ამბები

19:02 | 9.04.2014 | ნანახია 5193 - ჯერ

11 აპრილი – ქართული რაგბის დატვირთული დღე

11 აპრილს რაგბის ქართველ ქომაგებს დატვირთული დღე ელით. 11:00 საათზე U20 “ბორჯღალოსნები” მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის მეორე რაუნდში აშშ-ს შეხვდებიან (მატჩის მიმდინარეობისას კვლავ ტექსტური ლაივი იწარმოებს რაგბის კავშირის Facebook და Twitter პლატფორმებზე), ხოლო თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშების მატჩი საქართველოსა და ირლანდიის 18 წლამდე ნაკრებებს შორის, რომელიც ოპალენიცას სტადიონზე შედგება.

ტურნირის ორგანიზატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მატჩის “სთრიმის” მეშვეობით ნახვა შესაძლებელი იქნება ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Eurorugby2014.pl და FIRA AER-ის Dailymotion.com/FIRA-AER პლატფორმაზე.

 

ელიტ დივიზიონი

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთში, პოზნანში 11-19 აპრილს გაიმართება.

შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ტურნირის პირველ რაუნდში ქართველი 18-წლამდელები პირველ მატჩს ირლანდიასთან გამართავენ.

მატჩი ოპალენიცას სტადიონზე, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მეორე რაუნდი 15 აპრილს გაიმართება. პირველ რაუნდში მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს U18 ნაკრები საფრანგეთი-იტალიის წყვილიდან ერთ-ერთს შეხვდება.

ტურნირის ფინალურ რაუნდში, რომელიც 19 აპრილს შედგება, ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.

 

U18 მზადებას პოლონეთში აგრძელებს

ჩვენი 18-წლამდელები პოზნანში 6 აპრილს გაემგზავრნენ, სადაც პირველი მატჩისათვის მზადებას განაგრძობენ. უმცროსი “ბორჯღალოსნები” დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის თქმით, გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია. საბედნიეროდ, მზადება ტრავმების გარეშე მიმდინარეობს.

ხვალ, 10 აპრილს ნაკრები ოპალენიცას სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავს, რომლის შემდეგაც გუნდის სამატჩო რაზმი დასახელდება.

დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ოთხი დღეა, რაც ჩამოვედით. სავარჯიშოდ კარგი პირობებია. ყოველდღე კარგ მოედანზე ვვარჯიშობთ. დღეში ორ ვარჯიშს ვატარებთ მინდორზე და ბიჭები დარბაზშიც ბევრს ვარჯიშობენ. ხვალ, ოპალენიცას სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს ჩავატარებთ.

საბედნიეროდ, გუნდში ტრავმირებული არავინაა. ბიჭებიც ოპტიმალურ ფორმაში არიან, დალაგდნენ და დაღლილობამაც გადაიარა. უკვე, შეკრებისა და ჩატარებული სპარინგ-მატჩების ეიფორიამაც ჩაიარა. აქაურ ვარჯიშებს ხარვეზების გამოსასწორებლად ვიყენებთ. რაც მთავარია, ის სუსტი მხარეები რაც “კლერმონთან” გამოჩნდა, გამოსწორებულია.

პირველივე შეხვედრა ირლანდიის 18-წლამდელთა ნაკრებთან გვაქვს. სამწუხაროდ, მათი თამაშის ნახვის და შესწავლის საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ ირლანდიელები ამ ასაკში სტაბილურად ძლიერები არიან და ჩვენც, შესაბამისად, მათთან სათამაშოდ ვემზადებით.

როგორც მწვრთნელმა მინდა განვაცხადო, რომ გუნდი გაუმჯობესებულია და კარგი მდგომარეობაა, როგორც შერკინებაში, ასევე – ხაზში. ყოველ შემთხვევაში, ირლანდიასთან თამაშში ჩვენი მხრიდან არ იქნება მხოლოდ შერკინების დომინირება, ხაზის მოთამაშეებიც საფუძვლიანად ჩაერთვებიან.

ჩვენ ელიტ-დივიზიონში ვთამაშობთ და აქ სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს, ყველა ძლიერია. ირლანდიის შემდეგ, თამაში საფრანგეთთან ან იტალისთან მოგვიწევს. ორივე ძლიერი გუნდია. იტალიასთან ჩვენ 18-წლამდელებს წინა ტურნირებზე უთამაშიათ და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულეს, მაგრამ საფრანგეთთან ჯერ არ გვითამაშია.

წელს ჩვენს მიზანს მე-6 ადგილის გაუმჯობესება წარმოადგენს და ამიტომ, ყველა მატჩს ინდივიდუალურად მივუდგებით და მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ. თუმცა, ჯერ ირლანდიის თამაშია და შესაბამისად, სრული კონცენტრაცია ამ მატჩზე გვაქვს გადატანილი“.

www.rugby.ge

http://www.youtube.com/watch?v=ZoBtgeYK0yk


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.132685