სიახლეები

23:33 | 18.06.2017 | ნანახია 3644 - ჯერ

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბოლო დღე: ავჭალის ამბები

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნითი სათამაშო დღის ერთ ნაწილზე, ანუ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩებზე უკვე დავწერეთ. ახლა კი, ავჭალაში ჩატარებულ შეხვედრებზე ვისაუბრებთ.

ვაკის მსგავსად, ავჭალაში სამი დაპირისპირება შედგა და სამივე ძალიან საინტერესო გამოდგა, მაგრამ პარალელური მატჩების გამო აშკარად დაიჩაგრა. პირველი შეხვედრა სამოას და არგენტინის ნაკრებებს შორის გაიმართა. “პუმებმა” როგორც მოსალოდნელი იყო გამარჯვება მოიპოვეს და ტურნირი XI ადგილზე დაასრულეს, ხოლო სამოა ელიტიდან გავარდა და გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.

არგენტინამ პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე 4-ჯერ დაალელოვა და ერთი ჯარიმა გაუტანა, ხოლო სამოამ ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხა და ტაიმი 7:31 დასრულდა. მეორე ნახევარი ძალიან მხიარული სანახავი გამოდგა და მაყურებელმა სამოელთა ხუთი, ხოლო არგენტინელთა სამი ლელო იხილა და საბოლოოდ შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით 42:53 დასრულდა.

V ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს შოტლანდია და ავსტრალია დაუპირისპირდნენ. შოტლანდიელთა 20-წლამდელთა ნაკრებმა ძირითად ნაკრებს მიბაძა და მათ მსგავსად ავსტრალიელთა დამარცხება მოახერხა. პირველი ტაიმი “ვოლაბების” უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3:10 დასრულდა. მეორე ნახევარი უკვე “ნარშავების” აქტიურობით დაიწყო და საწყის 15 წუთში ორი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხეს, რასაც ავსტრალიელებმა 64-ე წუთზე გოდდარდის (დუბლი გაიფორმეს) გარდასახული ლელოთი უპასუხეს. შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მე-80 წუთზე შიელმა გადამწყვეტი ლელო გაიტანა, მატჩი 24:17 დასრულდა და შოტლანდიამ ტურნირი V ადგილზე დაასრულა.

ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა უელსისა და იტალიის ჯახი. “აძური” 65-ე წუთმდე 15:24-ს იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში უელსელებმა ერთი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს, 25:24 მოიგეს და VII ადგილი გაიფორმეს.

სამოა – არგენტინა 42:53 (7:31)

შოტლანდია – ავსტრალა 24:17 (3:10)

უელსი – იტალია 25:24 (15:9)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114296