ამბები

14:10 | 8.04.2014 | ნანახია 1944 - ჯერ

ორი ლელო Pro D2-ში

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის 26-ე ტურში ორი ქართული ლელო გავიდა. აქ ქართველი ლეგიონერების ოთხი კლუბი თოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა” მთავარი მიზნისკენ და პირველი ელიტარული დივიზიონის პირდაპირი საგზურისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ტიმ ლეინის შეგირდებმა ამჯერად თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილის და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” 64:3 დაამარცხეს. კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 51 წუთი ითამაშა და ანგარიში მე-4-ე წუთზე სწორედ მისი ლელოთი გაიხსნა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მჭედლიძე, მერაბ შარიქაძე და კავთიძე. პირველმა ორმა სრულად ითამაშა, ხოლო კავთიძე 34-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 57-ე წუთზე შეცვალეს.

“ლიონმა” პრემიალური ქულაც აიღო და 99 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ბურგ-ან-ბრესი” 36 ქულით გასავარდნ მე-15-ე ადგილზე დაეშვა. 90 ქულით მეორე ადგილზე ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც “ნარბონი” ასევე პრემიალური ქულით, 48:17 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ტარიელ რატიანიძის “აჟენმა”, რომელმაც “კოლომიე” სტუმრად 35:22 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველი პირველხაზელი ბრძოლაში 71-ე წუთზე ჩაერთო და მისმა გუნდმა ბოლო, 1 დამატებითი ქულის მომტანი ლელო ბოლო წუთზე გაიტანა. “აჟენი” 84 ქულით მესამე საფეხურზეა.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბიმ” “დაქსი” 40:13 დაამარცხადა პრემიალური ქულა ჩაიწერა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ნემსაძემ მიიღო და სწორედ მისმა ლელომ მოუტანა გუნდს ესოდენ მნიშვნელოვანი პრემიალური ქულა. ქართველი ლელო 5-მეტრა დერეფანს მოჰყვა, გამარჯვებამ კი, “ტარბის” ჩამორჩენა მე-5-ე ადგილთან 6 ქულამდე დაიყვანა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” “მონ-დე-მარსანს” ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 19:26 დამარცხდა. პრემიალურმა ქულამ გუნდს ვერაფერი შესძინა და ის 58 ქულით მერვე ადგილზეა.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბის” ლიდერ “პოსთან” სტუმრად გამარჯვების მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ქართველ ლეგიონერთაგნ მხოლოდ თოდუამ ითამაშა, რომელიც მისთვის უჩვეულო 15 ნომრისწ პოზიციაზე 79 წუთი გაისარჯა. “ალბი” თამაშს იგებდა, მაგრამ 78-ე წუთზე ლელო გაუშვა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა. ეს გუნდი 46 ქულით მე-13-ე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 10 ქულა აშორებს.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “კარკასონთან” 20:22 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელის გუნდი ამ დრის 20:19 იგებდა, მერე ჯარიმით დაისაჯა და 20:22 დამარცხდა. თორნიკე ლომიძის “ოშმა” “ბურგონი” 36:26 დაამარცხა, მაგრამ ბოლო ადგილს ჯერ თავი ვერ დააღწია. მას 34 ქულა აქვს. 

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.160423