ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა”, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის 27-ე ტურში პრემიალური ქულით მოგებით, Top 14-ში დაბრუნებისკენ მორიგი მძლავრი ნაბიჯი გადადგა და მიზნის ოფიციალურად გაფორმებისთვის დარჩენილ სამ მატჩში ერთი ქულაც ჰყოფნის.
“ლიონი” “დაქსს” ეწვია, ერთის პასუხად ოთხი ლელო გაიტანა და 34:13 იმარჯვა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა სტუმრებს დიდი წინააღმდეგონა გაუწიეს, ადრეულ ლელოს ორი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 6:7 დათმეს. შესვენების შემდეგ საქმეში ქართველი მესამეხაზელიც ჩაერთო და ლიონელები მოედნის ბატონ-პატრონი გახდნენ. სტუმრებმა ჯერ ორი ჯარიმა გაიტანეს,მერე სამჯერ აიღეს მასპინძელთა ჩათვლის მოედანი და 66-ე წუთზე 34:6 დაწინაურდნენ. მერე ერთი ლელო “დაქსმაც” გაიტანა, თუმცა, ამას “ლიონისთვის” არაფერი დაუკლია. ის ახლა 104 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებს.
ტურის ცენტრალურ მატჩში ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” 33:18 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და მას 1 ქულამდე მიუახლოვდა. ქართველი პირველხაზელებიდან განაცხადში მხოლოდ ყაულაშვილი იყო და მან პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა. სტუმრებმა შესვენებამდე 6 ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ გაშლილი თამაშით სამი ლელო მიიღეს და 18:21 ჩამორჩნენ. შესვენების შემდეგ ჯერ არეკნით და მერე ჯარიმებით ქულები მხოლოდ “აჟენმა” აგროვა და დიდი სხვაობით იმარჯვა.
ამრიგად, “აჟენს” 89 ქულა გაუხდა და მესამე ადგილზეა, ხოლო “ლა როშელი” 90 ქულით მეორე პოზიციაზეა. მეოთხე-მეხუთეადგილოსნებს 81-81 ქულა აქვთ და დიდი ალბათობით, ქართველთა ეს გუნდები პლეი ოფის ერთმატჩიან ნახევარფინალში მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ.
პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, რომელიც 75 ქულით მეექვსე ადგილზეა და დარჩენილ სამ მატჩში 6-ქულიანი დეფიციტი აქვს აღმოსაფხვრელი. განვლილ ტურში ქართველი სამეულის გუნდმა “მონ-დე-მარსანს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 29:28 იმარჯვა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ მეორეხაზელმა ნემსაძემ ითამაშა, რომელიც 37-ე წუთზე დროებით შეცვალეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და ბოლომდე გაისარჯა.
“ტარბმა” ტაიმი 9:13 დათმო, მაგრამ მეორე ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში (51-იდან 61 წუთამდე) 17 უპასუხო ქულა აიღო (2 ლელო და გარდასახვა და 1 ჯარომა) და 26:13 დაწინაურდა. თითქოს ყველაფერი აქ დასრულდა, მაგრამ “მონ-დე-მარსანმა” 69-ე და 71-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანა და ერთი გარდასახვა გამოიყენა, 76-ეზე კი, ჯარიმით 28:26 დაწინაურდა. ბოლო წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება “ტარბმაც” მიიღო, ბურთმა ძელებსშუა გაიარა და გუნდმა პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
უმოტივაციოდ დარჩენილმა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” “პოს” ქართველი ლეგიონერების გარეშე უმასპინძლა და 16:18 დამარცხდა. ის 59 ქულით მერვე ადგილზეა.
თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილისა და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” დაუხვდა და 19:13 იმარჯვა. თამაშში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სამივე ძირითად შემადგენლობაში იყო. გარემარბმა მჭედლიძემ სრულად ითამაშა, შუამარბმა შარიქაძემ მოედანზე 66 ქულა გაატარა, ხოლო სტუმართა პირველხაზელი შეყლაშვილი მე-60-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ 28 წუთის შემდეგ სტუმრები 13:3 იგებდნენ, მაგრამ მერე ქულის აღება ვეღარ მოახერხეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ერთი ჯარიმა გაიტანეს, მეორე ნახევრის 20 წუთში კიდევ ორი, ხოლო 66-ე წუთზე ლელო მიითვალეს, გარდასახვა გამოიყენეს და მნიშვნელოვანი 4 ქულა ჩაიწერეს.
მიუხედავად ამისა, “ბურგ-ან-ბრესი” 40 ქულით ბოლოსწინა მე-15-ე ადგილზეა და “კარკასონს” 1 ქულით ჩამორჩება. ბოლოსწინა ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და სავარაუდოდ, ბევრი რამ სწორედ იქ გადაწყდება. “ბეზიე” 54 ქულით მე-11-ეა და თავი ქუდში აქვს.
ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბიმ” თორნიკე ლომიძის “ოში” 22:15 დაამარცხა და 50 ქულით მე-12-ე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო “ოში” 35 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა. განვლილ მატჩში ფულბეკის პოზიციაზე სრულად ითამაშა თოდუამ, ხოლო პირველხაზელი თეთრაშვილი შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა, თუმცა, 75-ეზე დაშავდა და თავად გახდა შესაცვლელი. “ალბიმ” პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ჯარიმა გაიტანა და ერთ შემთხვევაში სტუმრები თოდუაზე დაჯარიმდნენ, როდესაც ის უბურთოდ შებოჭეს.
მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი ჯარიმა გაქვითეს, მაგრამ მალევე ლელო მიიღეს და გარდასახვაც ზუსტი იყო. ამაზე სტუმრებმაორი ლელოთი და ერთი გარდასახვით უპასუხეს, რითაც სიტუაცია დაძაბეს, მაგრამ 73-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, საბოლოო შედეგი ისევ “ალბიმ” დააფიქსირა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 26 აპრილსაა დანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია