაშვილი: 5 წელი მსოფლიომდე (+VIDEO)

საქართველო ბურჯების საბადოა და ამ მხრივ წამყვანი სარაგბო ქვეყნებიც კი შურის თვალით გვიყურებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში, არ არსებობს გუნდი, რომელიც შერკინებაში დაგვიდგება და ამ კომპონენტში უპირატესობის მოპოვებას შეძლებს.

ეს ტრადიცია გრძელდება. მით უმეტეს, რომ საქართველოში რაგბი რეგიონებშიც ვითარდება და ჩვენს ახალგაზრდულ თუ ეროვნულ ნაკრებს ჯანიანი ბიჭები არ მოაკლდება.

ამის მაგალითი 19 წლის გურამ გოგიჩაშვილია, რომელმაც რაგბის თამაში 4-5 წლის ხაშურში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ რეგიონში რაგბის გუნდი დაარსდა და ცოტა ხნის წინ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიას ლამაზი ლელო დაუდო: დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ დაახლოებით 40 მეტრი ხელდახელ შეტევით ვიარეთ, თედო აბჟანდაძემ ბურთი ბურჯ გურამ გოგიჩაშვილს შეაყოლა, რომელმაც მეტოქის დაცვის ხაზი 5-მეტრიანთან გაგლიჯა და მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, რის შემდეგაც ტაიმი 10:7 მოვიგეთ.

ხაშურში გუნდი არ იყო

ეს ლელო არ შედგებოდა, 2012 წლის მიწურულს ხაშურში რაგბის გუნდი "ლეგიონი" რომ არ დაარსებულიყო. გოგიჩაშვილი 6 წელი ძიუდოზე დადიოდა და მისთვის მიმზიდველ რაგბის მხოლოდ ტელევიზორში უყურებდა.

„რაგბი ბავშვობიდან მომწონდა, მაგრამ ხაშურში გუნდი არ იყო ძიუდოზე დავდიოდი. როგორც კი ჩემს ქალაქში რაგბის სექცია გაიხსნა, მეგობრებთან ერთად მივედი. ჩვენთვის ეს გართობა იყო, დრო გაგვყავდა, მაგრამ მალევე მოვიწამლე. რაგბი გუნდური სპორტია, ჩემს ხასიათში იჯდა და გადავწყვიტე საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. ხაშურის "ლეგიონში" ჩემი მწვრთნელები დავით სტეფანოვი და არსენ გიორგაძე იყვნენ, რომლებმაც რაგბის ანი-ბანი შემასწავლეს და ეს სპორტი კიდევ უფრო შემაყვარეს“ - იხსენებს რაგბში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს გურამ გოგიჩაშვილი.

ახალგაზრდა მორაგბემ ‘ლეგიონის’ შემადგენლობაში ჭაბუკთა „ბ“ ლიგაში ორი სეზონი ითამაშა და უსაქმოდ დარჩენა ემუქრებოდა, რადგან ჭაბუკთა „ა“ ლიგაში სათამაშოდ ხაშურში საჭირო რაოდენობის ახალგაზრდები ვერ მოიძებნა. მაგრამ რაგბის სიყვარულმა პრობლემები დაძლია და მწვრთნელების, ასევე ვეტერანი მორაგბე თემურ რუხაძის რჩევით გოგიიჩაშვილმა თბილისის "ლოკომოტივს" მიაშურა და განვითარება რკინიგზელთა კლუბში გააგრძელა.

პირველი კვართი

ნიჭიერი ბურჯის შესაძლებლობები, რომელიც ღია თამაშშიც აქტიურად ერთვებოდა, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს არ გამოპარვიათ და გურამმა შარშან "რაგბი ევროპის" 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა, რის შემდეგაც 20-წლამდელთა შეკრებაზე უხმეს:

„პირველი სანაკრებო კვართი ჯერ კიდევ ხაშურში თამაშისას მოვირგე. 18-წლამდელთა ნაკრებისთვის სელექციის პროცესი მიმდინარეობდა, საქართველოში სამხრეთ აფრიკის გუნდი ჩამოვიდა და საქართველოს რაგბის აკადემიის დასავლეთის გუნდში დამიძახეს. ეს 2 წლის წინ იყო და მაშინ 18-წლამდელთა ნაკრებში ვერ მოვხვდი, მაგრამ გული არ გავიტეხე, "ლოკომოტივში" მეტი მონდომებით ვემზადებოდი, ნაკრების მწვრთნელები ჩემი განვითარებით კმაყოფილი იყვნენ და შარშან ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე“.

სექტემბრიდან გოგიჩაშვილი 20-წლამდელთა შეკრებაზე გამოცხადდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 8-თვიანი, უმძიმესი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა.

„ძალიან მძიმე 8 თვე იყო. 3-დღიანი მენტალური შეკრება ბიჭებმა ერთმანეთის მხარში დგომით გადავლახეთ. სამაგიეროდ მომემატა თავდაჯერება, დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია. ვიყავი ბრიტანულ ტურნეზე და "ალსთერისა" და შოტლანდიის ნაკრებები დავამრცხეთ. მარტიდან შეკრებები კიდევ უფრო გახშირდა, გაიზარდა ფიზიკური დატვირთვები, სამი თამაში გვქონდა ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიის გუნდთან, რამაც ჩვენი გამოცდილება კიდევ უფრო გააღრმავა. თუმცა დავინახეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრად უფრო მაღალი დონის მეტოქეები გვყავდა, ვიდრე შეკრებებისას და ვფიქრობ, შედეგი უკეთესი გვექნებოდა, ამ დონის გუნდებთან მანამდეც რომ გვეთამაშა“ - ამბობს გოგიჩაშვილი და ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზის პერსონალის მადლიერია, რადგან შეკრებისას მათგან დიდ თანადგომას გრძნობდა:

„საუკეთესო პირობები გვქონდა: კვება, სისუფთავე, ყველაფერი იდეალური იყო. "შევარდენის" ბაზის პერსონალი მაქსიმუმს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენ მხოლოდ ვარჯიშზე გვეფიქრა. ისინი მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ. ვარჯიშებიც კარგად იყო დაგეგმილი. ფიზიკურად ისე მოვემზადეთ, რომ ამ კომპონენტში მსოფლიოზე არცერთ გუნდს არ ჩამოუვარდებოდით“.

ნამდვილი რაგბი

ყველა ქართველი მორაგბე, რომლებსაც ამ ორი წლის განმავლობაში 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უთამაშია ერთხმად აღნიშნავს, რომ ნამდვილ რაგბს სწორედ აქ ეზიარენ და გამონაკლისი არც გოგიჩაშვილია. მან ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო, ორჯერ შეცვლაზე შევიდა და დასკვნით მატჩში ირლანდიას ლელოც გაუტანა:

„არგენტინასთან პირველი მატჩისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაგბს პირველად ვთამაშობდი. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი ჩემს კარიერაში და ბედნიერი ვარ საქართველოს სახელით ასეთი დონის ტურნირი რომ ვითამაშე. მე გაისადაც მიწევს 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაში და ეს გამოცდილება აუცილებლად გამომადგება.

ფორმის პიკში დასკვნით ორ მატჩში - არგენტინასთან და ირლანდიასთან. გვქონდა შანსი, რომ მე-9 ადგილზე გავსულიყავით, ირლანდიის დამარცხება შეიძლებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მწვრთნელები მთელი 8 თვის განმავლობაში კონცენტრაციაზე გვესაუბრებოდნენ, რის გარეშეც ასეთი დონის გუნდებს უბრალოდ ვერ დაამარცხებ, მაგრამ ირლანდიასტან გარკვეული დროით სწორედ კონცენტრაცია დავკარგეთ. ვფიქრობ, ამ გამოცდილების ფონზე გაისად უფრო მეტად ვიქნებით კონცენტრირებული და შედეგიც უკეთესი გვექნება.

მთლიანობაში, ირლანდიასთან მატჩისას დიდი სიამოვნება მივიღე. ამას მხოლოდ ლელოს გამო არ ვამბობ, ის მთელი გუნდის დამსახურებაა. სასიამოვნო იყო ის, რომ გაშლილი რაგბი ვითამაშეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო არგენტინასთან გამარჯვება. ეს იყო თანაბარი ბრძოლა, სადაც ჩვენ გამარჯვების მეტი სურვილი გვამოძრავებდა. თამაშამდე ბიჭებმა ერთმანეთში ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ წაგების უფლება არ გვქონდა, მწვრთნელების მითითებები შევასრულეთ და ამან შედეგი მოგვიტანა“.

რეალურად მეთექვსმეტე

გოგიჩაშვილი აღფრთოვანებულია იმ ატმოსფეროსი, რომელიც გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე შექმნეს და მათ მე-16-ეს როლის შესრულებიისთვის დიდ მადლობას უხდის:

„საქართველოში თამაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. გულშემატკივარმა გადამწყვეტ მომენტში ძალიან დაგვეხმარა და რეალურად შეასრულა მე-16 მოთამაშის როლი. ვფიქრობ, მათ გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა გაჭირდებოდა. ტრიბუნები მთელი თამაში არ ჩერდებოდა და მათი შეძახილები ძალას გვმატებდა. ამდენი მაყურებლის წინაშე პირველად ვითამაშე და თავიდან დაძაბული ვიყავი, თუმცა ენით აუღწერელი შეგრძნებაა, როდესაც მათ წინაშე დგახარ და შენი ქვეყნის ჰიმნს მღერი. ამაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არ განმიცდია“ - ამბობს 19-წლის ბურჯი და ფიქრობს, რომ მაღალი დონის ჩემპიონატი ნაკრებ გუნდს ამ დონეზე თამაშს გაუადვილებს:

„საქართველო პატარა ქვეყანაა, რაგბში ახლა იდგამს ფეხს და ნაკრების სელექციისას მწვრთნელებს ისეთი არჩევანი არ აქვთ, როგორიც სხვა ქვეყნის ნაკრებებს. მეორე პრობლემა შიდა ჩემპიონატის დონეა. დიდ 10-ს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მოწინავე ათეულის გუნდების მორაგბეები ბევრად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში ვითარდებიან. თუ გვინდა სწრაფად განვვითარდეთ, აუცილებელია ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონემ აიწიოს და მერე შედეგებიც უკეთესი იქნება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:53 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (8)

მაგრად მწყინს როცა საჯიშე ქართველები მიდიან საქართველოდან. ეს აშშ წავიდა და იქ დაფუძნდა. ლაბაძე, ზედგენიძე, ზირაქიშვილი და ბევრი სხვა მორაგბე კარგა ხანშია საფრანგეთში ცხოვრობენ და იქაური მოქალაქეობა მიიღეს. სპორტის სხვა სახეობებშიც მასეა. მარტო სპორტსმენები არ რჩებიან, ბევრი მეცნიერი, ექიმი, მომღერალი, ხელოსანი... სამუდამოდაა წასული საქართველოდან ევროპაში, აშშ, ავსტრალიაში, თურქეთში, რუსეთში... ისინი და მისი შვილები სამუდამოდ დაკარგულია საქართველოსათვის. მარტო სპორტში - ჯიქიამ რუსეთის ნაკრები არჩია საქართველოს ნაკრებს (ფეხბურთი), ასეთები კიდევ ბევრია, მე მხედველობაში არ მყავს იქ დაბადებულებზე, რომლებსაც დედა არა ქართველი ყავს, არამედ აქედან წასული ქართველები მყავს მხედველობაში. ბევრი მერე რუსეთის პოლიტიკას ამართლებენ და რუსეთზე ჭკუა ეკეტებათ (ვინც რუსეთშია - პოლიტიკოსი, მომღერალი, სპორტსმენი, ბიზნესმენი...). ნახეთ რაგბში რაფავას შვილი ელოდება მიიღებენ თუ არა ინგლისის ნაკრებში, თუ არა მერე იფიქრებს საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ბევრია ასეთი. მე მათ არ ვამტყუნებ, მე მწარე სიმართლეს ვამბობ. გული მტკივა, გასკდომაზეა როცა ვფიქრობ რა მოყვება ამას - ერის განადგურება და ჩვენი გენის დაღუპვა. ტირილი მინდება. შობადობა ძლიერ დაეცა. ვინცაა ისინიც გაქცევისკენაა მიმართული. ჩვენ კი სომხები არა ვართ, საუკუნეების მერეც, რა ერზეც არ იყოს დაქორწინებული მაინც მათი შთამომავლობა სომხებად რჩებიან, ქართველი კი რამდენიმე წელიდაში (ყველა არა, მაგრამ დიდი უმრავლესობა კი) კარგავს ქართველობას.

21:57 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (8)

ამაზე ვამბობstripslashes((strlen('http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula')>0?' http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula':' http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula'))

13:55 | 01.07.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე

09:27 | 01.07.2017
temuchin (431)

მაგარი ბიჭია ნამდვილად, წარმატებები ლომო!

21:24 | 30.06.2017
krasni (587)

ნამდვილად კარგი მორაგბე დადგება. წარმატებები.

21:02 | 30.06.2017
geogoli (367)

მაგარი ბიჭია და კარგადაც ითამაშა. იმედია საფრანგეთშიც მალე წავა

0.077887