6 ერი

2:01 | 15.02.2016 | ნანახია 992 - ჯერ

ჯოზეფის ჰეთ-თრიკი იტალიას
ჯონსს შეგირდებმა გაუმართლეს

ინგლისის ნაკრების ცენტრმა ჯონათამ ჯოზეფმა იტალიას მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანა და მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის გასახარად, მისმა გუნდმა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა.

ახლა ავსტრალიელი სპეციალისტი კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან მატჩამდე განვითარებული მოვლენები სარაგბო ჩარჩოებს გასცდა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, ჯონსი „აძურას“ „ლელოების ჯოჯოხეთს“ დაპირდა. მისი ეს სიტყვები ჯოზეფმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და იტალია რეალურად ჩააყენა „ხის კოვზის“ პრეტენდენტთა სიაში. არადა, პარიზში გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც იტალიელებმა მხოლოდ 2 ქულით დათმეს (21:23), მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ ელოდა და ეს მოსაზრება პირველი ტაიმის შემდეგ გამყარდა, მაგრამ რაგბიში ბევრი რამ სწორედ დასკვნით 20-30 წუთში წყდება და აქ კლასმა თავისი სიტყვა თქვა.

მანამდე იყო პირველი ტაიმი და ძლიერ მოტივირებული იტალია, რაც რამდენიმე ეპიზოდში მძლავრ ბოჭვებშიც აისახა და ალბათ ჯონსი ნანობდა მატჩამდე წარმოთქმულ სიტყვებს. მაგრამ ის მსოფლიოში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა, რომელშიც ინგლისელებმა ოთხი, სულ კი, ხუთი ლელოს გაიტანეს.

რომში გამართული მატჩის პირველ 40 წუთში იტალია სოლიდურ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც მეტხანს აკონტროლებდა, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა. ანგარიში ჯარიმით კარლო კანამ გახსნა, მალევე ინგლისის შერკინებამ კარგად იმუშავა და ოუენ ფარელიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-17 წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება და რადგან ფარელი მტკივან თავს მკურნალობდა, დარტყმა ჯორჯ ფორდმა შეასრულა - 3:6.

სტუმართა უპირატესობა მხოლოდ 2 წუთი შენარჩუნდა და ამჯერად წონასწორობა კანამ აღადგინა. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ლელოების სიმრავლეს არავინ ელოდა და პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი 5-ქულიანი შეტევა განხორციელდა. ეს იტალიელთა შეცდომას მოყვა, ფორდის მაღალი დაკიდებული ბურთი ედოარდო გორიმ ვერ შეიმაგრა, თერნოვერი ინგლისმა კარგად გაითამაშა და მარცხენა ფლანგზე ფარელიმ ლელოში ფორდი დაგეშა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა, შესვენებამდე კანამ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა - 9:11.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა სტუმართა ძლიერი ზეწოლა უკუაგდეს და თავად იწყებდნენ შეტევას, როდესაც ჯოზეფმა ლეონარდო სარტოს გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა. 58-ე წუთზე მეტოქის 22-ში ინგლისელმა მორკინალებმა იმძლავრეს, ჯოზეფი ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა და ის კვლავ ძელებსშუა დაამიწა. ფარელი რა თქმა უნდა ორივე შემთხვევაში ზუსტი იყო და მატჩის ბედი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე გადაწყდა - 25:9.

ინგლისმა თავი დაიზღვია და 63-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, ხოლო 71-ეზე მასპინძლებს თერნოვერი შეემთხვათ, ბურთი სწრაფად ჩათამაშდა მარცხენა ფრთაზე, სადაც ჯოზეფმა ჰეთთრიკისთვის გზა მცველებს შორის გაიკვალა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ფარელმა შეცდომა მალევე გამოასწორა, ჯო მარლეს კარგად მიყვა, მისგან ოფლოუდი შეირგო და ბურთი იტალიელთა ძელებს შორის მესამედ, მათ ჩათვლის მოედანში კი, მეხუთედ დაამიწა - 40:9.

ინგლისმა საფრანგეთს გატანილ-გაშვებული ქულებით აჯობა და ექვსი ერის თავში მოექცა. ახლა ტურნირზე ერთკვირიანი შესვენებაა და თებერვლის ბოლოს ინგლისი ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო იტალიელები შოტლანდიას დაუხვდებიან და დიდი ალბათობით, დამარცხებულს 2016 წლის „ხის კოვზი“ დარჩება.

2016 წლის ექვსი ერი. მეორე რაუნდი

13 თებერვალი

საფრანგეთი - ირლანდია 10:9

უელსი - შოტლანდია 27:23

14 თებერვალი

იტალია - ინგლისი 9:40

1.

ინგლისი

2

2

0

0

55:18

4

2.

საფრანგეთი

2

2

0

0

33:30

4

3.

უელსი

2

1

1

0

43:39

3

4.

ირლანდია

2

0

1

1

25:26

1

5.

შოტლანდია

2

0

0

2

32:42

0

6.

იტალია

2

0

0

2

30:63

0

მესამე რაუნდი. 26 თებერვალი

უელსი - საფრანგეთი

27 თებერვალი

იტალია - შოტლანდია

ინგლისი - ირლანდია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:17 | 15.02.2016
lukaferrari (24)

გადაუარა ინგლისმა, არც იყო გასაკვირი.
უელსი და ინგლის შორის გაირკვევა წელს 6 ერის ჩემმპიონობის საკითხი. მე მაინც უელსის ვუსურვებ გამარჯვებას.

0.075022