ამბები

20:16 | 11.04.2014 | ნანახია 4851 - ჯერ

ტონგას იმედად

ახლა, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეები, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვერ იქნებიან. ჰონკონგში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” დასკვნით დღეს, მათ პრემიალური ქულით და რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაამარცხონ მასპინძელთა გუნდი და ტონგა-აშშ-ს შეხვედრას იმ იმედით დაელოდონ, რომ კუნძულელები ჩრდილოამერიკელების დამარცხებას მოახერხებენ.

მართალია, აშშ-სთან მინიმალურად დავმარცხდით (12:13), მაგრამ როგორც ჩანს, შარშან 12 უძლიერესთ შორის თამაშით მიღებულმა გამოცდილებამ, ამერიკელებს დიდი სამსახური გაუწია და მათ, უპირატესობის მოპოვება თავიდანვე მოახერხეს. საწყის 5 წუთში, მეტოქეს ორი ჯარიმა გაუცუდდა და მე-18-ე წუთზე მესამე არაზუსტი დარტყმა შეასრულა, მანამდე 6 წუთით ადრე კი, რეზი ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, მეტოქე უფრო მეტს უტევდა და მე-20 და 29-ე წუთზე შესრულებული ჯარიმები, უკვე ზუსტი აღმოჩნდა, რაზეც ჯინჭველაშვილმა თავისი მეორე დარტყმით უპასუხა ტაიმის მიწურულს - 6:6.

მეორე ტაიმის დებიუტი, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ჯინჭველაშვილმა, რომელსაც იმ დღეს დარტყმების ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, ორი ჯარიმით ანგარიში 12:6 გახადა და ჩვენთვის სასურველი შედეგი ტაბლოზე დიდი ხნით დარჩა. მაგრამ დიდხანს დაცვაში დაუსჯელად თამაში ძალიან ძნელია და 56-ე წუთზე, ბურჯი გიორგი მარგველანი მაღალი ბოჭვითვის ყვითლით დაისაჯა. კაცნაკლულმა ქართველებმა გაძლეს, მაგრამ 72-ე წუთზე, ამერიკელებმა ჩვენს 5-მეტრიან ხაზამდე მრავალფაზიანი შეტევით მიაღწიეს, მერე ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, გადამწყვეტი ლელო გაიტანეს. სამწუხაროდ, გარდასახვაც ზუსტი იყო და აშშ დაწინაურდა.

განახლდა თუ არა თამაში, ჩვენმა მოთამაშეებმა მოწინააღდეგე ჰაერში შებოჭეს, მსაჯმა მიიჩნია, რომ ეს შეცვლაზე ახალმა შესულმა ჟორა მღებრიშვილმა ჩაიდინა და პირველი მატჩის მსგავსად, მას რამდენიმე წამში ყვითლით მოუწია მოედნის დატოვება. კაცნაკლულმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის დაბრუნება და თუნდაც გასატანი ჯარიმის უფლების მოპოვება ვეღარ მოახერხა და ფინალში გასვლის შანსი გაირთულა, უფრო რეალური კი, ფაქტობრივად ტრადიციად ქცეული მესამე ადგილისთვის ბრძოლა რჩება.

 

კომენტარები

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ალბათ, ეს შედეგი ლოგიკური იყო, რადგან ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ტაქტიკური დავალება იყო, რომ ფეხით გავსულიყავით 22-დან და მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა. როდესაც ბიჭები ამას ახერხებდნენ, მაშინ ყველაფერი კარგად მიდიოდა და უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ მოწინააღმდეგემ იგივე თამაში დაგვიპირისპირა და სამწუხაროდ, უფრო ხშირად დაცვაში მოგვიწია ყოფნა, ვიდრე შეტევაში. ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. ორი ყვითელიც გვქონდა და გავუშვით ისეთი ლელო, რომელიც არ უნდა გავეშვა. ჩვენი პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ და აშშ-მ დღევანდელი შეხვედრა დამსახურებულად მოიგო.

ალბათ, წარმოგიდგენიათ, თუ როგორი განადგურებულია გუნდი, მაგრამ ეხლა მთავარია, ეს თამაში დავივიწყოთ და ემოციები გვერდზე გადავდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ის თეორიული შანსი, რაც გვრჩება, ბოლომდე გამოვიყენოთ - ჰონკონგს ბონუსით უნდა მოვუგოთ და ვუგულშემატკივროთ ტონგას, რათა მათ ამერიკას ისე მოუგონ, რომ ამერიკელებმა ბონუს ქულა ვერ აიღონ. თვითკრიტიკულად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი თამაში და დაშვებული შეცდომები და ვაჩვენოთ ისეთი თამაში, როგორიც ნამდვილად შეგვიძლია. მთავარია, ბიჭებმა საბრძოლო განწყობა აღიდგინონ და შემდეგი თამაში ღირსეულად ვითამაშოთ”.

ლადო კილასონია (20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): “ეს არ იყო ის გახსნილი თამაში, რომელსაც მოველოდით. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენს ნახევარზე ხელით ვთამაშობდით და სწორედ აქ ვიღებდით ბევრ ჯარიმას. გაგვიმართლა, რომ აშშ-ს მგეზავმა რამოდენიმე ჯარიმა ააცილა, პირველივე ტაიმში ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. მეორე ტაიმში ბიჭებს ჰქონდათ მითითება, რომ ჩვენს ნახევარზე, შეძლებისდაგვარად, ნაკლებად ეთამაშათ და ფეხით გასულიყვნენ 22-დან. რამდენეჯერაც ეს დავალება შეასრულეს, უკეთესად ათამაშდნენ და აშშ-მ რამოდენიმე ჯარიმა მიიღო. ამ დროს თამაშსაც ვაჩქარებდით და სწრაფი რაქებიც გვქონდა, მაგრამ 80 წუთიდან 50 წუთი, ჩვენს ნახევარზე მოგვიწია ყოფნა.

საერთო ჯამში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დღევანდელი თამაში უდისციპლინობისა და ტაქტიკურად გაუმართავი თამაშის გამო დათმო. ამით, ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ, ტონგასა და აშშ-ს მატჩია. ჩვენ ბონუსით უნდა მოვუგოთ ჰონკონგს და თუ ტონგა ასევე ბონუსით დაამარცხებს აშშ-ს, მაშინ ჯგუფში პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ და შესაბამისად, ფინალში ვითამაშებთ”.

 

2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”

ჰონკონგი. 7-19 აპრილი

A ჯგუფი

11 აპრილი

აშშ - საქართველო 13:12 (6:6)

საქართველო: 15. დავით გულიტაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. შალვა შაშიაშვილი; 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი (20. თეიმურაზ თუთბერიძე 74); 1. ზაურ ხარებავა (17. ბექა კაკაბაძე 66), 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. ფარნავაზ გასვიანი (18. დავით პაპავაძე 64), 5. ბესო ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაკაბაძე 57-65, 16. გიორგი ტორაძე 73), 7. ბადრი დანგაძე (19. ჟორა მღებრიშვილი 72) 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

არ შესულან: 22. დევი დევსურაშვილი, 21. გიორგი ბაბუნაშვილი

4 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

2 სინბინი: მარგველანი (56), მღებრიშვილი (73)

 

ტონგა - ჰონკონგი 39:16

 

1.         აშშ                         2               2              0            0            50-12            9
2. საქართველო                       2 1 0 1 46-23            5
3. ტონგა 2 1 0 1 49-50            5
4. ჰონკონგი 2 0 0 2 16-76            0

 

15 აპრილი

საქართველო - ჰონკონგი (9 საათი)

აშშ - ტონგა (11 საათი)

 

B ჯგუფი

11 აპრილი

იაპონია - ნამიბია 34:28

კანადა - ურუგვაი 18:18

 

1.          იაპონია                              2               1               0            1            62-61            7      
2. ნამიბია 2 1 0 1 65-59 6
3. ურუგვაი  2 1 1 0 51-46 6
4. კანადა 2 0 1 1 43-55 2

 

15 აპრილი

ურუგვაი - ნამიბია (13 საათი)

კანადა - იაპონია (15 საათი)

 

19 აპრილი. პლეი ოფები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142418