ამბები

19:26 | 25.04.2014 | ნანახია 4006 - ჯერ

ლევან დათუნაშვილი - “ორიაკის” საუკეთესო მორაგბე!

 

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, წელს გამორჩეულ სეზონს ატარებს. “ლევანოე ლომგულმა” (როგორც მას საფრანგეთში ეძახიან) საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხომ დაუღალავად იბურთავა და საკუთარ კლუბ “ორიაკშიც”, პირადად მას, წარმატებული სეზონი ჰქონდა.

ეს კლუბშიც დაუფასეს და სეზონის სამ მორაგბეს შორის, ერთ-ერთი სწორედ ქართველი მეორეხაზელი გახდა. გუნდის ვიცე-კაპიტანი იქ კიდევ სამ სეზონს გაატარებს, ზაფხულიდან კი, მას მერაბ შარიქაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი შეუერთდებიან. “მსოფლიო სპორტი” დათუნაშვილს საფრანგეთში დაუკავშირდა და კლუბში მიმდინარე ამბების პარალელურად, ეროვნულ გუნდზეც გაესაუბრა.

-       შარშან პლეი ოფში გასულმა “ორიაკმა”, წლევანდელი ჩემპიონატიც კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ჩავარდნა მოხდა და გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში დარჩა. რა იყო ამის მიზეზი?

-       გუნდის ჩამოყალიბებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ჩვენ კი, ზაფხულში ექვსი-შვიდი ისეთი მორაგბე გავუშვით, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად თამაშობდნენ. მათ ნაცვლად, “ორიაკის” ესპუარებიდან თუ სხვა გუნდებიდან ახალგაზრდა ბიჭები დაწინაურდნენ და გუნდთან სათანადოდ შერწყმა ვერ მოახერხეს. შედეგად, ოთხი გადამწყვეტი, საშინაო თამაში დავთმეთ. ახლა სწორედ ის 16 ქულა გვაკლია მეხუთე ადგილისთვის საბრძოლველად.

წინ კიდევ სამი თამაშია, მაგრამ ახლა, პლეი ოფისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ და ამ შეხვედრებს, უფრო მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. გარდა ამისა, შარშანწინ ჩემპიონატი მე-13-ე ადგილზე დავასრულეთ და გასულ სეზონში ჩვენი წარმატებული თამაში, მეტოქეთათვის მოულოდნელი იყო. წელს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით გვეთამაშნენ და მარცხების მიზეზი ესეც იყო.

-       სეზონის დასაწყისში რა იყო გუნდის მიზანი?

-       მინიმუმ, მეხუთე ადგილის დაკავება და პლეი ოფში თამაში. ისე გამოვიდა, რომ წელს მიზანი ვერ შევასრულეთ, მაგრამ კარგ მოთამაშეებს ვიმატებთ და იმედია, გაისად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.

-       ახალ მორაგბეებს შორის, ქართველებიც იქნებიან?

-       დიახ. “ბურგ-ან-ბრესიდან” ჩვენთან გადმოდის საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბი მერაბ შარიქაძე, რომელმაც “ორიაკთან” სამწლიან კონტრაქტს, დაახლოებით ერთი თვის წინ მოაწერა ხელი. გარდა ამისა, თბილისის “ჯიქებიდან” ასევე სამწლიანი კონტრაქტით გვემატება ახალგაზრდა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი. გუნდს დატოვებს ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი და კარიერას “პოში” გააგრძელებს. მან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამრიგად, ახალ სეზონში, გუნდში სამი ქართველი გარანტირებულად ვიქნებით და ვნახოთ, ეგებ, კიდევ ვინმე დაგვემატოს.

-       “ორიაკში” ორი ახალგაზრდა ქართველის გადასვლასთან, თქვენ რა კავშირი გაქვთ?

-       ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი მაიკლ ბრედლიმ ითამაშა. სწორედ ის დაუკავშირდა ჩვენს მწვრთნელ ჟერემი დევიდსონს და რეკომენდაცია გაუწია. გუნდში ამ ბიჭების თამაშები ნახეს, მოეწონათ და კონტრაქტებიც გააფორმეს. ნიკოლოზი ერთი კვირით გუნდში იყო ჩამოსული, სინჯების შემდეგ ხელშეკრულება გაფორმდა და დროებით თბილისში დაბრუნდა, ზაფხულიდან კი ჩვენ შემოგვიერთდება. კარგია, რომ აქ მარტო არ ვიქნები.

-       შარიქაძემ და ხატიაშვილმა პროფესიული კონტრაქტები გააფორმეს, თუ ესპუარების?

-       მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ახალგაზრდები არიან, პროფესიული კონტრაქტები გაუფორმეს. Top 14-ის მსგავსად, პროფესიულ კონტრაქტებზე აქაც შეზღუდვაა. მერაბიზე ეჭვიც არ მეპარებოდა და გამიხარდა, რომ პროფესიული შეთანხმება ნიკასაც გაუფორმეს. ორივენი სასტარტო შემადგენლობის მორაგბეებად მოიაზრებიან, ახალგაზრდები არიან და მწამს, გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

-       თქვენ რამდენი ხანი დარჩებით “ორიაკში”?

-       გუნდთან შარშან ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და აქ კიდევ სამი წელი გარანტირებულად დავრჩები. შეთანხმებაში არის მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ შეთავაზება ელიტა 1-ის გუნდიდან მექნება, არ შემაფერხებენ. რაც შეეხება ელიტა 2-ს, ამ შემთხვევაში გუნდის გამოცვლას არც ვფიქრობ. “ორიაკის” ვიცე-კაპიტანი ვარ, აქ ყველაფერს შევეჩვიე და სხვაგან წასვლა არც მინდა. ორიაკი პატარა ქალაქია. ჩვენს რეგიონს ელიტა 1-ში მხოლოდ “კლერმონი” ჰყავს და ელიტა 2-ში ჩვენ ვართ. სხვა სპორტის სახეობები პოპულარული არაა და გულშემატკივრების ნაკლებობას არ ვუჩივით. ახლახანს მერიამ ახალი ტრიბუნაც ააშენა და იმედია, მაყურებელი და გულშემატკივარი უფრო მეტი გვეყოლება.

-       პირადად თქვენთვის, რამდენად წარმატებული იყო მიმდინარე სეზონი?

-       საკუთარ თავზე საუბარი ძალიან ძნელია. როგორც უკვე აღვნიშნე, ვარ გუნდის ვიცე-კაპიტანი და ახლახანს “ორიაკის” ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. გამოკითხვაში გულშემატკივრები, სპონსორები, პრეზიდენტი, მწვრთნელები და მოთამაშეები მონაწილეობდნენ. მათ სამი საუკეთესო მორაგბე გამოავლინეს და ერთ-ერთი მე ვიყავი, რისთვისაც სპეციალური პრიზი - დანები გადმოგვეცა. მსგავსი გამოკითხვა ყოველ წელს ტარდება, მე კი პირველად გამომარჩიეს.

-       გუნდის გაძლიერების ფონზე, მომავალ სეზონში რა გეგმებს ისახავთ?

-       ამ თემაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, პლეი ოფში გასასვლელად ვიბრძოლებთ. ამ მიზნის შესრულება შესაძლებელია, უბრალოდ, მეტი მობილიზება გვმართებს და წლევანდელის მსგავსი თამაშები აღარ უნდა წავაგოთ.

-       საქართველოს ნაკრებმა, სამოასთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ერთა თასი არცთუ დამაჯერებელი თამაშის ფონზე მოიგო.

-       სამოასთან ისეთ დღეს ვითამაშეთ (გიორგობა), რომ უფლება არ გვქონდა წაგვეგო. ეს იყო დიდი გამარჯვება მთელი ქართული რაგბის. მწვრთნელები ცდილობენ, რომ თამაში გაშალონ და დააბალანსონ შერკინებისა და ხაზის თამაში. ვფიქრობ, ყოველი მომდევნო შეხვედრისას პროგრესი თვალშისაცემია და რუმინეთთან საწყისი 20 წუთის შემდეგ ვაჩვენეთ, რომ სასურველ ხარისხთან ძალიან ახლოს ვართ. ყოველთვის ძნელია, რომ ნაკრებში ჩახვიდე კლუბიდან და ერთ კვირაში იმ თამაშზე გადაეწყო, რასაც ნაკრების მწვრთნელები გთხოვენ. რაც მთავარია, მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდან გავედით. ამით, მიზანი შევასრულეთ და მოსამზადებელი ორ-სამთვიანი პროგრამის შემდეგ, სწორედ ინგლისში უნდა გამოჩნდეს, თუ რა დონეზე ვართ და რამდენად გავიზარდეთ.

-       2015 წელს გაცხადებული მიზანი, ორი თამაშის მოგებაა და რამდენად შესრულებადია ამის მიღწევა?

-       უწინარესად, მინდა ვთქვა, რომ შერკინებისა და ხაზის დაბალანსებული თამაშის გარეშე არაფერი გამოვა. აფრიკიდან, სავარაუდოდ, ნამიბიასთან მოგვიწევს თამაში და მათ ექნებათ იმის ამბიცია, რომ მსოფლიო თასზე ერთი თამაში მაინც მოიგონ. არ იქნება ადვილი თამაში, მით უმეტეს, რომ მათ ორმაგი მოტივაცია ექნებათ, რადგან 2007 წელს 30:0 მოვუგეთ.

ტონგას ნაკრებთან უფრო მძიმე თამაში გველის. ეს არის ძლიერი ნაკრები, რომელმაც გასულ მსოფლიო თასზე თვით საფრანგეთს მოუგო. მიუხედავად ამისა, მათთან გამარჯვება შესაძლებელია. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ნაკლებად მივცეთ ბურთი, ხარისხიანები ვიყოთ შერკინებაში, დერეფანში და თავდაუზოგავად გავისარჯოთ დაცვაში. ეს ყველაფერი, მოსამზადებელ პერიოდზე იქნება დამოკიდებული. ამ გუნდის სათითაო მორაგბეებს რომ შევხედოთ, თითქმის ყველა მათგანი ელიტურ დივიზიონებში თამაშობეს და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან. ვფიქრობ, მათ აკლიათ გუნდური თამაში, სტაბილური შერკინება და დერეფანი. სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ.

-       ტონგას ნაკრებს, ამა წლის ნოემბერში თბილისში ვიხილავთ და მათ გარდა, იაპონიას და ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიას შევხვდებით...

-       სამი სერიოზული თამაში გველის და მოხარული ვარ ასეთ გუნდებს რომ ვეთამაშებით. წინასწარ პროგნოზებს ვერცერთ მათგანზე ვერ გავაკეთებ. ტონგას და იაპონიას საქართველოში ვეთამაშებით, ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიას კი, “ავივა სტედიუმზე” და ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. იმედია, მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბება და მოფლიო თასის წინ, ეს სამი თამაში უდიდეს სარგებელს მოგვიტანს.

-       მსოფლიო თასს დავუბრუნდეთ. ახალ ზელანდიასთან თამაშს, ალბათ, ყველა მორაგბე განსაკუთრებულად ელოდება.

-       რა თქმა უნდა. კარიერაში ერთხელ მაინც მათ წინააღმდეგ თამაში, ენით აუღწერელი ბედნიერებაა. რაც შეეხება არგენტინას, ესაა მსოფლიო დონის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველას უჭირს. თუმცა, ზაფხულში დავამტკიცეთ, რომ მათთან თამაში შეგვიძლია და თუ გარკვეულ ფაზებს გავაძლიერებთ, ისევე, როგორც ტონგასთან, მათთან მოგების შანსიც გაჩნდება.

-       მსოფლიო თასზე ტონგას თუ მოვუგეთ, შემდეგ არგენტინა გველის. იქ გამარჯვება ჯგუფიდან გასვლის ტოლფასი იქნება.

-       ვფიქრობ, ძალიან ადრეა საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი. ზოგადად, მსოფლიო თასზე ბევრი ფიქრიც ადრეა. წინ გვაქვს სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი, 2015 წლის ერთა თასი და ამ თემაზე უფრო კონკრეტულად, სჯობს, 2015 წლის ზაფხულში ვისაუბროთ. ცოტა ხნის წინ, სამოასთან მოგებაზე ვერც ვიფიქრებდით, მაგრამ ეს შევძელით და შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არგენტინასთან კი არა, ჩემი აზრით, ტონგას აუცილებლად მოვუგებთო, ასეთი საუბარიც ნაადრევია.

-       ივნისში თბილისის თასი გველის და თუ ითამაშებთ ამ ტურნირზე?

-       ნაკრებში გამოძახებულთა სია ჯერ არ მინახავს, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ეს მაისის ბოლოს გაირკვევა. წელს დამღლელი სეზონი გვქონდა, მაგრამ თუ მწვრთნელები გადაწყვეტენ, მზად ვარ, საქართველოს სახელით ნებისმიერ დროს ვითამაშო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101334