ცოტა უცნაურია, როდესაც ისეთი განვითარებული ქვეყნიდან, როგორიც ჰონგკონგია, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” ვიდეორეპორტაჟი რომ არ ეწყობა, მაგრამ ფაქტია, რაგბის გულშემატკივრებს 21-ე საუკუნეში თამაშის აღქმა მოყოლით უწევთ.
ეს არაფერი, რადგან “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ტონგა, რომლის ეროვნულ ნაკრებსაც საქართველოს ეროვნული გუნდი 2015 წლის მსოფლიო თასზე უნდა ერკინოს, გულშემატკივართა ზედმეტი დაძაბვის გარეშე დაამარცხეს. ამ შემთხვევაში დისკომფორტი მხოლოდ ისაა, რომ საკუთარი თვალით ვერ ვიხილეთ ის ლელოები, ის ემოცია, რომელიც შორეულ აზიაში მივლენილმა ჩვენმა ახალგაზრდა თანამემამულეებმა მოგვანიჭეს.
თავად ტურნირი B ჯგუფის ორი შეხვედრით დაიწყო და ორივე მათგანი სენსაციური შედეგით დასრულდა. ჯერ იყო და ურუგვაიმ ტურნირის ფავორიტად შერაცხული იაპონია 33:28 დასცა, მაგრამ აზიელებმა 2 ქულა აიღეს და მათთვის სატურნირო მოტივაცია არ დასრულებულა, მერე კი, ნამიბიამ კანადა 37:25 დაამარცხა. ამრიგად, პირველმა ტურმა სატურნირო მდგომარეობა თავდაყირა დააყენა, მაგრამ 11 აპრილს იაპონია ნამიბიას, ხოლო კანადა ურუგვაის ეთამაშება და შესაძლოა, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს.
A ჯგუფი “ალაფაზე” ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებული საქართველოსა და ერთ-ერთი ფავორიტის, ტონგას შეხვედრით გაიხსნა. ქართველებს ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ, მაშინ, როდესაც შალვა შაშიაშვილმა ტონგელების ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა, მაგრამ მანამდე ფეხი აუტის ხაზზე დადო და შესაბამისად, ანგარიში არ გაიხსნა. “ბორჯღალოსნები” არ მოეშვნენ და ნაკრების კაპიტანმა, იუბილარმა საბა შუბითიძემ (ის 7 აპრილს 20 წლის გახდა) ჩვენი გუნდის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.
ტონგა დაცვაში უდისციპლინო თამაშით გამოირჩეოდა და ჯინჭველაშვილსაც სამჯერ მიეცა 3 ქულის აღების შანსი. მან ეს შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვა და ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 16:0 გახადა. ტაიმის მიწურულს ტონგელების 5-მეტრა ხაზთან შერკინება დაინიშნა. ამ კომპონენტში საქართველო რამდენიმე თავით სჯობდა მოწინააღმდეგეს, შესაბამისად, ჩვენ ბიჭებს მოწინააღმდეგის საკუთარ ლელოში შეთრევა და ლელოს დამიწება არ გასჭირვებიათ. ლელო 8 ნომერზე მოთამაშე ვახტანგ ამირანაშვილმა მიითვალა, ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი 21:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ტონგელები გამოცოცხლდნენ და ჯერ ჯარიმით, მერე კი ტაიმიკო ფანგატუას ლელოთი და გარდასახვით, სხვაობა 11 ქულამდე დაიყვანეს. მეტოქის გამოცოცხლება 20-წლამდე “ბორჯღალოსნებმა” ლელოთი ჩააცხრეს - ვახტანგ ამირანაშვილმა დუბლი გაიფორმა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 28:10 გახდა. ამის შემდეგ ჯინჭველაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 34:10.
მეორე ტაიმის მსვლელობისას ტონგელებმა უხეშობას უმატეს. სიტუაციის შესაცვლელად ისინი არც პროვოკაციებს ერიდებოდნენ და სასიხარულოა, რომ ამას ჩვენი ბიჭები არ აყვნენ. კუნძულელების ასეთ ქმედებებს მსაჯმა უხვად ყვითელი ბარათების დარიგებით უპასუხა. მეორე ტაიმის შუაწელში, მან ტონგელებს ჯერ ერთი მოთამაშე გაუსინბინა და მოგვიანებით მის გზას მეორე მორაგბეც გაუყენა. ამ დროს შეცვლაზე შესულმა ჟორა მღებრიშვილმა, მსაჯის სასტვენის შემდეგ, შერკინებიდან შორს მოისროლა ბურთი, რის გამოც მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა და გუნდები მოედანზე 14-13-ზე დარჩნენ. მატჩის მიწურულს მარცხით განაწყენებულმა ტონგელებმა კვლავ გააგრძელეს უხეშობა, რასაც მათი 2 მოთამაშის ყვითლით გაგდება მოჰყვა. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ერთი, ხოლო ტონგამ ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და მეოთხე პრემიალური ქულის აღება ვერ მოხერხდა.
საქართველო-ტონგას მატჩის შემდეგ, B ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, აშშ-ს ნაკრებმა მასპინძელ ჰონგკონგს 37:0 სძლია. ჰონგკონგელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მთელი 80 წუთის განმავლობაში დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტურნირს ერთგიზ გამარჯვებულს და შარშან 12-საუკეთესოდან დაქვეითებულ მეტოქეს.
“ალაფის” მეორე რაუნდში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფური ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის - U20 “ბორჯღალოსნები” “არწივებს”, აშშ-ს 20 წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება და შეიძლება ითქვას, რომ მისი მოგებით დავით ვართანიანის შეგირდები სანუკვარი ფინალის საგზურს დაიბევებენ. სამწუხაროდ, ამ მატჩის ვიდეო-ტრანსლაციის ხილვა კვლავ ვერ მოხერხდება და კვლავ ტექსტური შეტყობინებებით მოგვიწევს დაკმაყოფილება.
ტონგასთან მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით ვართანიანი (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“ასეთი ანგარიშით მოგებას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ შერჩეული სტრატეგია და ტაქტიკა გაამართლებდა. ჩვენ მიზანს სათამაშო დისციპლინის დაცვა და შეკრულად თამაში წარმოადგენდა. მოწინააღმდეგე გუნდი საკმაოდ არეულად ათამაშდა, რაც სათანადოდ გამოვიყენეთ. დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ და შედეგი სახეზეა. რა თქმა უნდა, ხარვეზებიც გვქონდა, რის გამოსწორებასაც შემდეგი თამაშისთვის ვეცდებით. აშშ-ს ნაკრები სულ სხვა გუნდია, ისინი უფრო ორგანიზებულად თამაშობენ და ტაქტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოგვიწევს. ამ თამაშისთვის როლანდ კვაჭაძეც დაგვემატება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, ხოლო გიორგი აფციაურის შესახებ, ექიმების პასუხს ჯერაც ველოდებით. იმედია, ტურნირის ბოლომდე ისიც დაგვეხმარება”.
ლადო კილასონია (საქართველოს 200წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): “ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ტაიმში ორგანიზების მხრივ შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია და ჩვენი პლუსებიც გამოჩნდა - მოწინააღმდეგე შერკინებაში, მოლში და აუტში პირწმინდად დავჯაბნეთ. მეორე ტაიმის დებიუტში ცოტათი ავირიეთ და სანამ დავლაგდებოდით 10 ქულა მივიღეთ. შემდეგ ინიციატივა შერკინებამ აიღო თავის თავზე და თამაშის შემოტრიალება შევძელით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხაზი შესანიშნავად თამაშობდა დაცვაში და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ დაგეგმილი ბიჭებმა პირნათლად შეასრულეს”.
საბა შუბითიძე (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტნაი): “ბედნიერი ვარ, რადგან პირველ მატჩში ძლიერ მეტოქეს პირწმინდად ვაჯობეთ. მეტოქე შერკინებაში საგრძნობლად დავჩაგრეთ და დაცვაში კარგმა თამაშმა, რამდენიმე კარგი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მოწინააღმდეგე აგრესიულად თამაშობდა, მაგრამ ჩვენ მათი გატეხვა შევძელით. მინდა აღვნიშნო, რომ ტონგას საკმაოდ ძლიერი და მოძრავი ბიჭები ჰყავს, მაგრამ ისინი უხეშ და ბინძურ თამაშს არ ერიდებოდნენ, თუმცა, ვერც ამით შეძლეს უპირატესობის მოპოვება. როგორც კაპიტანი, მადლობას ვუხდი ყველა თანაგუნდელს ასეთი გარჯისათვის. გუნდი, როგორც ერთი ორგანიზმი, სწორედ ისე იყო შეკრული და ბიჭები არცერთი წუთით არ მოშვებულან. მოტივაცია არ გვაკლდა და შემიძლია ვთქვა, რომ გასახდელშივე ვიყავით დარწმუნებულნი, რომ მოედანს გამარჯვებულები დავტოვებდით”.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “უაღრესად კმაყოფილი ვარ. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს 34-10 ვძლიეთ და ვითამაშეთ ბრწყინვალე პირველი ტაიმი. ყველა კომპონენტში, რაც კი რაგბიში არსებობს, ჩვენმა ბიჭებმა მოწინააღმდეგეს აჯობეს. შესანიშნავი იყო დაცვა და ამას კარგი შეტევები მოსდევდა, ვიგებდით დერეფნებს. ხაზმა და ნახევარდაცვამაც კარგად ითამაშა. ერთი სიტყვით, გუნდმა კლასი გამოავლინა. მეორე ტაიმში ბიჭები ოდნავ მოდუნდნენ და გარკვეული პერიოდი დაცვაშიც მოგვიწია თამაში, ლელოც მივიღეთ, მაგრამ სიტუაცია მალევე შეიცვალა და უპირატესობა კვლავ დავიბრუნეთ. ამაზე ტონგელებმა ბინძური თამაშით გვეპასუხეს. საერთოდ, მოწინააღმდეგე მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდა და მათ ორი მოთამაშე კბენის გამო გაუგდეს. რომ ნახეს ყველაფერში ვჯობდით, პროვოკაციაზე წამოვიდნენ, მაგრამ ამას ჩვენი ბიჭები არ აჰყვნენ.
მატჩის ბოლოს დაღლა დაგვეტყო და იმდენი ლელო ვერ დავდეთ, რამხელა უპირატესობაც გვქონდა. რაც მთავარია, სტადიონზე შეკრებილი მაყურებლისათვის მთელი 80 წუთის განმავლობაში ნათელი იყო, თუ ვინ იყო მოედანზე საუკეთესო. რაც შეეხება მომავალ მოწინააღმდეგეს, ამერიკელ 20-წლამდელებს ეტყობათ, რომ კარგი და დისციპლინირებული გუნდია. ახლა მთავარია ტონგასთან მოგება დავივიწყოთ, კარგად დავისვენოთ, გავიაზროთ დაშვებული შეცდომები და აშშ-სთან გასაკეთებელი გავაკეთოთ”.
ტონგასთან საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
შერკინება: 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველიანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. ბადრი დანგაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი;
ღერძი: 9. რევაზ ბროძელი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი;
ხაზი: 11. შალვა შაშიაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. დევი დევსურაშვილი.
2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”
ჰონგკონგი. 7-19 აპრილი
A ჯგუფი
7 აპრილი
ტონგა - საქართველო 10:34
აშშ - ჰონკონგი 37:0
1 | აშშ | 1 | 1 | 0 | 0 | 37-0 | 5 |
2 | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 34-10 | 4 |
3 | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 10-34 | 0 |
4 | ჰონკონგი | 1 | 0 | 0 | 1 | 0-37 | 0 |
11 აპრილი
აშშ - საქართველო (11 საათი)
ტონგა - ჰონკონგი (13 საათი)
15 აპრილი
საქართველო - ჰონკონგი (9 საათი)
აშშ - ტონგა (11 საათი)
B ჯგუფი
7 აპრილი
იაპონია - ურუგვაი 28:33
კანადა - ნამიბია 25:37
1 | ნამიბია | 1 | 1 | 0 | 0 | 37-25 | 5 |
2 | ურუგვაი | 1 | 1 | 0 | 0 | 33-28 | 4 |
3 | იაპონია | 1 | 0 | 0 | 1 | 28-33 | 2 |
4 | კანადა | 1 | 0 | 0 | 1 | 25-37 | 0 |
11 აპრილი
იაპონია - ნამიბია (9 საათი)
კანადა - ურუგვაი (15 საათი)
15 აპრილი
ურუგვაი - ნამიბია (13 საათი)
კანადა - იაპონია (15 საათი)
19 აპრილი. პლეი ოფები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია