თბილისის “არმაზმა” პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ორ ჯარიმაში ასახა და 6:3 დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში “არმიამ” შერკინებაში უდიდესი უპირატესობა სათანადოდ გამოიყენა და საბოლოოდ მეტოქეს პრემიალური ქულით აჯობა.
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი არმაზელთა უპირატესობით დაიწყო. მათ ბურთზე კონტროლი დაამაყრეს, მეტოქე საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს და მიუხედავად იმისა, რომ შერკინებაში ფაქტობრივად ვერაფერს ახერხებდნენ, შესვენებამდე უფრო დიდი უპირატესობის მოპოვებაც შეეძლოთ. მაგრამ ეს ტექნიკური წუნის გამო ვერ მოახერხეს, მეორე ნახევარში გუნდს დაღლაც დაეტყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის სასარგებლოდ ინიშნებოდა შერკინება (არადა, შერკინება ხშირად ინიშნებოდა), ბურთი უცილობლად არმიელთა ნადავლი ხდებოდა.
“არმაზს” ანგარიშის გახსნის შანსი მალევე მიეცა. “არმია” 22-ის ხაზთან რაქში დაჯარიმდა, პოზიცია დასარტყმელი იყო, მაგრამ ირაკლი აბუსერიძემ ბურთი სწრაფად იმ იმედით გაათამაშა, რომ ფლანგზე მეტობის გამოყენებით ლელო გავიდოდა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ბურთი ვერ შეიმაგრა და ასპროცენტიანი სალელოვე შანსი განიავდა. არმიელები მეტოქის ნახევარზე მე-12-ე წუთისთვის გადავიდნენ, თუმცა, რაქში ისევ დაჯარიმდნენ და დავით კიკნაძემ საკუთარი მოედნიდან სცადა ბედი, მაგრამ 55 მეტრიდან მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ოთხიოდე წუთში მეტოქემ კვლავ რაქში დაარღვია თამაშის წესები და მე-19-ე წუთზე კიკნაძემ 35 მეტრიდან ანგარიში გახსნა.
განახლდა თამაში და წონასწორობა აღდგა. “არმაზმა” ბურთის აღება ვერ მოახერხა, გიორგი თხილაიშვილმა ორჯერ კარგად შეუტია, მეტოქე დაჯარიმდა და ბახვა კობახიძემ კარის გასწვრივ 18 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე ირაკლი მაჩხანელმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ფეხით გადაკიდებული ბურთი მოიხელთა, თავადვე შეუტია და ეს “არმიას” კვლავ ჯარიმის ფასად დაუჯდა, კიკნაძემ კი, ნომინალურ სტუმრებს უპირატესობა დაუბრუნა. მაგრამ ეს ბოლო ქულა იყო, რომელიც იმ დღეს “არმაზმა” ჩაიწერა, არადა, ამის რამდენიმე შანსი მიეცა.
ცოტა ხნით არეული თამაში რომ წავიდა, ამით სწორედ მათ იხეირეს, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ორი სალელოვე შანსი დაკარგეს. მერე რეფერიმ ზვიად მაისურაძემ სინბინით დასაჯა, მაგრამ კიკნაძემ მარცხნიდან დარტყმა გაუფუჭდა. ტაიმის ბოლოს “არმაზს” დაღლილობა დაეტყო და კაცნაკლულმა “არმიამ” უპირატესობა მოიპოვა. გიორგი შკინინი ორჯერ დაიძრა კარგად საკუთარი ნახევარიდან პირველ ჯერზე ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც კობახიძემ ააცილა, ხოლო მეორე შემთხვევაში გიორგი ელიზბარაშვილს არეკნი გაუცუდდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და საწყის 15 წუთში “არმაზი” შერკინებაში სამჯერ დაჯარიმდა, რითაც კობახიძემ საკუთარი გუნდი 12:6 დააწინაურა, ხოლო ირაკლი ბუკია სინბინით დაისაჯა. 57-ე წუთზე “არმაზელებმა” საკუთარ 22-ში დაკარგეს ბურთი, ის გიგა გაგოშვილის ნადავლი გახდა, განიგან ირბინა, მცველებმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს და ლელო გავიდა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ლელოზე თამაშიც შეიძლებოდა, კობახიძემ 62-ე წუთზე გასატანი ჯარიმა 3 ქულად აქცია და ანგარიში 22:6 გახადა.
“არმიამ” პრემიალურ ქულაზე დასკვნითი 5 წუთი ითამაშა და მიზანსაც უწია. ბუკიამ მეტოქის ჰაერში ბოჭვისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, წითელი მიიღო. ამჯერად ბურთი აუტში გაიგზავნა, კარგი მოლიც დადგა, მაგრამ “არმაზმა” დიდი თავგანწირვის ხარჯზე თავი დაიცვა. მაგრამ დაინიშნა შერკინება, სადაც მათ ყველაზე მეტად უჭირდათ და ზედიზედ სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, რეფერიმ ტექნიკური ლელოსი დასტვინა. დასკვნით წუთებში კობახიძემ კონტრშეტევაზე ხაზი გაჭრადა გადაცემა რომ შესრულებინა, ლელო აუცილებლად გავიდოდა. სამაგიეროდ, შკინინის ფეხით გადაკიდებულს მცველები ცუდად რომ დახვდნენ, “არმიამ” ბურთი ფლანგზე გაშალა და კობახიძემ ლელო ალამთან გაიტანა, მისმა გარდასახვამ კი, საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 36:6.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XV ტური
29 მარტი. შაბათი
რუსთავი. “ახალი”.
ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი) 15:14
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 36:6
თბილისი. “შევარდენი”.
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 15:20
1 | არმია | 15 | 10 | 1 | 4 | 410-235 | 51 |
2 | ლელო | 14 | 10 | 0 | 4 | 386-169 | 50 |
3 | ლოკომოტივი | 15 | 11 | 0 | 4 | 334-263 | 48 |
4 | აია | 14 | 10 | 0 | 4 | 311-187 | 46 |
5 | ყოჩები | 14 | 9 | 1 | 4 | 297-246 | 42 |
6 | ჯიქები | 16 | 7 | 2 | 7 | 278-243 | 39 |
7 | არმაზი | 15 | 8 | 0 | 7 | 255-308 | 35 |
8 | ხარები | 16 | 4 | 0 | 12 | 197-371 | 19 |
9 | ბათუმი | 15 | 3 | 0 | 12 | 224-479 | 15 |
10 | აკადემია | 16 | 1 | 0 | 15 | 184-375 | 12 |
30 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 17 საათი
ლელო (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია