ამბები

17:31 | 18.08.2013 | ნანახია 3587 - ჯერ

Top 14-ი ექვსმა ქართველმა დაიწყო

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის 2013/2014 წლების სეზონის პირველ ტურში, ათი კლუბის თხუთმეტი ქართველი ლეგიონერიდან მოედანზე მხოლოდ ექვსი გამოჩნდა.

გახსნით მატჩში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასის” მოქმედ მფლობელს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” უმასპინძლა ფრეს დასჯერდა - 22:22. გორგოძე ტრავმირებულია და ოქტომრამდე ვერ ითამაშებს, ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების პირველ ხაზში 52 წუთი გაისარჯა, მოქაუტაძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა, ხოლო ჩილაჩავა შემადგენლობის მიღმა დარჩა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და “მონპელიე” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ საკუთარი შეცდომის გამო დაისაჯა და მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა. მასპინძლებმა ლელო მე-3 წუთზე გაიტანეს, მერე უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს და ტაიმი 13:3 მოიგეს. შესვენებამდე ორიოდე წუთით ადრე დელონ ერმიტეიჯმა ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მანამდე ჯონ უილკინსონის პასი ოდნავ წინ იყო და რეფერიმ ის სამართლიანად გააუქმა. 61-ე წუთამდე “მონპელიე” 10-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ გაშვებული ჯარიმის შემდეგ, 72-ე წუთზე მასპინძლებს ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მაქსიმ მერმოზმა გადაცემა ჩაუჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო უილკინსონმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ბოლო წუთზე მასპინძლებს ცენტრიდან ჯარიმა რომ გაეტანათ გამარჯვებას მაინც მოიპოვებდნენ, მაგრამ დამრტყმელს ძალა არ ეყო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” პირველ ტურში “ბიარიცი” სტუმრად 22:18 დაამარცხა. კლერმონელებმა ვიტო კოლელიშვილი Pro D2-ის “ლიონში” გაანათხოვრა, ხოლო ზირაქაშვილმა შეცვლაზე 63-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრები საწყის 20 წუთში 13 ქულით დაწინაურდა და ტაიმი 16:6 მოიგო. მასპინძლებმა სხვობა 5-ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ “კლერმონმა” კომფორტული უპირატესობა მალევე მოიპოვა და “ბიარიცმა” სხვაობა ბოლოსღა შეამცირა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 31:25 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი პირველხაზელი განაცხადში ვერ მოხვდა, კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 74-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნდა. ბრეგვაძე განაცხადში იყო და თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმრები ორჯერ იგებდნენ - ჯერ მე-20 წუთზე 9:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმი 16:12 დათმეს, 65-ეზე “ტულუზამ” სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა (25:22), თუმცა დარჩენილ დროში სამი ჯარიმა გაუშვა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

“სტად ფრანსეს” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა დავით ქუბრიაშვილს, რომელიც “გრენობლთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44 წუთი ითამაშა. სტუმართა განაცხადში არ იყო ზურაბ ჟვანია. პარიზელებმა ტაიმი 9:6 მოიგო, მერე მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა - 16:16, თუმცა, ანგარიში ვეღარ შეინარჩუნა და 16:19 დამარცხდა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” Top 14-ში დაბრუნებული გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი” 19:14 დაამარცხა. ხინჩაგიშვილი და ასეიშვილი განაცხადში არ იყვნენ, შველიძემ კი პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდნენ უპირატესობას, მაგრამ სტუმრებმა თამაშს დაძაბულობა ბოლო წუთამდე შეუნარჩუნეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.

გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” დაძაბულ ბრძოლაში 26:23 დაამარცხა. ქართველ პირველხაზელებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. Top 14-ის მორიგი ტურის შეხვედრები 23-24 აგვისტოს გაიმართება.

თეგებიTop 14

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.156458