ამბები

17:30 | 9.05.2014 | ნანახია 3159 - ჯერ

შაბათს ფინალისთვის, კვირას - მცირე ფინალისთვის

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი მატჩიღა დარჩა. მომავალ უქმეებზე “ბზის თასის” მაძიებელთა რიცხვი ერთით შემცირდება, მანამდე კი, პირველი ფინალისტი გაირკვევა.

თამაშები სხვადასხვა დღეს იმართება და ეს კარგია, რადგან ქართული რაგბის გულშემატკივრებს ორად გაყოფა არ მოუწევთ და თამაშებასაც მაქსიმალური რაოდენობის ქომაგი დაესწრება, რაც ამ საინტერესო შეხვედრებს დამატებით სილაღეს შემატებს. “ავჭალის” სტადიონის მინდორი “თბილისის თასისთვის” ემზადება და ამიტომ, ორივე თამაშს “შევარდენი” უმასპინძლებს.

პირველ დღეს, შაბათს, 10 მაისს, ერთმანეთის პირისპირ რეგულარული პირველობის მოწინავე გუნდები წარსდგებიან. დედაქალაქურ დერბიში “არმია” “ლელოს” ეთამაშება და მოგებული 24 მაისს ფინალში თამაშს დაიბევებს. დამარცხებულს იქ მოხვედრის შანსი კიდევ ექნება, ოღონდ ერთ კვირაში მცირე ფინალში “ლოკომოტივსა” და “ყოჩებს” შორის გამარჯვებული ეყოლება დასამარცხებელი.

ამ გუნდებს დასასვენებლად და მომავალი თამაშისთვის უკეთ მოსამზადებლად ორი კვირა ჰქონდათ. ეს მათ საკუთარი გარჯით დაიმსახურეს, რადგან მეტოქეებზე მეტი ქულა მოაგროვეს და პირველ-მეორე ადგილი დამსახურებულად დაიკავეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით “ლელოს” გარკვეულწილად გაუმართლა, რადგან დასკვნით ტურში “ლოკომოტივს” “ყოჩებთან” გამარჯვება რომ მოეპოვებინა, ახლა ფინალის საგზურისთვის სწორედ ის ითამაშებდა. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში ერთმანეთის წინაშე ის გუნდები თამაშობენ, რომლებმაც ორი კვირის წინ რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში ერთმანეთთან ითამაშეს.

ორი კვირის წინ “არმიამ” “ლელოს” 19:10 აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. არმიელებმა სამი ლელო გაიტანეს, ტაიმი 12:3 მოიგეს, მერე 19:3 დაწინაურდნენ და ერთი საპასუხო ლელო 71-ე წუთზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ “არმიამ” ბოლო ოთხი თამაში ზედიზედ მოიგო, “ლელომ” კი, მეორე წრეში რამდენიმე თამაში წააგო და ერთ დროს უპირობო ლიდერი ბოლოს მეორე ადგილზე დიდი გაჭირვებით დარჩა. უნდა ვთქვათ, რომ წელს არმიელებმა “ლელოსთან” ორივე თამაში მოიგეს - პირველ წრეში მეტოქე 16:12 დაამარცხეს, თუმცა, ეს ორივე თამაში “ავჭალაზე” გაიმართა, ახლა კი, გუნდები “შევარდენზე” ითამაშებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: 2012/2013 წლის ჩემპიონატში, რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილი სწორედ “არმიამ” და “ლელომ” დაიკავეს. მაშინაც პირველი არმიელები იყვნენ, მაგრამ პლეი ოფში “ლელომ” მეტოქე 24:16 დაამარცხა, ფინალში კი 16:10 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეძლებს თუ ვერა “ლელო” შარშანდელის გამეორებას უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ზემოთნახსენებ წყვილში დამარცხებული, მომავალი მეტოქის ვინაობას კვირას, 11 მაისს შეიტყობს. ამ დღეს 16 საათზე “ლოკომოტივი” ბოლნისის “ყოჩებს” ეთამაშება. გუნდებმა პლეი ოფის პირველი ეტაპი განსხვავებულად გადალახეს – “ყოჩებმა” ქუთაისის “აიას” პრაქტიკულად ყველაფერში აჯობა და “შევარდენზე” 20:7 იმარჯვა. “ლოკომოტივმა” “ჯიქებს” ტაიმი 11:3 მოუგო, მაგრამ მერე 11:16 ჩამორჩა და წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე ბექა წიკლაურის მიერ გატანილი ჯარიმით მოახერხა - 19:19. კონკრეტულად ამ თამაშში რკინიგზელებს ერთის საპასუხოდ ორი ლელო ჰქონდათ გატანილი და შედეგად, მომდევნო ეტაპის საგზურიც მათ დარჩათ. საგულისხმოა, რომ თანაბარი ლელოების პირობებშიც, რადგან “ჯიქებს” ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ეტაპზე “ლოკომოტივი” გავიდოდა და რადგან რეგულარული პირველობა მან მეტოქეზე უკეთეს ადგილზე დაასრულა, მესამე მუხლიც მის სასარგებლოდ იმოქმედებდა.

ორი კვირის წინ, რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში “ლოკომოტივი” სწორედ “ყოჩებს” შეხვდა. დრამატულ მატჩში დასკვნითი წუთები განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. ტაიმის 9:0 მოგების შემდეგ, ბოლნისელები მეორე ნახევარში მეტოქეს 12:13 ჩამორჩნენ, მერე ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 75-ე წუთზე წიკლაურისგან არეკნი მიიღეს. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც თემურ სოხაძემ თითქმის ცენტრიდან არეკნი დაკრა და “ყოჩებს” 18:16 მოაგებინა. სწორედ ამ გამარჯვებით შეძლეს მათ მეოთხე ადგილის შენარჩუნება და შესაბამისად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში მგზვარობა თავიდან აირიდეს. მარცხის გამო მეორე ადგილის დაკავება ვერ მოახერხა “ლოკომოტივმა”, არადა, გარკვეული უპირატესობის მიღების კარგი საშუალება ჰქონდა.

საინტერესო და დაძაბული იყო ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული შეხვედრაც, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. რკინიგზელებმა ტაიმი 10:6 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის 20 წუთის შემდეგ “ყოჩები” 19:13 დაწინაურდა. 71-ე წუთზე “ლოკომოტივმა” ლელო-გარდასახვით დაწინაურება შეძლო, დარჩენილ დროში ბოლნისელებმა ჯარიმა ვერ გაიტანეს და 19:20 დამარცხდნენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კვირას “შევარდენზე” მისული მაყურებელი კიდევ ერთ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლას იხილავს და გამარჯვებული მცირე ფინალში ფინალის საგზურისთვის ითამაშებს.  

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

10 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)

11 მაისი

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080792