საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი (41 მატჩში 5 ლელო) რატი ურუშაძე, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და ბოლნისის “ყოჩების” შემადგენლობაში უკვე სამი თამაში ჩაატარა.
38 წლის მორაგბის გამოცდილება გუნდს აშკარად წაადგა და ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ, ბოლნისური კლუბი ექვსეულისთვის მებრძოლი გუნდიდან რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულების მსურველ კლუბად იქცა. 2000 წელს რუსეთის ჩემპიონატში - “ენისეიში” (4-ჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, 7-ჯერ დაუფლა ვერცხლის და 2-ჯერ ბრინჯაოს მედლებს, 3-ჯერ კი, ამ ქვეყნის თასი მოიგო) სწორედ “ყოჩებიდან” გადასულ მორაგბეს, უწინარესად რაგბიში გადადგმული პირველი ნაბიჯები შეავხსენეთ.
რატი ურუშაძე: რაგბის თამაში 1990 წელს დავიწყე. მანამდე 5 წლიდან ცურვაზე დავდიოდი და სპორტულად ვიზრდებოდი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში საქართველოს აუზებში წყალი გაქრა და სპორტის გარეშე ვერ გავჩერდებოდი. მამაჩემი (გიზო ურუშაძე) ყოფილი მორაგბე იყო და შემომთავაზა, რომ სპორტის ამ სახეობაში მომესინჯა ძალები და როგორც ყველას ემართება, მეც აქ დავრჩი. ჩემი პირველი კლუბი “ლელო” იყო, სადაც მერაბ ნიჟარაძე და ბათუ კევლიშვილი მავარჯიშებდნენ. 1995 წელს “ყოჩებში” გადავედი და 2000 წლამდე აქ ვთამაშობდი, შემდეგ კი, “ენისეიში” წავედი.
- რატომ რუსეთის ჩემპიონატში და არა საფრანგეთში?
- მანამდე, 1998 წლის დეკემბრიდან, ნახევარი სეზონი “ფიჟაკში” გავატარე და კვლავ “ყოჩებში” დავაბრუნდი. საფრანგეთიდან სერიოზული შემოთავაზება არ მიმიღია და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ეს იყო. 2000 წელს ბათუმში “აღორძინების თასი” ჩატარდა, რომელშიც “ენისეიც” მონაწილეობდა და გამარჯვებული გახდა. სწორედ იქ შემომთავაზა ალექსანდრ პერვუხინმა მათთან გადასვლა და მეც იმ წინადადებას დავთნახმდი, რომელიც რეალური იყო. ამის შემდეგ 2007-ში ერთი სეზონი “ნიცაში” გავატარე და მერე ნახევარი წლით “ლონშიც” ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ რუსეთში დავბრუნდი. რუსეთის მოწინავე სამეულის გუნდებში, საფრანგეთის ფედერალ დივიზიონის გუნდებთან შედარებით, ბევრად უკეთესი პირობებია როგორც ფინანსური, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით და სამწუხაროდ, საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის გუნდებში თამაშის საშუალება მე არ მომცემია. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.
- “ენისეიში” გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?
- ასაკს თავისი მიაქვს. რუსეთში თამაშის მაღალი ტემპია და 38 წლის მოთამაშისთვის მისთვის მხარის აბმა ძალიან რთულია. ვარჯიშებიც უფრო ინტენსიური და დამღლელია ვიდრე საქართველოში. ამ შემთხვევაში იმ გუნდებს ვგულისხმობ, რომელთაც ჩემპიონობას თხოვენ და ჩემ ასაკში დღეში ორჯერადი ვარჯიშები ძალიან რთულია. “ენისეის” ჩემი გაშვება არ უნდა და სპორტული დირექტორის თანამდებობას მთავაზობენ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ კლუბს - “ყოჩებს” უჭირდა და მეგობრების, ირაკლი გიორხელიძეს და სანდრო ესაკიას თხოვნით აქ დავბრუნდი. მსურს, რომ ამ გუნდის აღორძინებაში ჩემი წვლილიც შევიტანო და აქ სეზონის ბოლომდე დავრჩები, მერე კი, ვნახოთ, რა მოხდება.
- ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ, “ყოჩებმა” სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და რა არის მიზანი მაქსიმუმი, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში ისახავთ?
- მადა ჭამაში მოდისო და რაც უფრო ზევით ვიქნებით, მით უკეთესი. კონკრეტულ ადგილს არ ვგეგმავთ და ვერაფერს ვიტყვი. ყველა თამაშზე სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე მოთამაშე გვაკლდება, დაკომპლექტების კუთხით, სრულყოფილი გუნდი არ ვართ. მოწინავე ოთხეულის გუნდებში ამ თვალსაზრისით უკეთესი სიტუაცია, უფრო მეტი მოთამაშე ყავთ, მაგრამ გუნდური სული მაინც სულ სხვაა და მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებით.
- ბოლო დროს გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ერთა თასის ქვეყნების მოწინავე ორ-ორი კლუბის მონაწილეობით საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს და რის ხარჯზე უნდა მოიპოვონ საქართველოს წარმომადეგენლებმა რუსულ კლუბებთან უპირატესობა?
- საქართველოს და რუსეთის ჩემპიონატების თამაშებს შორის, ძალიან დიდი სხვაობაა სისწრაფეებში. იქ უფრო სწრაფ და კომბინაციურ რაგბის თამაშობენ. სამაგიეროდ, შერკინებით ქართულ კლუბებს აქვთ უპირატესობა. ახლახანს დავესწარი თამაშს თურქეთში, “არმიასა” და “ენისეის” შორის. ქართველებმა მეტოქე შერკინებაში დაჯაბნეს და გამარჯვებაც ამის ხარჯზე დადგა. მაგრამ გამოსასწორებელია სხვა კომპონენტები, რათა მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და რაც მთავარია, გამარჯვების მოპოვება მოხერხდეს. ამ შემთხვევაშიც რუსეთის მოწინავე სამ კლუბს ვგულისხმობ, რომელთაც ამავდროულად დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და შეუძლიათ შეკრებების გამართვა თურქეთში, ირლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, ადრე სამხრეთ აფრიკაშიც ტარდებოდა წინასასეზონო მზადება და ამას ძალიან დიდი გამოცდილება მოაქვს. არაფერს ვიტყვი თავდადებულ თამაშზე, რადგან აქ ყველასათვის ყველაფერი ისედაც ცნობილია.
- რას ამბობენ რუსეთში ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებას რომ ვერ ახერხებენ?
- რა უნდა თქვან, ეს ყველაფერი ლოგიკურია. ჩვენ მათ ვჯობნით თავდადებით და იმ გამოცდილებით, რომელიც საფრანგეთის პირველ და მეორე ელიტარულ დივიზიონში მოთამაშე მორაგბეებს უგროვდებათ. რუსებს ამ მხრივ არჩევანი არ აქვთ. სულ სამი-ოთხი მორაგბე ყავთ ინგლისში და ისიც არა ლიდერ გუნდებში. რადგან რუსეთის მოწინავე კლუბებს ფული აქვთ, ადგილობრივი მორაგბეები წასვლაზე არც ფიქრობენ, სამი კლუბის პაექროებით კი, იმ გამოცდილებას ვერასდროს მიიღენ, რასაც საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დააგროვებ.
- და ბოლოს, როგორც ყოფილი “ბორჯღალოსანი”, როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებს?
- თუ ერთა თასის ბოლო თამაშების მიხედვით ვიმსჯელებთ, კი, ყველა თამაში და ტიტული მოვიგეთ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული პროგრესი არ შემიმჩნევია. მსგავსი შედეგი ქართველი მწვრთნელების და ტიმ ლეინის მწვრთნელობისასაც გვქონდა. ჩვენი გუნდისთვის ერთა თასის მოგება და მსოფლიო თასზე გასვლა მწვრთნელის სასწაულად ვერ ჩაითვლება. ფაქტია ისიც, რომ არის მცდელობა შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსებისა და რა გამოვა ეს მსოფლიო თასზე და მანამდე, ნოემბერში გასამართ ტესტ-მატჩებზე უნდა დავინახოთ. აი სწორედ ტონგასთან, ირლანდიასთან და იაპონიასთან გამოჩნდება რა დონეზეა დღეს საქართველოს ნაკრები და რას უნდა ველოდოთ 2015 წლის მსოფლიო თასზე. მანამდე კი, არ შემიძლია არ ავღნიშნო სამოასთან გამარჯვება, სადაც გუნდმა არსებობის დღიდან დღემდე საუკეთესო თამაში ჩაატარა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია