საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე სამი თამაში დარჩა, მაგრამ კვირას გასამართი შეხვედრები ჩემპიონობისთვის ბრძოლის კუთხით ვეღარაფერს შეცვლის.
მე-18 ტურის შაბათის, ცენტრალური თამაშები ისეთი შედეგებით დასრულდა, რომ მოწინავე 7 ადგილზე გუნდები საბოლოოდ გადანაწილდნენ და შესაბამისად, უკვე ცნობილია თუ როგორ დაწყვილდებიან პლეი ოფის პირველ და მეორე ეტაპზე რეგულარული პირველობის ექვსი გუნდი. მიუხედავად ამისა, ხვალინდელი შეხვედრების შედეგებს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამით გაირკვევა მე-10-ე, პირდაპის გასავარდნ ადგილზე გუნდი, მე-9-ე - გადათამაშებაში მონაწილე გუნდი და ის ერთი ბედნიერი, რომელიც უმაღლესში თამაშის უფლებას ახლავე შეინარჩუნებს.
რაც შეეხება შაბათის ტამაშებს, ორივე მათგანის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. “არმია”-“ლელოს” წყვილს შორი გამარჯვებული, ნაადრევად იბევებდა პლეი ოფში მეორე ეტაპიდან ჩართვას და შესაბამისად, ფინალსაც მნიშვნელოვნად უახლოვდებოდა. “ლოკომოტივი” პარალელურ მატჩში გამარჯვებით, ასევე იბევებდა მეორე ადგილს და პლეი ოფში ისიც მეორე ეტაპიდან ჩაებმებოდა, ანუ იღებდა იმავე უფლებას, რასაც პირველ ადგილზე გასული გუნდი. თავის მხრივ, “ყოჩები” გამარჯვებით მეოთხე ადგილს ინარჩუნებდნენ და შესაბამისად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლობის უფლებას იღებდნენ, ანუ ქუთაისში თამაშს თავიდან ირიდებდნენ.
“შევარდენზე” გამართულ მატჩში პირველივე წუთებიდან შეინიშნებოდა დაძაბულობა. თამაშამდე ცოტა ხნით ადრე წვიმა დაიწყო და ამან თამაშს თავისი დაღი დაასვა. “ლოკომოტივი” მეტოქეს შერკინებაში აშკარად სჯაბნიდა, მაგრამ პირველ ტაიმში თამაში ვერაფრით დაალაგა, რამდენიმე ტაქტიკური შეცდომაც დაუშვა და შესვენებაზე 9-ქულიანი დეფიციტით გავიდა. თავის მხრივ, “ყოჩები” უკეთ გამოიყურებოდა ღია თამაშში, ტაქტიკურადაც უკეთ მოქმედებდა და მათ მიერ მიღებული ჰანდიკაპიც ლოგიკური იყო.
ბოლნისელებმა ანგარიში მე-8-ე წუთზე გახსნეს, როდესაც გუნდის კაპიტანმა და მთავარმა ბომბარდირმა თემურ სოხაძემ კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. “ლოკომოტივს” მალევე მიეცა წონასწორობის აღდგენის შანსი, მაგრამ დაახლოებით 21 მეტრიდან ჯარიმის გატანა ლელოზე თამაში არჩია და მერე ბურთი დაკარგა. ამას ზედიზედ სამი შერკინება მოყვა “ყოჩების” ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, მაგრამ საბოლოოდ მოიერიშეებმა ბურთი დაკარგეს და სოხაძემ ფეხით სიტუაცია განმუხტა. ასე დარჩა უქულოდ “ლოკომოტივი” ხელსაყრელი მდგომარეობიდან.
ტაიმის შუაში “ყოჩებმა” კარგი შეტევა წამოიწყო და ჯერ ნიკოლოზ ჩხიკვაძემ და მერე რატი ურუშაძემ იარეს კარგად, სოხაძემ მომენტი შეარჩია და ანგარიშის გაზრდა არეკნით სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მალევე გიორგი ბეგაძემ ითამაშა ფეხით კარგად და თავისი ნახევრიდან ბურთი აუტში ზედ ალამთან გადაიტანა. 25-ე წუთზე “ლოკომოტივი” დაჯარიმდა კარიდან დაახლოებით 15 მეტრში პირველ ჯერზე “ყოჩებმაც” ლელოზე თამაში გადაწყვიტა, მაგრამ მეტოქე მეორედაც რომ დაჯარიმდა, სოხაძემ ანგარიში 6:0 გახადა.
“ლოკომოტივი” დიდი ენერგიის ხარჯზე მოპოვებულ მეტრებს შეცდომების გამო კარგავდა და ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის 22-იდან კონტრშეტევაც მიიღო. ირაკლი გეგენავა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 15 მეტრიდან დაიძრა, სამ მცველს ფინტებით დაუსხლტა და დაახლოებით 45 მეტრი ირბინა, მაგრამ ბოლო მცველს ვეღარ გასცდა. ტაიმის ბოლოს ჩხიკვაძემ შერკინებიდან კარგი იერიში წამოიწყო და ბურთი შავლეგ მახარაშვილს გაატანა, რომელზეც მცველები დაჯარიმდნენ და სოხაძემ 45 მეტრიდანაც უშეცდომოდ დაარტყა. თამაში რომ განახლდა “ლოკომოტივმა” გასატან პოზიციაზე კიდევ ერთხელ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ ამჯერადაც ლელოზე გააკეთა არჩევანი და დერეფნიდან შეუტია, მაგრამ შეტევაში დაჯარიმდა. ტაიმის მიწურულს არეული თამაში გაჩაღდა, რომლითაც უპირატესობა “ლოკომოტივმა” მოიპოვა, მაგრამ მიღებული შანსი კვლავ ვერ გამოიყენა და ტაიმი 0:9 დასრულდა.
როგორც ჩანს, შესვენებაზე “ლოკომოტივის” მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს და მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. რკინიგზელებმა თამაშში თავიანთივე შეყვანილი ბურთი მოიგეს, ჯარიმის უფლება დაიმსახურეს და ბექა წიკლაურმა 20 მეტრიდან კარში დაარტყა - 3:9. 9-ქულიანი უპირატესობა მალევე აღდგა, რადგან ოხაძემ კარიდან მარჯვნივ 36 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ უპირატესობის გაზრდის შანსი კვლავ “ყოჩებს” ჰქონდა. პირველ ჯერზე მათ ცემტრალურ ხაზთან მეტოქეს ბოჭვისას დააკარგვინეს ბურთი, მას ფეხი წაკრეს და ერთბაშად სამი მიყვა, მაგრამ ერთმა მცველმა სამივეს აჯობა, ხოლო 50-ე წუთზე, მანამდე შორი დისტანციებიდან ასპროცენტიანმა სოხაძემ ახლო მანძილიდან გასატანი ჯარიმა გააფუჭა.
ამასობაში წვიმა გაძლიერდა და “ლოკომოტივი” გამოცოცხლდა. 54-ე წუთზე წიკლაური ფეხით გადაკიდებულ ბურთს თავადვე დაეუფლა, გოდერძი ჭინჭარაულმა ხაზი გაჭრა და იერიში მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა, ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე მეტრში “ყოჩებმა” შეტევის შეჩერება მოახერხა, მაგრამ ბურთი მარჯვნივ სწრაფად ჩათამაშდა და წიკლაურმა თავისი დაწყებული იერიში ლელოთი დააგვირგვინა, მერე კი, გარდასახვაც გაიტანა - 10:12. “ლოკომოტივმა” უპირატესობა იგრძნო და წიკლაურს ორჯერ მიეცა საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი, მაგრამ ჯერ 51 და მერე 33 მეტრიდან დარტყმები გაუცუდდა. სამაგიეროდ, 64-ე წუთზე მან უკვე 27 მეტრიდან მიიღო შანსი და ამჯერად მისი დარტყმული ზუსტი იყო - 13:12.
წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდა, დაძაბულობამაც პიკს მიაღწია და ახლა უკვე “ყოჩებმა” გაიბრძოლა დაკარგული უპირატესობის დასაბრუნებლად. ჯერ მათმა უკანახაზელებმა გაითამაშეს კარგად კომბინაცია და ფლანგზე გაქცეულმა გეგენავამ სალელოვე პასიც გააკეთა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა იერიში შეაჩერა - პასამდე გვერდით ხაზს ფეხი დააბიჯაო. მერე მახარაშვილმა შორიდან არეკნის გატანა სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, 74-ე წუთზე “ლოკომოტივი” რომ დაჯარიმდა და ლევან გენებაშვილი ინბინით დაისაჯა, სოხაძემ 45 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და გუნდი დარჩებილ დროში კაცნაკლულ მეტოქესთან გამარჯვებას მიუახლოვა.
თუმცა, განახლდა თუ არა თამაში, წვიმის გარდა “ყოჩებს” ცივი შხაპი წიკლაურმაც გადაასხა, რომელმაც 40 მეტრიდან არეკნი დაჰკრა, ბურთმა ქვედა ძელს ზევით რამდენიმე სანტიმეტრში გაიარა და “ლოკომოტივი” 16:15 დაწინაურდა. “ყოჩებმა” 78-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და თითქოს პოზიციაც ხელსაყრელი იყო, მაგრამ ამჯერად ოხაძეს დარტყმა გაუცუდდა. თითქოს აქ ყველაფერი დასრულდა, ბოლნისელებმა ჭინჭარაულს არეკნზე რომ დაუფარეს მერე ბურთი უაზროდ დაკარგეს, მაგრამ უკვე დამატებულ წუთებზე თემურ სოხაძემ 48 მეტრიდან საპასუხო არეკნი გაიტანა და “ყოჩებს” 18:16 მოაგებინა.
ამრიგად, “ყოჩებმა” მეოთხე ადგილი და მასპინძლობის უფლება შეინარჩუნა, “ლოკომოტივმა” კი, უკეთესო პოზიციის დაკავების შანსი დაკარგა. შესაბამისად, გადარჩა თბილისის “ლელო”, რომელიც “არმიასთან” 10:19 კი დამარცხდა, მაგრამ მეორე ადგილი მაინც შეინარჩუნა. “ავჭალაზე” ანგარიში ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით გაიხსნა, მაგრამ შესვენებამდე ორმა გიორგიმ - კალმახელიძემ და შკინინმა ლელოები გაიტანეს, ხოლო მამუკა ნინიძემ ერთი გარდასახვა გამოიყენა (12:3). მეორე ტაიმის უმეტესმა დრომ უქულოდ ჩაიარა, 69-ე წუთზე კი, ბექა მეკოკიშვილმა არმიელთა მესამე ლელო მიითვალა და ამჯერად გარდასახვა გიორგი ელიზბარაშვილმა შეასრულა - 19:3. “ლელომ” ორ წუთში გიორგი ჭყოიძის ლელოთი უპასუხა და ყიასაშვილმა გუნდს კიდევ 2 ქულა შემატა, მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და “არმიამ” 19:10 იმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
XVIII ტური (ბოლო)
26 აპრილი
თბილისი. “შევარდენი”. 200 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 16:18 (0:9)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (ელოშვილი 56), 2. გენებაშვილი, 3. მაღალდაძე (ზარიძე 56), 4. გეგია, 5. ხულუაშვილი, 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი (ბალიაშვილი 77), 8. თავბერიძე (კიკვაძე 72).
1 ლელო: წიკლაური
1 გარდასახვა: წიკლაური
2 ჯარიმა: წიკლაური
1 არეკნი: წიკლაური
1 სინბინი: გენებაშვილი
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. კვარაცხელია (გოგოლაშვილი 59), 13. გარუჩავა, 12. ხარშილაძე (აბდუშელიშვილი 72), 11. გეგენავა, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 60), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (შენგელია 50), 4. ურუშაძე, 5. გრძელიშვილი (ტვილდიანი 66), 6. გუგეშაშვილი (ხვისტანი 60, მაისურაძე 76), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
5 ჯარიმა: სოხაძე
1 არეკნი: სოხაძე
თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 19:10 (12:3)
არმია: 15. ნინიძე (გაბროშვილი 45), 14. ტუჩაშვილი, 13. ჩხიკვაძე, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი, 9. ღვინჯილია; 1. ქორიძე (კაკოვინი 55), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 52), 3. გურგენაძე (ზაქაშვილი 55), 4. სურგულაძე, 5. ცხადაძე (დარასელია 55), 6. თხილაიშვილი, 7. თავართქილაძე, 8. კალმახელიძე.
3 ლელო: კალმახელიძე, შკინინი, მეკოკიშვილი
2 გარდასახვა: ნინიძე, ელიზბარაშვილი
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. გუგავა, 13. ხეცურიანი (კორკელია 58), 12. ცერცვაძე, 11. კოპაძე, 10. ხმალაძე (მინდიაშვილი 58), 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ლომთაძე (ბელქანია 58), 3. პატარაია (მელიქიძე 52), 4. ხორბალაძე (ნიკოლაიშვილი 58), 5. ქოიავა, 6. კოლელიშვილი (მძინარიშვილი 45), 7. სურგულაძე, 8. ჭყოიძე.
1 ლელო: ჭყოიძე
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
1 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 | არმია | 18 | 13 | 1 | 4 | 454-268 | 63 |
2 | ლელო | 18 | 12 | 0 | 6 | 476-241 | 59 |
3 | ლოკომოტივი | 18 | 13 | 0 | 5 | 403-314 | 58 |
4 | ყოჩები | 18 | 12 | 1 | 5 | 389-307 | 56 |
5 | აია | 17 | 10 | 0 | 7 | 349-240 | 48 |
6 | ჯიქები | 17 | 8 | 2 | 7 | 302-257 | 43 |
7 | არმაზი | 17 | 8 | 0 | 9 | 281-400 | 35 |
8 | ხარები | 17 | 4 | 0 | 13 | 214-404 | 19 |
9 | აკადემია | 17 | 2 | 0 | 15 | 236-390 | 17 |
10 | ბათუმი | 17 | 3 | 0 | 14 | 257-540 | 16 |
27 აპრილი
ქუთაისი. “დინამო”. 16:30 საათი
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი
ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
3 მაისი. პლეი ოფი. პირველი ეტაპი
- ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
- ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)
10-11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
I გამარჯვებული - II გამარჯვებული
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია