ამბები

16:05 | 6.04.2014 | ნანახია 4817 - ჯერ

20-წლამდელები ტონგათი იწყებენ

 

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ხვალიდან 20-წლამდელთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” ჩაებმება და პირველივე მატჩში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს დაუპირისპირდება.

“უმცროსი ბორჯღალოსნები” “ალაფას” ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ უბრუნდებიან და საოცნებო მიზნის მიღწევას - მისი მოგებით ასაკობრივ მსოფლიო თასზე გასვლას ეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ჰონკონგში გამართული ტურნირის გამარჯვებული, გაისად მსოფლიოს 12 უძლიერეს გუნდთან ერთად 2015 წელს იტალიაში ითამაშებს, აზიაში კი, საქართველოს ნაკრები უძლიერეს ჯგუფში მოხვდა.

დავით ვართანიანის შეგირდები A ჯგუფში ტონგას, უძლიერესი 12 გუნდიდან შარშან გამოვარდნილი აშშ-სა და მასპინძელ ჰონკონგთან ითამაშებენ. B ჯგუფში იაპონია, კანადა, ურუგვაი და ნამიბია მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები ფინალში სანუკვარი საგზურისთვის იბრძოლებენ, დანარჩენი გუნდები კი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილს გაითამაშებენ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჰონკონგის საგზური საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დამაჯერებელი მოგებით მოიპოვეს.

პარასკევს გუნდის კაპიტნებმა ტრადიციული ფოტოსესია გამართეს და გუნდის კაპიტნებმაც მცირედი კომენტარები გააკეთეს, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესოებს შემოგთავაზებთ. მანამდე კი, გაცნობებთ, რომ აზიაში “ალაფა” პირველად იმართება. საქართველოს ნაკრების თამაშების სანახავად ჰონკონგში რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იმყოფებიან, ხოლო ცუდი ისაა, რომ ტრადიციული, მატჩების ინტერნეტ-ტრანსლირება არ იგეგმება.

2011 წელს “ალაფას” თბილისმა უმასპინძლა და ქართველმა 20-წლამდელებმა იქ მესამე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ფინალში საქართველოს ნაკრებს აქამდე არ უთამაშია და წლეულს ერთგვარი ნავსის გატეხვას ეცდება. პირველ მატჩში ქართველი მორაგბეები 7 აპრილს, თბილისის დროით 13 საათზე ტონგას დაუპირისპირდებიან, რომელთანაც 2012 წელს აშშ-ში მესამე ადგილისთვის იბრძოლეს და შეცდომების გამო მცირედით - 29:31 დამარცხდნენ.

საბა შუბითიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ეს არის საკმაოდ ძლიერი შეჯიბრი, სადაც თანაბრად ძლიერი გუნდები მონაწილეობენ. მიმაჩნია, რომ ყველა გუნდს თამაშების მოგების 50/50 შანსი აქვს. ჩვენთვის მსგავსი სიძლიერის მეტოქეების წინააღმდეგ თამაში ძალზედ მნიშვნელოვანია. გუნდის მოთამაშეთა უმეტესობას ერთად 17 და 18-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა და ეს ჩვენი უპირატეობა უნდა იყოს”.

ტონგას მოისეი ლატუ უკაპიტნებს, რომელიც რაგბის ოსტატობას ინგლისში, “სერასინსის” სარაგბო აკადემიაში ეუფლება: “მოხარული ვარ, ტონგას ნაკრების გაძღოლის პატივი მერგო. ინგლისში, “სერასინსის” აკადემიაში დაახლოებით ერთი წელიწადი გავატარე და საკუთარი ოსტატობა მნიშვნელოვნად დავხვეწე. ვფიქრობ, იქ მიღებული გამოცდილება, დისციპლინასთან დაკავშირებული სიახლეები თანაგუნდელებს უნდა გავუზიარო და ეს ტურნირის მსვლელობისას აუცილებლად წაგვადგება”.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე აშშ-ს ნაკრები იქნება, რომელიც მსოფლიო თასზე ბოლო ადგილის დაკავებით “ალაფას” დაუბრუნდა, მაგრამ უკანასკნელ სამ წელიწადში ამ ტურნირის მეორედ მოგებით, კვლავ უძლიერესთა შორის დაბრუნებაზე ფიქრობენ. აშშ-ს კაპიტანმა ოლი დრიუმ იცის, თუ წინ რა გამოწვევა ელოდება: “ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით ჩვენ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და რაღა თქმა უნდა, ვეცდებით შემდეგ სეზონში კვლავ უძლიერესებში დავბრუნდეთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ სანამ ამაზე ფიქრს დავიწყებთ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი”.

მაიკ პარფიტი (ჰონკონგის ნაკრების კაპიტანი): “ჩვენთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ჰონკონგის რაგბი და პარალელურად, თავადაც დავინახოთ, თუ რა დონეზე ვიმყოფებით. პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, ასეთი დონის მეტოქეებს გავუწიოთ წინააღმდეგობა. მასპინძლები ვართ, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და შესაბამისად, სხვა გუნდების მსგავსად ზეწოლასაც არ განვიცდით. ვფიქრობ, ის, რომ ადგილობრივ პირობებს კარგად ვიცნობთ, ჩვენი უპირატესობა იქნება”.

იაპონიის ნაკრებმა უკანასკნელ სამ “ალაფაზე” ფინალში ითამაშა, მაგრამ 2010 წელს იტალიასთან, 2011 წელს სამოასთან და 2012 წელს აშშ-სთან მარცხი განიცადა. აღზევების შანსის ზედიზედ სამჯერ გამშვები გუნდი, წლეულს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება და კაპიტანი რიკიუა მაცუდა ამბობს: “ძალიან სასარგებლო შეკრება გავიარეთ. გავემგზავრეთ ავსტრალიაში, იქ დაახლოებით ერთი თვე დავყავით და ძლიერ გუნდებთან თამაშით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. მაყურებელს ისეთ თამაშს ვაჩვენებთ, რომელიც სრულად ასახავს იაპონურ ხასიათს და შეტევით აზროვნებას. ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა მოთამაშეთა სწრაფი აზროვნება და მოძრაობას უნარი იქნება”.

კანადის ნაკრებმა ჰონკონგში ჩასვლამდე შეკრება ინგლისში გაიარა და იქ სამი საკონტროლო თამაში ჩაატარა. კაპიტანი კონორ გამილტონი: “გუნდში 10-11 გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომლებმაც ალაფაზე შარშანაც ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. კონცენტრაციას მხოლოდ უახლოეს მატჩებზე გავაკეთებთ”.

 

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები: დევი დევსურაშვილი (ჯიქები), გიორგი ტალახაძე (აკადემია), გიორგი მარგველანი (არმაზი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია), ვახტანგ ამირანაშვილი (არმაზი), საბა შუბითიძე (აკადემია), დავით ფხაკაძე (არმაზი), გიორგი აფციაური (არმია), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), ზაურ ხარებავა (არმია), დავით გულიტაშვილი (ხარები), რევაზ ბროძელი (არმაზი), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), გიორგი თორაძე (აია), გიორგი ფრუიძე (აია), შალვა შაშიაშვილი (აია), დავით პაპავაძე (ჯიქები), თემურ თუთბერიძე (აია), ბესო ბარბაქაძე (არმაზი), როლანდ კვაჭაძე (ლელო), გიორგი სორდია (“ლილი”, საფრანგეთი), ბადრი დანგაძე (აია).

 

2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”

ჰონკონგი. 7-19 აპრილი

A ჯგუფი

საქართველო

ჰონკონგი

ტონგა

აშშ

 

7 აპრილი

ტონგა - საქართველო (13 საათი საქ.დრ.)

აშშ - ჰონკონგი (15 საათი)

11 აპრილი

აშშ - საქართველო (11 საათი)

ტონგა - ჰონკონგი (13 საათი)

15 აპრილი

საქართველო - ჰონკონგი (9 საათი)

აშშ - ტონგა (11 საათი)

 

B ჯგუფი

კანადა

იაპონია

ნამიბია

ურუგვაი

 

7 აპრილი

იაპონია - ურუგვაი (9 საათი)

კანადა - ნამიბია (11 საათი)

11 აპრილი

იაპონია - ნამიბია (9 საათი)

კანადა - ურუგვაი (15 საათი)

15 აპრილი

ურუგვაი - ნამიბია (13 საათი)

კანადა - იაპონია (15 საათი)

 

19 აპრილი. პლეი ოფები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117643