საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ რომელი გუნდები დაიკავებენ პირველ-მეორე ადგილს და შესაბამისად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენებით და სხვა პრივილეგიებით ისარგებლებენ.
ესეც რომ არა, პლეი ოფში მესამე-მეოთხე ადგილით გასვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველ ეტაპზე საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობას იძლევა, ქუთაისში და თუნდაც ბოლნისში გამგზავრება კი, თბილისურ კლუბებს წესით არ უნდა უნდოდეთ. ამრიგად, მე-17 ნაკლულ ტურში (“ჯიქები”-“ხარების” შეხვედრა ადრე გაიმართა), ბოლნისსა და თბილისში ცენტრალური მატჩები გაიმართება, დანარჩენ ორ შეხვედრაში კი, აუტსაიდერები სენსაციის მოლოდინში იქნებიან.
პირველი თამაში შაბათს, 12 აპრილს, ბოლნისში, 16 საათზე დაიწყება და იქ “ყოჩები” “არმიას” უმასპინძლებს. ეს გუნდები პლეი ოფში კომფორტული პირობების შესაქმნელად იბრძვიან, ბოლნისელები ლიდერ მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩებიან და თამაშიც ქვემო ქართლის სტადიონზე იმ იმედით დანიშნეს, რომ საკუთარი მოედნის უპირატესობა სრულფასოვნად გამოიყენონ. დარჩენილი ორი ტურის თამაშებს თუ გადავხედავთ, ლიდერ გუნდებს ერთმანეთთან უწევთ შეხვედრა და შესაბამისად, თუ “ყოჩებმა” წარმატებული სერია გააგრძელა, მისი მიზანი - რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულება შესრულებული იქნება.
დიახ, შარშან 1 დეკემბრის შემდეგ, ბოლნისელებმა შვიდმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხვეს და ერთ დროს ექვსეულში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდი, აგერ უკვე პირველ-მეორე ადგილებს უმიზნებს. მაგრამ ხელწამოსაკრავი მეტოქე არც “არმიაა” და “ყოჩებს” ღირსეულ მეტოქესთან მოუწევს საკუთარი ამბიციის დამტკიცება. საგულისხმოა, რომ ამ გუნდებს თანაბარი მაჩვენებლები აქვთ - 11 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი, მაგრამ არმიელებს ოთხით მეტი პრემიალური ქულა აქვთ აღებული და მეტოქესაც ამის ხარჯზე უსწრებენ. პირველ წრეში “არმიამ” მეტოქე 17:13 დაამარცხა.
16:30 საათზე თბილისში, “შევარდენზე” იწყება “აკადემიისა” და “არმაზის” დაპირისპირდება. სიტუაცია ამგვარია - აკადემიელთათვის ეს ფაქტობრივად უკანასკნელი შანსია, რომ გასავარდნ მე-10 ადგილს თავი დააღწიონ და გადათამაშებაში თამაშის უფლება მოიპოვონ. თავის მხრივ, “არმაზს” პრემიალური ქულით გამარჯვება მართებს, რათა ბოლო ტურში “ჯიქების” მარცხით პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნოს. მოკლედ, ორივე გუნდს საბრძოლო აქვს და მაყურებელიც მორაგბეთა თავდაუზოგავ გარჯას იხილავს, მით უმეტეს, რომ იმ დღეს თბილისში სხვა თამაში არც ტარდება. პირველ წრეში “არმაზმა” დაძაბულ ბრძოლაში 23:20 იმარჯვა.
პარალელურად, ბათუმში იწყება ადგილობრივი “ბათუმისა” და თბილისის “ლოკომოტივის” დაპირისპირება. ეს გუნდები განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. რკინიგზელებს რეგულარული პირველობის მოგების კარგი შანსი აქვთ, ხოლო ბათუმელები გასავარდნი ზონისთვის თავის დაღწევას ცდილობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ კონკურენტთა მატჩის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული, გუნდებს ბოლომდე ბრძოლა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ “ლოკომოტივმა” ზედიზედ სამი თამაში მოიგო და ზოგადად, რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდა (12), მაგრამ “ყოჩებისა” არ იყოს, პრემიალურ ქულას ხშირად ვერც ის იღებს. პირველ წრეში თბილისელებმა “ბათუმს” 36:17 სძლიეს და მაშინ 5 ქულა ჩაიწერეს.
კვირას ერთი და ცენტრალური შეხვედრაა. თბილისის “ლელო” ქუთაისის “აიას” 16:30 საათზე “შევარდენზე” მასპინძლობს. ამ გუნდებს ბოლო დროს საქმე არცთუ კარგად მისდით. ქუთაისელებმა ზედიზედ სამი წაგებით, სატურნირო ცხრილში პოზიციები დათმეს და მეხუთე ადგილამდე დაეშვნენ. დარჩენილ ტურებში მათი მიზანი მინიმუმ ოთხეულში დაბრუნება უნდა იყოს, რათა პლეი ოფში მასპინძლის უფლებით ისარგებლონ.
მცირე ჩავარდნა ჰქონდა “ლელოსაც”, როდესაც გუნდმა ზედიზედ ორი თამაში წააგო, მაგრამ გასულ კვირას “არმაზთან” დამაჯერებლად იმარჯვა და “არმიასთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. აღსანიშნავია, რომ დასკვნით ტურში ერთმანეთს სწორედ ამჟამინდელი ლიდერები ხვდებიან. პირველ წრეში “ლელომ” ქუთაისში 21:10 იმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XVII ტური
12 აპრილი
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 16:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
ბათუმი. ანგისა. 16:30 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)
13 აპრილი
თბილისი. “შევადრენი”. 16:30 საათი
ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი)
1 | არმია | 16 | 11 | 1 | 4 | 419-243 | 55 |
2 | ლელო | 16 | 11 | 0 | 5 | 440-204 | 55 |
3 | ლოკომოტივი | 16 | 12 | 0 | 4 | 367-280 | 53 |
4 | ყოჩები | 16 | 11 | 1 | 4 | 356-275 | 51 |
5 | აია | 16 | 10 | 0 | 6 | 331-214 | 48 |
6 | ჯიქები | 17 | 8 | 2 | 7 | 302-257 | 43 |
7 | არმაზი | 16 | 8 | 0 | 8 | 266-348 | 35 |
8 | ხარები | 17 | 4 | 0 | 13 | 214-404 | 19 |
9 | ბათუმი | 16 | 3 | 0 | 13 | 241-520 | 15 |
10 | აკადემია | 16 | 1 | 0 | 15 | 184-375 | 12 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია