საფრანგეთი ტოპ-14

10:36 | 10.01.2017 | ნანახია 5101 - ჯერ

კოლელიშვილის ექსკლუზიური სინბინი

საფრანგეთის ტოპ 14-ის გასულ ტურში ერთი მეტად უცნაური ინციდენტი მოხდა. კვირას საღამოს, „კლერმონისა“ და „ტულონის“ მატჩის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა რეფერიმ მასპინძელთა მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი გაასინბინა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი „კლერმონის“ დამრიგებელ ფრანკ აზემას მწვრთნელისთვის გამოყოფილი ტექნიკური ზონის დატოვება და მეოთხე მსაჯთან დისკუსიაში ჩაბმამ მოუწია.

რა მოხდა? საკამათო და გასარჩევი თურმე ქართველი მორაგბის სინბინის ხანგრძლივობა ყოფილა. „მეოთხე მსაჯს მივუთითე, რომ კოლელიშვილი 53-ე წუთზე უნდა დაბრუნებულიყო სინბინიდან, არადა უკვე 56-ე მიმდინარეობდა“, - თქვა გაოგნებულმა აზემამ. „დროის ათვლაში შეცდომა მოგვივიდა“, - თავს იმართლებდა მატჩის შემდეგ მეოთხე მსაჯი.

კლერმონელი ფანები, ცხადია, აზემაზე არანაკლებ გაცოგებულნი იყვნენ მსაჯთა ბრიგადის ასეთი უყურადღებობით და სტადიონზე დაძაბულობამ საგრძნობლად იმატა. როცა კოლელიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ქრონომეტრზე დაფიქსირდა 42:56, ხოლო როცა ქართველს მინდორზე დაბრუნების ნება დართეს, წამმზომი უკვე 56:26-ს აჩვენებდა, ანუ „ბორჯღალოსანმა“ სინბინში 13 წუთი და 30 წამი (!) გაატარა 10 წუთის ნაცვლად! „შესაძლოა, ვიტოს სხვებზე მეტი დასვენება სჭირდება, არბიტრებმა უკეთ იციან...“ - სარკასტულად იხუმრა ფრანკ აზემამ.

შეგახსენებთ, რომ „კლერმონმა“ ის მატჩი 30:6 მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:57 | 10.01.2017
ogafa (407)

შეცდომა მოგვივიდაო

12:29 | 10.01.2017
federer (17) (469)

გასაგებია რო მსაჯებმა გადაამეტეს, მაგრამ ეს ბიჭი როდის უნდა დაღვინდეს?

16:17 | 10.01.2017
temuchin (431)

ისეთი არაფერი გაუკეთებია მაგ შემთხვევაში დაუღვინებლობას რომ დააბრალო. მოლი ჩააქცია ამის გაკონტროლება კი ძნელია როცა შუაგულ ჯაჯგურში ხარ

0.093542