თბილისის “ლოკომოტივმა” ბოლნისის “ყოჩებს” ყველაფერში აჯობა, ბოლო ორი კვირის შეცდომები აღარ გაიმეორა, 29:10 დამსახურებულად იმარჯვა და მომავალ შაბათს ფინალის საგზურისთვის თბილისის “არმიას” შეხვდება.
ბოლნისელები თავის თავს არ გავდნენ. ბოლო პერიოდში ამ გუნდმა თავდადებული თამაშით დაგვამახსოვრა თავი და 11-იდან 9 თამაშშიც მის ხარჯზე იმარჯვა, 11 მაისს კი, ეს ჟინი სადღაც გაქრა. მორაგბეები, რომელთაც თამაში უნდა წაეყვანათ, უბრალო სიტუაციებში სცოდავდნენ - ბურთი ხელიდან უვარდებოდათ, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ან ჩანაფიქრს ვერ ანხორციელებდნენ. “ყოჩებმა” წააგო საკუთარ დერეფანის ნახევარი და ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში გამარჯვებაზე საუბარი არც კი შეიძლებოდა.
“ლოკომოტივმა” მეტოქის ყველა შეცდომა კარგად გამოიყენა, სწრაფად ხურავდა ხაზს, უფრო მეტად იყო მოტივირებული და ყავდა ბექა წიკლაური, რომლის ინდივიდუალურმა ოსტატობამ ბევრი რამ გადაწყვიტა. არადა, მატჩის დებიუტში გიორგი ხარშილაძემ ხაზი რომ გაჭრა, ფლანგისკენ საკმარისი სივრცე ჰქონდა და მისი გამოყენებით “ყოჩებს” სწრაფი ლელოს გატანა შეეძლო, მაგრამ მცველთან კონტაქტში შევიდა და თამაში რაქში გადავიდა, მერე კი, ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გიორგი ბეგაძემ ფეხით ითამაშა და ფაქტობრივად ბურთი მოწინააღმდეგეს ჩააბარა.
მთლიანობაში, მატჩის დებიუტში მრავლად იყო ფეხით თამაში და ბოლნისელთა დამრტყმელებმა ამ კომპონენტში შეცდომები მრავლად დაუშვეს, რის გამოც რკინიგზელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვესა და მე-9-ე წუთზე წიკლაურმა გასატანი პოზიციიდან ანგარიში გახსნა - 3:0. ტაიმის შუაში “ყოჩებმა” 22-ის ხაზთან საკუთარი დერეფანი რომ წააგო, წიკლაურმა ბედი არეკნით სცადა, მაგრამ 35 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. მალევე მან კვლავ 35 მეტრიდან არეკნის იმიტირებით მცველები დააბნია და ბურთი ფეხით 15-20 მეტრზე გადაკიდა, სამი მცველი ერთმანეთის ყურებაში უსაქმოდ დარჩა, ბექამ კი, საკუთარი წამიწყებული იერიში ლელოთი დააგვირგვინა და გარდასახვით ანგარიში 10:0 გახადა.
სტუმრებმა 30-ე წუთზე სოხაძის ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს და მალე წონასწორობის აღდგენის შანსიც მიეცათ. ეს მას შემდეგ, რაც სოხაძემ ფეხით ცუდად ითამაშა, მაგრამ რკინიგზელებიც შეცდნენ და შავლეგ მახარაშვილი მარჯვება ფლანგზე, ცანტრალური ხაზიდან დაიძრა. მერე მან ფეხით ითამაშა და ბურთს რამდენიმე მორაგბე მიყვა, თუმცა, დარტყმული ძლიერი აღმოჩნდა და ლევან გოგოლაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაამიწა, რაც ის პირით ხაზს გადასცდა. ტაიმის ბოლოს ბექა გუგეშაშვილი შერკინებას ადრე მოეხსნა, დაჯარიმდა და წიკლაურმაც პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 13:3.
დაიწყო მეორე ტაიმი და გოდერძი ჭინჭარაულმა მეტოქის ხაზი სუფთად გაჭრა, ის 22-ში სოხაძემ შეაჩერა, მაგრამ “ყოჩები” დაჯარიმდა და წიკლაურმა უპირატესობა გაზარდა. 45-ე წუთზე ბოლნისელთა შეცდომების სერიას “ლოკომოტივის” იერიში მოყვა, რომლებმაც ბურთაობით მეტოქის 22-ში შეაღწიეს, იქ ვახტანგ კავთიძე ორ მცველს შორის გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, წიკლაურმა გარდასახა და 45-ე წუთზე ანგარიში 23:3 გახდა. თბილისელებმა იერიშები გააგრძელეს და წიკლაურმა ჯერ არეკნი ააცილა, მე-60-ე წუთზე კი, ჯარიმით ანგარიში 26:3 გახადა.
მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და არეული თამაში გაჩაღდა. ბოლნისელი მორაგბეები უკვე ინდივიდუალურად ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და პრინციპში ამან შედეგი გამოიღო. დავით ხიდეშელმა ფინტებით კარგად იარა, იერიში მარჯვენა რატი ურუშაძემ გააგრძელა, თავისუფალი ბურთი გიორგი ტყეშელიაძემ აიტაცა და ლელო ძელებს უკან გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა მაინც “ლოკომოტივმა” თქვა, წიკლაურმა ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა (29:10) და ახლა “ლოკომოტივი” ფინალის საგზურისთვის “არმიას” შეეცილება.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
თბილისი. “შევარდენი”. 800 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 29:10 (13:3)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე (ფ. გასვიანი 76), 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (ელოშვილი 51-73), 2. გენებაშვილი (კვანტიძე 72), 3. მაღალდაძე (ზარიძე 58), 4. ხულუაშვილი (ტალახაძე 56), 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. ახვლედიანი, 8. ბერიშვილი.
2 ლელო: წიკლაური, კავთიძე
2 გარდასახვა: წიკლაური
5 ჯარიმა: წიკლაური
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი (ხუციშვილი 62), 14. გეგენავა (კვარაცხელია 57), 13. ხარშილაძე, 12. გარუჩავა (გაბუნია 63), 11. გოგოლაშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 47), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (შენგელია 41), 4. ურუშაძე, 5. გრძელიშვილი (ტვილდიანი 47), 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე (მაისურაძე 77), 8. ჩხიკვაძე (ხვისტანი 63).
1 ლელო: ტყეშელიაძე
1 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია