ამბები

14:37 | 30.04.2014 | ნანახია 3321 - ჯერ

“ლიონი” ელიტაში დაბრუნდა, ორი პლეი ოფშია

ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი ავარჯიშებს, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველი ადგილი და შესაბამისად, Top 14-ის პირდაპირი საგზური გაინაღდა.

28-ე ტურში ლიონელებმა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბის” უმასპინძლეს და პრემიუალური ქულით, 31:13 იმარჯვეს. კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა. სტუმართა შორის ჩხაიძემ პირველიდან 67-ე, ხოლო მირცხულავა, 51 წუთი ითამაშა. 51-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ნემსაძე.

ანგარიში მე-5-ე წუთზე გაიხსნა. “ლიონმა” 5-მეტრა დერეფანი მოიგო და მოლი დააყენა, ბურთს კოლელიშვილი აკონტროლებდა და ჩათვლი მოედნის ხაზიც გადაკვეთა, მაგრამ რეფერიმ “ტარბის” წესების დარღვევა არ აპატია და საჯარიმო ლელო დასტვინა. მე-13-ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრეს და ანგარიში 14:0 გახდა. მალევე ჩხაიძემ რაქში იაქტიურა და “ტარბიმ” ერთადერთი საპასუხო ლელო გაიტანა, შესვენებამდე კი, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს.

“ლიონმა” მეორე ტაიმი ლელოთი დაიწყო და მალე ჯარიმა გაუშვა,მაგრამ უპირატესობა 65-ე წუთზე კიდევ ერთ ლელოში ასახა და პრემიალური გამარჯვება იზეიმა. ამრიგად, ისინი 109 ქულით პირველ ადგილზე არიან და კონკურენტები ვეღარ დაეწევიან. “ტარბი” 75 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, საპლეიოფო ადგილს 7 ქულით ჩამორჩა და აღზევების თეორიული შანსიღა შერჩა.

პლეი ოფში ითამაშებს ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც ქართველი ლეგიონერის გარეშე ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” 29:0 დაამარცხა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, ხოლო პირველხაზელი ნაცარაშვილი თამაშში ჯერ მე-13-ე წუთიდან გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო 10 წუთში შეცვალეს, 63-ე წუთზე მოდენაზე მეორედ გამოჩნდა და 3 წუთში მეტოქესთან ჩხუბითვის სინბინით დაისაჯა, 78-ე წუთზე კი, თამაშიდან გაიყვანეს. “ლა როშელი” 91 ქულით მეორე ადგილზეა, “კარკასონთან” ერთი გადადებული თამაში აქვს ჩასატარებელი და დაწინაურების შანსი აქვს.

პლეი ოფში ითამაშებს ტარიელ რატიანიძის “აჟენი”, რომელიც 93 ქულით მეორე პოზიციაზეა. მან ქართველი პირველხაზელის გარეშე “დაქსი” 30:17 დაამარცხა და ოთხი ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო წუთზე თავად მეორე ლელო მიიღო და პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბი” “მონ-დე-მარსანთან” სტუმრად 18:31 დამარცხდა. გარემარბი თოდუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისად შეცვალეს, ხოლო პირველზაელი თეთრაშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო. “ალბი” 50 ქულით მე-12-ე ადგილზეა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილისა და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” სტუმრად “კოლომიესთან” 9:19 დამარცხდა. მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შუამარბი შარიქაძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. “ბურგ-ან-ბრესი” 40 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და “კარკასონს”, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ქართველთა გუნდი სწორედ უშუალო კონკურენტს მასპინძლობს და გამარჯვებით ლიგაში დარჩენისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, მარცხი კი, ელიტურ დივიზიონთან დამშვიდობების ტოლფასი იქნება.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” “ბურგონს” უმასპინძლა და 17:24 დამარცხდა. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე სრული მეორე ტაიმი ითამაშა. “ბეზიე” 55 ქულით მე-11-ე ადგილზეა და არაფერი ემუქრება. თორნიკე ლომიძის “ოშიმ” ქართველი ლეგიონერის გარეშე “ნარბონი” 13:6 დაამარცხა, 39 ქულით ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. Pro D2-ის ბოლოსწინა ტური 3-4 მაისს გაიმართება.  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113626