ამბები

19:12 | 14.04.2014 | ნანახია 4556 - ჯერ

ფინალში გასვლის მცირედი შანსი

ხვალ დილით, თბილისის დროით 09:00 საათზე, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს და ფინალში გასვლის მცირედი შანსის შესანარჩუნებლად, უცილობლად პრემიალური ქულით გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

დიახ, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მასპინძელი ჰონკონგი რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაამარცხონ და თან ოთხი ლელოს გატანით პრემიალური ქულაც ჩაიწერონ, მერე კი, ტონგასა და აშშ-ს ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს დაელოდნონ. ჰონკონგის დიდი სხვაობით ძლევა პრობლემა სულაც არაა და წესით ქართველებს ეს არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ შეძლებს თუ ვერა ტონგა აშშ-ს საჭირო ანგარიშით დამარცხებას, ეს მართლაც საკითხავია.

ჰონკონგთან იოლი მოგება ვახსენეთ, მაგრამ საქმე მთლად ასე მარტივადაც არაა. აზიელებმა პირველ ტურში აშშ-ს პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ტაიმი 0:8 დათმეს, საბოლოოდ კი, 0:37 გატყდნენ. მეორე ტურში ჰონკონგი ტონგას პირველი ტაიმის შემდეგ 3:13 ჩამორჩა და მატჩის განახლებისთანავე ლელო-გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ ხუთი ლელო მიიღო და 16:39 დამარცხდა. ეს ამ გუნდის კლასის და ფიზიკური მომზადების ნაკლებობაზე უნდა მეტყველებდეს, მაგრამ აზიელთა დაუფასებლობა დაუშვებელია, რადგან თუ პირველ ტაიმში სასურველი შედეგის დაფიქსირება შეძლეს, მერე პირველი გამარჯვებისთვის თავდადებულად იბრძოლებენ და პრემიალური ქულით კი არა, გამარჯვებაც გართულდება.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნაკრების მწვრთნელებს და თავად მორაგბეებს გააზრებული ექნებათ და თავის გასაკეთებელს პირნათლად შეასრულებენ. მომავალი მატჩისათვის მწვრთნელებმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. რევაზ ბროძელი, რომელმაც წინა თამაშები 9 ნომერზე დაიწყო, ამჟამად გიორგი ტალახაძის ნაცვლად შუამარბად მოგვევლინება, ხოლო გარემარბის პოზიციაზე შალვა შაშიაშვილს დევი დევსურაშვილი შეცვლის. თავის მხრივ, 9 ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა თემურ თუთბერიძე, რომელიც აქამდე ბროძელის შემცვლელი.

მეორე ხაზში ფარნავაზ გასვიანის ადგილს როლანდ კვაჭაძე დაიკავებს, ხოლო მესამე ხაზში ბადრი დანგაძეს გიორგი სორდია შეცვლის. სამწუხაროდ, ტრავმა კვლავაც ვერ მოიშუშა გიორგი აფციაურმა და ის მოედანზე ბერც ამჯერად გავა. გუნდმა დღეს დილით უკვე ჩაატარა კაპიტნის ვარჯიში და თამაშის მოლოდინშია.

თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება ტონგასა და აშშ-ს ნაკრებების შეხვედრა და აქ კუნძულელებმა ჩრდილოამერიკელები ისე უნდა დაამარცხონ (თუ საერთოდ დაამარცხეს), რომ მათ ორი პრემიალური ქულა ვერ აიღონ, ანუ  7-ზე მეტი ქულის სხვაობით და 4 ლელოს გაუშვებლად. ამასთან, თავად ტონგამ არ მოიგოს უსაშველოდ დიდი სხვაობით. ეს იმიტომ, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გატანილ-გაშვებულ ქულებს მიენიჭება და აქ უნდა შეძლონ “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეების ჩამოტოვება, რისი განხორციელებაც სასურველი სცენარის განვითარების შემთხვევაში სავსებით რეალურია.

 

2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”

ჰონკონგი. 7-19 აპრილი

A ჯგუფი

15 აპრილი

საქართველო - ჰონკონგი (9 საათი)

საქართველო: 15. დავით გულიტაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი, 11. დევი დევსურაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესო ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ.), 7. გიორგი სორდია 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. ფარნავაზ გასვიანი, 19. დავით პაპავაძე, 20. ჟორა მღებრიშვილი, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. შალვა შაშიაშვილი.

აშშ - ტონგა (11 საათი)

 

1           აშშ                                    2            2          0           0         50-12         9
2 საქართველო 2 1 0 1 46-23 5
3 ტონგა 2 1 0 1 49-50 5
4 ჰონკონგი 2 0 0 2 16-76 0

 

B ჯგუფი

15 აპრილი

ურუგვაი - ნამიბია (13 საათი)

კანადა - იაპონია (15 საათი)

 

1            იაპონია                      2           1            0           1           62-61            7
2 ნამიბია 2 1 0 1 65-59 6
3 ურუგვაი 2 1 1 0 51-46 6
4 კანადა 2 0 1 1 43-55 2

 

19 აპრილი. პლეი ოფი

რაგბის კავშირის ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.162985