ამბები

19:51 | 12.05.2014 | ნანახია 1882 - ჯერ

რეგულარული Pro D2-შიც დასრულდა

საფრანგეთის მოწინავე დივიზიონების გათამაშებიდან რეგულარული პირველობაზე ყველაზე გვიან მეორე ელიტარ Pro D2-ში დასრულდა და ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან Top 14-ისა და federal 1-ისგან განსხვავებით, აქ 30 ტური იმართება.

ბოლო ტურში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა - ელიტა 2-ში და ზოგადად საფრანგეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა 22 წლის პირველ ნომერ ასტამურ იოსელიანს. “ნარბონისთვის”, რომელსაც პლეი ოფის ნახევარფინალის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, “ბურგონთან” თამაშის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ქართველიც შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. ამ დროს სტუმრები 16:13 იგებდნენ, მაგრამ დასკვნით 15 წუთში სამჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით, 10 წუთით მოედანზე ორი კაცით ნაკლები იყვნენ და 16:23 დამარცხდნენ. შედეგად, მათ რეგულარული გათამაშება 88 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულეს და 18 მაისს “აჟენს” ეთამაშებიან.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილისა და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესს” უმასპინძლა, 27:22 იმარჯვა და 98 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. რატიანიძემ შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა, შარიქაძე შეუცვლელად გაისარჯა, მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კავთიძე თამაშში ჯერ 51-იდან 59-ე წუთამდე, მერე კი, 62-იდან 66-ე წუთამდე ჩაერთო.

“აჟენმა” ტაიმი 17:8 მოიგო, მეორე ნახევრის დასაწყისში მესამე ლელო გაიტანა და 22:8 დაწინაურდა, მაგრამ სტუმრები არ დანებდნენ და 55-ე და 74-ე წუთებზე გატანილი ლელოებით ანგარიში გაათანაბრეს (22:22). მასპინძლები მეორე ადგილს კარგავდნენ, მოინდომეს და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი 27:22 იმარჯვეს. “ბურგ-ან-ბრესისთვის” ბევრი არაფერი შეცვლილა, მათ პრემიალური ქულა ჩაიწერეს, მაგრამ ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ და ჩემპიონატი 41 ქულით ბოლო ადგილზე (მე-16-ე) დაასრულეს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ისინი ამ თამაშის შედეგით ბოლო ორ ადგილს ვერ აცდებოდნენ და ნებისმიერ შემთხვევაში federal 1-ში დაეშვებოდნენ.

“აჟენმა” დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” (98 ქულა, მე-3-ე ადგილი), რომელიც ვიტო კოლელიშვილის “ლიონთან” საკუთარ მოედანზე 26:27 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლიონელებმა, რომელთაც Top 14-ის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ, მდევრები არ დაინდეს და ბოლოსწინა ტურში “აჟენს”, ხოლო ბოლო ტურში “ლა როშელს” ქულები აართვეს. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ყაულაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა.

მასპინძლებს საოცარი დასაწყისი ჰქონდათ და ნახევარი საათის შემდეგ 21:0 დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა შესვენებამდე ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლეს და გარდასახვით ჩამორჩენა 14 ქულამდე დაიყვანეს. მეორე ტაიმის 15 წუთში “ლიონმა” ლელოთი, გარდასახვით და ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 69-ე წუთზე “ლა როშელმა” ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და 78-ე წუთზე თავად რომ მიიღო ლელო, რთული პოზიციიდან გარდასახვამ ძელებსშუა გაიარა. სტუმრები 27:26 დაწინაურდნენ, მასპინძლებს კი, მოგების შანსი უკანასკნელ წუთზე მიეცათ, როდესაც 35 მეტრიდან ჯარიმა შეასრულეს და თითქოს ბურთმა ძელებს ზევით გაიარა, მაგრამ მსაჯებმა დროშები არ შემართეს და “ლა როშელი” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

“ლიონმა” ჩემპიონატი 117 ქულით დაასრულა და მომავალ სეზონში Top 14-ში ითამაშებს, მაგრამ კოლელიშვილს იჯარის ვადა დაუსრულდა და “კლერმონს” დაუბრუნდება. “ლა როშელი” 18 მაისს პლეი ოფის ნახევარფინალში “პოს” ეთამაშება.

თორნიკე ლომიძის “ოშმა” გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბის” უმასპინძლა და 31:28 იმარჯვა. მასპინძელთა ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია, მესამეხაზელი ჩხაიძე სრულად გაისარჯა, პირველხაზელი მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-17-ე წუთზე ერთ თანაგუნდელ და ერთ მოწინააღმდეგესთან ერთად გაასინბინეს, 71-ე წუთზე კი შეცვალეს. ნემსაძე თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო. “ტარბიმ” ჩემპიონატი 80 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა, “ოშს” კი მოგებამ არ უშველა, 44 ქულით ბოლოსწინა მე-15-ე ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ მომავალი სეზონის დაწყება federal 1-ში მოუწევს.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” 34:19 დაამარცხა. შეყლაშვილი შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა და 76-ეზე თავად შეცვალეს, დათუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 28-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო ნაცარაშვილის საქმეში ჩართვა მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა და ის სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. “ბეზიემ” პრემიალური ქულაც აიღო, ჯამში 60 გაუხდა და მე-10ე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო “ორიაკი” 59 ქულით მე-11-ე პოზიციაზე დაეშვა.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბი” ქართველი ლეგიონერების გარეშე “კარკასონს” ეწვია და 31:43 დამარცხდა. “ალბიმ” 54 ქულით ჩემპიონატი მე-12-ე ადგილზე დაასრულა. ამრიგად, 18 მაისს პლეი ოფის ერთრაუნდიანი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება და იმ ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა, რომელთაგან ერთი 25 მაისს Top 14-ის საგზურს მიიღებს.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087352