ამბები

17:02 | 12.05.2014 | ნანახია 2994 - ჯერ

სტუმრებმა მასპინძლები დაჩაგრეს

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის პლეი ოფის პირველ ეტაპზე, მასპინძლებმა რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული უკეთესი ადგილებით მოპოვებული უპირატესობა ვერ გამოიყენეს და გამარჯვებები სტუმრებს დაუთმეს.

ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” უმასპინძლა და 16:21 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ბრეგვაძე იყო, რომელმაც ტაიმის მიწურულს თავში დარტყმა მიიღო და ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქმნა. ტრავმის გამო არ უთამაშიათ კაკოვინსა და ხინჩაგიშვილს.

მასპინძლები ადრეული ჯარიმით კი დაწინაურდნენ, მაგრამ 30 წუთში ჯონათან სექსტონმა ოთხი გაიტანა და სტუმრები 12:3 დააწინაურა. ტულუზელებმა მეორე ნახევრის დებიუტი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ჯერ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 50-ე წუთზე ჯარიმით 13:12 დაწინაურდნენ. მომდევნო 10 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ იმ დღეს უკეთესმა “რასინგ მეტრომ” უპირატესობა დაიბრუნა, ხოლო 78-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 21:16.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” მოქმედი ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” მიიღო და 16:22 დამარცხდა. აქაც მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი გამოჩნდა მოედანზე - ზირაქაშვილმა პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 9:6 მოიგეს, მაგრამ სათამაშო უპირატესობა მაინც მეტოქის მხარეს იყო. “კასტრი” 31-ე და 38-ე წუთებზე ყვითელი ბარათებით რომ დაისაჯა, “კლერმონმა” მეტობა სათანადოდ ვერ გამოიყენა და ამ პერიოდში მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა.

დაიწყო მეორე ტაიმი და სტუმრებმა ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს, 50-ე წუთზე ჯარიმითვე დაწინაურდნენ, 62-ეზე კი ლელო გაიტანეს, გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში 19:9 გახდა. 5 წუთში მათ ჯარიმით მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს, საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე მიღებულმა ლელო გარდასახვამ კი, მხოლოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, ნახევარფინალში 16 მაისს კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” “რასინგ მეტროს”, ხოლო მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “მონპელიე” “კასტრს” 17 მაისს ეთამაშება. ორივე თამაში ნეიტრალურ მოედანზე, ლილში გაიმართება, გამარჯვებული გუნდები კი, 31 მაისს ფინალში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104407