ამერიკის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2015 წლის მასოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის საპასუხო მატჩის მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, ურუგვაის 29 უპასუხო ქულა გაუტანა და ინგლისის საგზური დაიბევა.
მონტევიდეოში მატჩის 27:27 დასრულების შემდეგ, სწორედ ამ შეხვედრაში წყდებოდა, თუ ვინ მიიღებდა მსოფლიო თასის პირდაპირ საგზურს და ატლანტაში ტრიბუნები პირთამდე შეივსო, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ ისინი იმედგაცრუებულნი იყვნენ. სამაგიეროდ, ისევე, როგორც პირველ მატჩში, “არწივებმა” მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 32:13 მოგებით ინგლისში B ჯგუფში - სამხრეთ აფრიკასათან, სამოასთან, შოტლანდიასთან და აზიის შესარჩევი ეტაპის მოგებულ ნაკრებთან თამაში დაიბევეს.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა პრობლემები საკუთარ თავს შეუქმნეს. მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, მე-17-ე და 21-ე წუთებზე კი, ორი მოთამაშე (ენდრიუ სუნიულა და ნიკ ვალესი) სინბინით დაკარგეს და 23-ე წუთზე ორკაციანი უპირატესობით სტუმრებმა ისარგებლეს. მათ ლელო გაიტანეს და გარდასახვით უპირატესობა გაზარდეს, რაზეც ამერიკელებმა ჯარიმით 35-ე წუთზე უპასუხეს. ამ ეპიზოდში ურუგვაი მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა თავად გაიტანა და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა (13:3).
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლების თავგამოდებულმა იერიშმა შედეგი გამოიღო და 47-ე წუთზე ერიკ ფლაიმ ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. დასკვნით მეოთხედამდე ორივე გუნდმა ჯარიმებით 3-3 ქულის აღების შანსი ხელიდან გაუშვა, 61-ე წუთზე კი, აშშ დაწინაურდა. მთლიანობაში, გადამწყვეტი ათწუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომლის დროსაც მიკ პეტრიმ და ძმებმა - შალომ და ენდრიუ სუნიულებმა ჯამში სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა და 70-ე წუთზე აშშ 29:13 დაწინაურდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ერთი ჯარიმაც გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს, ურუგვაის კი, მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში მოუწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია