ამერიკის 6 ერი

15:42 | 15.02.2016 | ნანახია 1688 - ჯერ

კლევერმა კანადა სამჯერ დაალელოვა

აშშ-ს ნაკრების კაპიტანმა ტოდ კლევერმა ამერიკის ექვსი ერის პირველი გათამაშების მეორე ტურში, პრინციპულ მეტოქე კანადას სამი ლელო გაუტანა და „არწივების“ 30:22 მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

პირველი ტურის მატჩთან შედარებით, რომელშიც ამერიკელებმა არგენტინის „ა“ ნაკრებთან ჯარიმებით აგროვეს ქულები და ფრეს გამორჩნენ (35:35), ამჯერად დარტყმებზე აქცენტი კანადელებმა გააკეთეს და გორდონ მაკრორიმ მატჩის დებიუტში გუნდს 6 ქულა შესძინა. მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ლელომდე სულ ცოტა აკლდებოდათ და ჯეიმს ბიორდმა საპასუხო ჯარიმა გაიტანა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა მალევე კვლავ 6 ქულამდე გაზარდეს.

მასპინძელთა მონდომებამ და ბურთის გაშლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ლემოტო ფილიკიტონგას გადაცემით ჩად ლონდონმა თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა - 10:9. შესვენებამდე კანადამ ჯარიმით შეძლო ლიდერობის დაბრუნება და 46-ე წუთზე 15:10 დაწინაურდა. 50-ე წუთზე მაკგოუენმა თერნოვერი გაახერხა, მერე ლუკ იუმემ და ჯეკ ანდერსონმა თავისი ნახევრიდან კარგად იარეს და მეტოქის 22-ში ჯარიმა გამოიმუშავეს. „არწივებმა“ ბურთი დერეფანში გაგზავნეს, მოლით 6 მეტრი დაფარეს და კლევერმა თავისი პირველი ლელო გაიტანა.

გარდასახვა არზუსტი იყო, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, იუმემ ბურთი მოიხელთა და თავისი 22-იდან დაახლოებით 70 მეტრი ირბინა. მის გარღვევას ჯარიმა მოყვა, ამერიკელებმა ნაცად ხერხს მიმართეს, დერეფნიდან კიდევ ერთი მოლი ააგორეს კლევერმა 2 წუთში ერ6თიდაიმავე ილეთით მეორე ლელო გაიტანა. 64-ე წუთზე მასპინძლებმა მესამედ ააგორეს მოლი, ამჯერად კანადელი მორკინალები მასში სრული შემადგენლობით ჩაებნენ, გამოცდილმა კლევერმაც დაუცველ მოკლე ფრთაზე შეუტია და ლელოში შეფრინა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო - 27:15.

კანადამ საპასუხო დარტყმა 69-ე წუთზე განახორციელა, დანკან მაგუაირი ორ მბოჭავს დაუსხლტა და ბურთი ალამთან დაამიწა. ფერგიუსონმა გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. ამერიკელებმა აღარ გარისკეს, 76-ე წუთზე კრიუგერმა ახლოდან ჯარიმა გაიტანა და 7 500-მა გულშემატკივარმა 30:22 მოგებით გაიხარა. კლევერმა ერთი ლელო არგენტინელებსაც დაუდო და ტურნირის საუკეთესო მელელოვეთა დავაში დაწინაურდა. აშშ-ს ნაკრები მომდევნო მატჩს 20 თებერვალს გამართავს და ფლორიდაში ჩილეს დაუხვდება. ამავე ტურში ურუგვაი არგენტინელებს მასპინძლობს, ხოლო კანადა ბრაზილიას დაუხვდება.

2016 წლის ამერიკის ექვსი ერი

ბრაზილია - ურუგვაი 29:33

არგენტინა XV - ჩილე 52:15

აშშ - კანადა 30:22

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

არგენტინა XV 2 1 1 0 87-50 8 2

აშშ 2 1 1 0 65-57 8 2

კანადა 2 1 0 1 55-47 5 1

ურუგვაი 2 1 0 1 50-62 5 1

ჩილე 2 1 0 1 40-74 4 0

ბრაზილია 2 0 0 2 51-58 2 2

მესამე რაუნდი. 20 თებერვალი

აშშ - ჩილე

ურუგვაი - არგენტინა XV

კანადა - ბრაზილია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082251