6 ერი

23:43 | 14.02.2016 | ნანახია 1174 - ჯერ

ნორთმა შოტლანდიასთან გაინავარდა

უელსმა შოტლანდიას ხუთ წუთიან ინტერვალში ორი ლელო გაუტანა, 71-ე წუთზე 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და 27:23 მოგებით, 2016 წლის ექვს ერზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სქოთებს კარდიფში 2002 წლის შემდეგ არ მოეგოთ და ბოლო 9 წლის განმავლობაში უელსთან საერთოდ არ ემარჯვა. ისინი ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ „დრაკონებს“ ყავდათ ჯორჯ ნორთი და ჯეიმი რობერტსი, რომელთა ბრწინვალე თამაშმაც, სტუმრები დასკვნით წუთებში უშანსოდ დატოვა.

არადა, შოტლანდიამ ღირსეულად იბრძოლა და ამ უშეღავათო თამაშს სილაღე შემატა, რითაც რაგბის ჭეშმარიტი ქომაგი უცილობლად კმაყოფილი დარჩებოდა. მაღალ ტემპში მიმდინარე შეხვედრაში რამდენჯერმე ლამაზად გაიჭრა ხაზი, აიკინძა ფაზები, იყო ხელდახელ ბურთაობა და მშვენიერი ლელობი, მაგრამ გამარჯვებას მასპინძლები მეტად იმსახურებდნენ. შოტლანდიისთვის ორიდან ორი მარცხი მძიმე დასაწყისია, თუმცა, მათი თამაშის შემხედვარე, იოლი თამაშები არავის ელის და საქართველოც ნოემბრის ტესტებზე ელიტური რაგბის სისწრაფეებს კიდევ ერთხელ ეზიარება.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ტერიტორია და ბურთის ფლობა ფაქტობრივად თანაბარი იყო, გუნდებმა მეტოქის 22-ში თანაბარი ოდენობით შეაღწიეს, მაგრამ იქვეა მცირედი სხვაობები. მაგალითად, შოტლანდიას 16 ბოჭვა გაუცუდდა და 40-ჯერ დაუშვა შეცდომა, უელსს 9 ბოჭვა გაუფუჭდა და 27 შეცდომა აქვს. დაუმატეთ ამას „დრაკონების“ შერკინების დომინირება, ზემოთნახსენების ნორთისა და რობერტსის ფაქტორი და ანგარიშში მასპინძელთა 4-ქულიანი სხვაობა აბსოლიტურად ლოგიკურად მოგეჩვენებათ.

თამაში უელსმა მძლავრად დაიწყო და მეტოქე შერკინებაში თავიდანვე დაჩაგრა, მაგრამ წითელ ზოლში ბურთი წინ დაუვარდა. მე-6 წუთზე დენ ბიგარმა ბურთი ფეხით დაახლოებით 10 მეტრზე გადაკიდა, ცენტრალურ ხაზზე საჰაერო ბრძოლის შემდეგ, ის გარეთ დევისს მიუვიდა, მასპინძელთა 9 ნომერი არ დაიბნა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა, ხოლო ბიგარმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

შოტლანდიამ სამაგალითო ლელოთი სწრაფადვე უპასუხა. ლეიდლოუმ ხაზი გაჭრა და 22-მეტრიან ზოლამდე ირბინა, მერე ფორვარდებს არტყმევინა და თამაში უელსელთა ჩათვლის მოედანს 5-მეტრამდე მიუახლოვდა, ჯამში 21-ფაზიანი შეტევა კი, ფინ რასელის ფეხით ფლანგზე ლამაზი ჩაკიდებით და ტომი სეიმურის ლელოთი დასრულდა. თამაში გათანაბრდა, შოტლანდია მეტოქის ნახევარზე დარჩა და ორჯერ გამოიმუშავა ჯარიმა, რომლებიც ლეიდლოუმ 6 ქულად აქცია, მათ შორის კი, ერთი ჯარიმა ბიგარმა გაიტანა და სტუმრებმა ტაიმი 13:10 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნორთის გაქცევით და ბიგარის ჯარიმით დაიწყო, 54-ე წუთზე შოტლანდიამ ჯარიმითვე უპირატესობა ბოლოჯერ მოიპოვა, დასკვნით მეოთხედში კი, ფლანგზე გარღვევა უკვე ტომ ჯეიმსმა მოაწყო და უელსი მეტოქის 22-ში რამდენიმე წუთით დარჩა. მათ ერთბაშად გადაწყვიტეს მეტოქის გატეხვა, მით უმეტეს, შერკინებაში უპირატესობა ჰქონდათ და 5 მეტრიდან უტიეს, საბოლოოდ, რამდენიმე დარტყმის შემდეგ, რობერტსმა ბურთი სისწრაფეზე მიიღო და ხაზი გაგლიჯა. ხუთ წუთში იერიში კვლავ შერკინებიდან დაიწყო, ნორთი ჯვარზე სისწრაფეში შევიდა, მეტოქის 22-ში ოთხ მცველს გვერდი ისე აუარა ხელი ვერავინ წაატანა და ულამაზესი ლელოთი მატჩის ბედი გადაწყვიტა, თანაც ორივე გარდასახვა ზუსტი იყო.

შოტლანდიამ ბოლომდე იბრძოლა და სულ ბოლოს ერთი ლელო გაიტანა - დანკან ტეილორმა ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა და 25-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, თუმცა, საფინალო სასტვენამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა და უელსმა დაძაბულ ბრძოლაში 27:23 მოგებით გაიხარა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:39 | 15.02.2016
lukaferrari (24)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=TbIUZGqY3tY')>0?'https://www.youtube.com/watch?v=TbIUZGqY3tY':'https://www.youtube.com/watch?v=TbIUZGqY3tY')) მიმოხილვა

03:22 | 15.02.2016
lukaferrari (24)

მარად ითამაშა north-მა. იმედი მაქ წელს უელსი გახდება ჩემპიონი

0.080739