ამბები

21:12 | 7.04.2014 | ნანახია 3010 - ჯერ

“ჰაინეკენისთვის” ბრძოლას სამი აგრძელებს

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალში სამი ქართველი ლეგიონერის ორი კლუბი გავიდა.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ინგლისური “ლესტერი” 22:16 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოდენაზე 68 წუთი გაატარა. 18 ათასი მაყურებლის თვალწინ, ფრანგები ჯარიმით დაწინაურდნენ, 21-ე წუთზე კარგი შეტევა ზირაქაშვილმა გააგრძელა და კონტაქტში შესულმა უესლი ფოფანას ისეთი პასი მისცა, ამ უკანასკნელს ლელოს გატანის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. ამის შემდეგ მორგან პარამ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა (16:0), მაგრამ შესვენებამდე 5 წუთით ადრე ლელო ინგლისელებმაც მიითვალეს და პარას ჯარიმის შემდეგ ტაიმი 7:19 დათმეს. საათის თავზე “ლენსტერმა” ჯარიმებით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა,მაგრამ 65-ე წუთზე ჯარიმა “კლერმონმაც” გაიტანა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა - 22:16.

“კლერმონს” ნახევარფინალში ინგლისში, “სერასინსთან” მოუწევს თამაში, რომელმაც ირლანდიაში “ოლსტერი” 17:15 დაამარცხა.

კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” ირლანდიური “ლენსტერი” 29:14 დაამარცხა. ჩილაჩავა განაცხადში არ იყო, ხოლო მეორეხაზელი მიქაუტაძე თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროს ანგარიში 26:9 იყო, მერე ფრანგებმა ერთი ლელო გაუშვეს, მაგრამ ამით მათ არაფერი დაკლებიათ.

“ტულონი” ნახევარფინალში ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლებს, რომელმაც ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზა” 47:23 დაამარცხა. კაკოვინი ტრავმირებულია, ბრეგვაძე შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა, მაგრამ მისთვის ეს თამაში წელს “ჰაინეკენის თასზე” ბოლო აღმოჩნდა. ნახევარფინალური შეხვედრები 26-27 აპრილს გაიმართება.

მეოთხედფინალები. 5-6 აპრილი

კლერმონი (საფრანგეთი) - ლესტერი (ინგლისი) 22:16

მანსტერი (ირლანდია) - ტულუზა (საფრანგეთი) 47:23

ტულონი (საფრანგეთი) - ლენსტერი (ირლანდია) 29:14

ოლსტერი (ირლანდია) - სერასინსი (ინგლისი) 15:17

ნახევარფინალები. 26-27 აპრილი

სერასინსი (ინგლისი) - კლერმონი (საფრანგეთი)

ტულონი (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08687