ამბები

13:07 | 31.03.2014 | ნანახია 3614 - ჯერ

გორგოძის ლელო და ქუბრიაშვილის დაბრუნება

საქართველოს ოთხგზის საუკეთესო მორაგბე, ეროვნული გუნდის მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, წელს საფრანგეთის Top 14-ში ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებს.

პირველ ელიტარულ დივიზიონში ჩატარებულ 10 მატჩში მან ხუთი ლელო გაიტანა, ხოლო “ჰაინეკენის თასის” ხუთ შეხვედრაში მეტოქეთა ჩათვლის მოედანში ბურთი ორჯერ დაამიწა. აქამდე მას საფრანგეთში გატარებულ ცხრა სეზონში ყველაზე მეტი - 5 ლელო (23 თამაშში) შარშანწინ ჰქონდა გატანილი.

23-ე ტურში გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” “ბაიონი” 43:27 დაამარცხა, მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 66 ქულით სატურნირო ცხრილის თავში მოექცა. მონპელიელებმა უკანასკნელი შვიდი თამაშიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს გუნდი სეზონის გადამწყვეტ ნაწილს საუკეთესო ფორმაში ხვდება.

განვლილ მატჩში ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ნარიაშვილმა 68, ხოლო გორგოძემ 54 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, მასპინძელთა ორ ლელოს, სტუმრებმა ორი ლელოთი უპასუხეს და რადგან ჯარიმაც ჰქონდათ გატანილი, შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე 17:14 იგებდნენ. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ნაგუსამ თავისი მეორე და გუნდის მესამე ლელო გაიტანა და “მონპელიე” შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმი 4 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გორგოძემ ბურთი ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში მიიღო, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, თანაგუნდელების დახმარებით ეს მანძილი დაფარა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ანგარიში 26:17 გახდა. 64-ე წუთზე “მონპელიემ” საჯარიმო ლელო მიითვალა, სამიოდე წუთში ნაგუსამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბოლო წუთზე გაშვებულმა ლელომ საერთო სურათი ვეღარ შეცვალა.

“მონპელიეს” თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან და მეორე მესამე ადგილებს იყოფენ “კლერმონი” და “ტულონი”. დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” გოდერძი შველიძისა და კარლენ ასიეშვილის “ბრივს” ეწვია და 24:26 დამარცხდა. “ბრივმა” პირველი ტაიმი განსაკუთრებით კარგად ჩაატარა და 20:3 დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებს 10-10 წუთით ორი მორაგბე გაუძევეს და “კლერმონმაც” ორკაციანი უპირატესობა გამოიყენა.

სტუმრებმა მეორე ტაიმში სულ სამი ლელო გაიტანეს, მაგრამ “ბრივმა” შუალედებში ორი ჯარიმა შეასრულა და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73 წუთი ითამაშა. მის წინააღმდეგ მთელი პირველი ტაიმი ასიეშვილი თამაშობდა, რომელიც შესვენებისას შველიძემ შეცვალა. ამ უკანასკნელმა გუნდის მიერ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების გამო 46-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ამრიგად, “კლერმონი” 65 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 55 ქულით მე-9-ე პოზიციაზეა და საპლეიოფო ზონას სამი ქულა აშორებს.

ტურის ცენტრალურ მატჩში ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 32:28 დაამარცხა, “კლერმონს” დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და 65 ქულით მეორე ადგილზეა. მიქაუტაძე შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა, ჩილაჩავა თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, ბრეგვაძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამ არ მოუწია, ხოლო კაკოვინი ტრავმირებულია.

თამაში დაძაბული გამოდგა და 66-ე წუთამდე ფაქტობრივად ქულა-ქულაში მიდიოდა. მერე ორი წუთის ინტერვალში “ტულონმა” ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანა და 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაზეც მეტოქემ ორი ჯარიმით უპასუხა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. “ტულუზა” 58 ქულით მეექვსე ადგილზეა, ორ გუნდს დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის და დასკვნით ტურებში დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს.

ბოლო ექვს თამაშში მეოთხე მარცხი განიცადა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”, რის გამოც პლეი ოფში მოხვედრის საკითხი სათუო გაიხადა. განვლილ ტურში პარიზელებმა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” უმასპინძლეს და 22:32 დამარცხდნენ. ამ მატჩში სასიხარულო ის იყო, რომ მოედანს დაუბრუნდა დავით ქუბრიაშვილი, რომელმაც თებერვალში, სანაკრებო მატჩის დროს თითი მოიტეხა. ხინჩაგიშვილი და ჟვანია განაცხადში არ იყვნენ. “სტად ფრანსეს” 58 ქულა აქვს, “ტულუზას” და “ბორდოს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მერვე ადგილზეა, ხოლო “რასინგ მეტრო” 60 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

მოქმედი ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, სტუმრად აუტსაიდერ “ბიარიცს” დაუზავდა - 34:34. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 33-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. “კასტრი” 62 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” 23:5 დაამარცხა, 58 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. “პერპინიანი” 46 ქულით მე-11-ე პოზიციაზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის. ნავროზაშვილი განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა, ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-18-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. ახლა გუნდები ევროთასების მეოთხედფინალებზე გადაერთვებიან, საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩები კი, 11-12 აპრილს გაიმართება.  

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.168203