ამბები

14:33 | 19.04.2014 | ნანახია 4520 - ჯერ

18-წლამდელებმა პორტუგალია დაამარცხეს

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ელიტური ჩემპიონატის დასკვნით მატჩში პორტუგალია 26:3 დაამარცხა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

განვლილი ორი მატჩის მსგავსად, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” პირველი ტაიმი ახლაც კარგად ჩაატარეს და მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს. მართალია, ანგარიში პორტუგალიამ ჯარიმით გახსნა, მაგრამ მალევე ბესიკ გოგოლაძემ ლელოთი უპასუხა, 25-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ბექა გორგაძემ დაამიწა, ხოლო ტაიმის ბოლოს ჩათვლის მოედნის ხაზი გიორგი კოშაძემ გადაკვეთა. პირველ ორ ჯერზე გარდასახვები ვასილ ლობჟანიძემ გამოიყენა, მესამე დარტყმა კი, ირაკლი სვანიძემ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ განვლილი ორი მატჩის პირველ ტაიმებში, ქართველებმა ირლანდიას 10:5, ხოლო იტალიას 13:5 მოუგეს, მაგრამ მეორე ტაიმებში ქულა ვეღარ აიღეს და პირველ ჯერზე 10:20, მეორეზე კი, 13:15 დამარცხდნენ. ამჯერად მეორე ტაიმში ქულის აღება პორტუგალიამ ვერ მოახერხა, მაგრამ დიდად ვერც ჩვენმა 18-წლამდელებმა გამოიჩინეს თავი და მონაგარს მხოლოდ თორნიკე ზოიძის ლელო შემატეს. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 26:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085651