ქართული

22:44 | 26.06.2017 | ნანახია 4417 - ჯერ

თედო აბჟანდაძე - უმცროსი უმცროსებს შორის

თედო აბჟანდაძე - ეს სახელი და გვარი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ ქართული რაგბის ქომაგისთვის ნაცნობი და ახლობელი გახდა.

უმცროსი ბორჯღალოსნების ყველაზე უმცროსი წევრი ჩემპიონატის დაწყებისას ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და 13 ივნისს, 18 წლის იუბილე არგენტინის დამარცხებით აღნიშნა.

რაგბმა ფეხბურთი გადაწონა

აბჟანდაძემ რაგბის თამაში მშობლიურ ქუთაისში, ქართული რაგბის ერთ-ერთ ფლაგმან ‘აიაში’ 8-9 წლისამ დაიწყო და მისი პირველი მწვრთნელები რამაზ სვანაძე და ალეკო ნიქაბაძე იყვნენ.

„სკოლაში, კლასში ვიჯექი, როდესაც რამაზ სვანაძე შემოვიდა და ბიჭებს გვითხრა, რომ რაგბის წრე იხსნებოდა, ვისაც სურვილი გვქონდა, შეგვეძლო უფასოდ გვევარჯიშა და ტურნირებშიც მივიღებდით მონაწილეობას. ამ დროს ფეხბურთზე დავდიოდი, თუმცა იდეა მომეწონა და პარალელურად რაგბზეც დავიწყე სიარული“ - იხსენებს რაგბში მისვლის დღეს აბჯანდაძე და აგრძელებს:

„მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ არც ფეხბურთისთვის დამენებებინა თავი და თუ საბოლოოდ არჩევანს რაგბზე შევაჩერებდი, ეს ფეხით თამაშის დახვეწაში დამეხმარებოდა. დაახლოებით 2 წელი ორივე სპორტზე დავდიოდი, თუმცა რაგბი უფრო მომწონდა, ალბათ, მისი თამაში უკეთაც გამომდიოდა და საბოლოოდ არჩევანი რაგბზე შევაჩერე. რაგბის თამაშისას უფრო ლაღი ვიყავი, მეტად ვერთობოდი, სკოლისა თუ უბნის მეგობრებმაც რაგბი აირჩიეს და არჩევანის გაკეთებისას ბევრი არ მიფიქრია“.

‘აია’ + რაგბის აკადემია

მას შემდეგ, რაც ქუთაისში საქართველოს რაგბის აკადემიის დასავლეთის ფილიალი გაიხსნა, თედოს, როგორც ერთ-ერთ ნიჭიერ მორაგბეს აკადემიის სივრცეში უხმეს და კლუბში ვარჯიშის პარალელურად, 2 წლის განმავლობაში უნარებს აკადემიაში ხვეწდა.

„აკადემიაში ლევან შარვაშიძე, ირაკლი დგებუაძე და გიგა გურეშიძე კვირაში ორჯერ გვავარჯიშებდნენ, დასავლეთის აკადემიის გუნდის შემადგენლობაში ინგლისური და რუმინული კლუბების წინააღმდეგაც ვითამაშე. ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო თამაშები და დიდი გამოცდილება შევიძინე. მთლიანობაში, აკადემიაში ჩატარებული ვარჯიშები განვითარებაში და უნარების დახვეწაში დამეხმარა“ - ამბობს აბჟანდაძე.

სულ სხვა დონეზე

17 წლის აბჟანდაძეს, რომელიც უკვე ‘აიას’ პირველ გუნდში თამაშობდა, შარშან 20-წლამდელთა ნაკრებში უხმეს და 2017 წლის ჩემპიონატისთვის სექტემბრიდან ემზადებოდა. მან უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად ყველა შეკრება გაიარა, თუმცა ამა წლის მარტში 18-წლამდელთა ნაკრებში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც გუნდთან ერთად ფინალში გავიდა.

საფრანგეთში ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ის კვლავ 20-წლამდელებს შეუერთდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭეშმარიტი რაგბი დააჭაშნიკა:

„რადგან გუნდთან ერთად ყველა შეკრება გავლილი მქონდა, შეთამაშების მხრივ პრობლემა არ შემქმნია, თუმცა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დონე, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დონესთან ახლოსაც ვერ მივა და ამ მხრივ გადართვა გამიჭირდა. ეს მარტო ჩემი კი არა, ალბათ მთელი გუნდისთვის პრობლემა იყო და ტემპთან შესაგუებლად და გასახსნელად ორი თამაში დაგვჭირდა.

ასეთი დონის ტურნირზე აქამდე არასდროს მითამაშია და უკანასკნელ 3 კვირაში ძალიან გავიზარდე. მოვძლიერდი ფიზიკურად, განვვითარდი ინდივიდუალურად და ბევრი რამ ვისწავლე, როგორც ჩვენი, ასევე სხვა ნაკრებების თამაშებიდან“.

გამარჯვება დაბადების დღეზე

13 ივნისს თედო აბჟანდაძე სრულწლოვანი გახდა - 18 წელი შეუსრულდა. ამ დღეს ის მოედანზე გავიდა და ტურნირის მეოთხე მატჩში არგენტინასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რომლის შემდეგაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მესამე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში უფლება მოიპოვეს.

„სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება არგენტინასტან ჩატარებული მეორე მატჩი და ისტორიული გამარჯვება. ამ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, სრულწლოვანი გავხდი, თამაშის შედეგს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა და ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს 20-წლამდელთა ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც არგენტინის ნაკრები დაამარცხა. ეს ყველაფერი მოხდა გულშემატკივრის დიდი კრიტიკის ფონზე, მაგრამ განვლილი 3 მარცხი ამ გამარჯვებამ გადაწონა და ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ გულშემატკივრის ფაქტორმა განაპირობა, რომელიც მთელი 80 წუთი გაუჩერებლად გვქომაგობდა და დიდ სტიმულს გვაძლევდა.

ძალიან მაგარი ქომაგობა გვქონდა ბოლო, ირლანდიასთან მატჩისას, რომელშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვების შანსიც გვქონდა, მაგრამ... ჩვენ მასში ყველაფერი ჩავდეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში 2 ლელო მივიღეთ და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. არგენტინასთან ერთად, ირლანდიასთან გამართული ეს შეხვედრაც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება“.

მორაგბე და ექიმი

თედო აბჟანდაძე კარგი მორაგბე და კარგი მგეზავია. პარალელურად, ის კარგი მოსწავლეა და დიდი ალბათობით, მომავალში კარგი ექიმი დადგება. 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ და მისი მსვლელობის პერიოდში, აბიტურიენტი მორაგბე აქტიურად მეცადინეობდა და ივლისში ეროვნულ გამოცდებზე გავა.

„სწავლა ბავშვობიდან მიყვარს, ვცდილობდი კარგად მოვმზადებულიყავი და წელს სამედიცინოზე ვაბარებ. ვნახოთ როგორ გამომივა. მართალია მასწავლებლებთან ვერ დავდიოდი, თუმცა შეკრებისას თავისუფალ დროს მეცადინეობაში ვატარებდი და იმედია სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებით ჩემს ოცნებას ავიხდენ.

სწავლა და განათლება რაგბის თამაშშიც მეხმარება. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მორაგბეს განათლება თამაშს მნიშვნელოვნად უადვილებს. თუ ადრე რაგბი ძალისმიერი, ღონეზე ორიენტირებულ თამაშად მიიჩნეოდა, ახლა ყველა თანხმდება, რომ მორაგბისთვის აზროვნება გადამწყვეტია. როდესაც მოედანზე ხარ, გადაწყვეტილება წამის მეასედებში უნდა მიიღო და სწავლა, გონების მუდმივი ვარჯიში სწორედ ამაში გეხმარება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:54 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (8)

მაგრად მწყინს როცა საჯიშე ქართველები მიდიან საქართველოდან. ეს აშშ წავიდა და იქ დაფუძნდა. ლაბაძე, ზედგენიძე, ზირაქიშვილი და ბევრი სხვა მორაგბე კარგა ხანშია საფრანგეთში ცხოვრობენ და იქაური მოქალაქეობა მიიღეს. სპორტის სხვა სახეობებშიც მასეა. მარტო სპორტსმენები არ რჩებიან, ბევრი მეცნიერი, ექიმი, მომღერალი, ხელოსანი... სამუდამოდაა წასული საქართველოდან ევროპაში, აშშ, ავსტრალიაში, თურქეთში, რუსეთში... ისინი და მისი შვილები სამუდამოდ დაკარგულია საქართველოსათვის. მარტო სპორტში - ჯიქიამ რუსეთის ნაკრები არჩია საქართველოს ნაკრებს (ფეხბურთი), ასეთები კიდევ ბევრია, მე მხედველობაში არ მყავს იქ დაბადებულებზე, რომლებსაც დედა არა ქართველი ყავს, არამედ აქედან წასული ქართველები მყავს მხედველობაში. ბევრი მერე რუსეთის პოლიტიკას ამართლებენ და რუსეთზე ჭკუა ეკეტებათ (ვინც რუსეთშია - პოლიტიკოსი, მომღერალი, სპორტსმენი, ბიზნესმენი...). ნახეთ რაგბში რაფავას შვილი ელოდება მიიღებენ თუ არა ინგლისის ნაკრებში, თუ არა მერე იფიქრებს საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ბევრია ასეთი. მე მათ არ ვამტყუნებ, მე მწარე სიმართლეს ვამბობ. გული მტკივა, გასკდომაზეა როცა ვფიქრობ რა მოყვება ამას - ერის განადგურება და ჩვენი გენის დაღუპვა. ტირილი მინდება. შობადობა ძლიერ დაეცა. ვინცაა ისინიც გაქცევისკენაა მიმართული. ჩვენ კი სომხები არა ვართ, საუკუნეების მერეც, რა ერზეც არ იყოს დაქორწინებული მაინც მათი შთამომავლობა სომხებად რჩებიან, ქართველი კი რამდენიმე წელიდაში (ყველა არა, მაგრამ დიდი უმრავლესობა კი) კარგავს ქართველობას.

22:00 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (8)

ამაზე ვამბობstripslashes((strlen('http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula')>0?' http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula':' http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula'))

19:49 | 27.06.2017
პანტელეიმონი (1218)

სასიხარულოა, რომ კიდევ ორ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას თედო და უდიდეს გამოცდილებას დააგროვებს.

15:46 | 27.06.2017
buratino (480)

მაგარია ბიჭია ეს და თუ დაუღალავად იშრომებს, დიდ რაგბს ითამაშებს. ჩვენი 20 წლამდელების თამაშებს რომ დავესწარი, აშკარად მივაქციე იმ ფაქტს ყურადღება რომ თედო ტვინით თამაშობს, ეს კი თანამედროვე რაგბში უმნიშვნელოვანესია!
მოკლედ, მჯერა რომ თუ ზრდას გააგრძელებს, ეს ბიჭი და მინიმუმ კიდევ 2 მოთამაშე (აფრასიძე, სპანდერაშვილი და იქნებ სხვაც) 2019 წლის მსოფლიოზე იქნებიან ნაკრების შემადგენლობაში

15:14 | 27.06.2017
Kala94 (151)

დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს ! წარმატებები თედო !

14:37 | 27.06.2017
temuchin (431)

ძალიან მეიმედება ამ ბიჭის, წარმატებები თედო!!! განათლებული სპორტსმენები თუ ტრენდი გახდება მაგაზე მაგარი რაღა შეიძლება მოხდეს?

14:37 | 27.06.2017
BEERTRANCE (1073)

აი ეგ მიხარია, რომ სწავლის მნიშვნელობა ესმის. იმედია მაინც რაგბს გაყვება.

13:56 | 27.06.2017
krasni (587)

თედოს ნიჭიერება ეტყობა და მთავარია არც შრომა ეზარება. კარგი ათიანი ეზრდება ნაკრებს.

0.087654