9-12 მაისს თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ინგლისის რაგბის კავშირის, კენტისა და ესექსის საგრაფოების რაგბის კავშირების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში ინგლისის რაგბის კავშირის, რაგბის საერთაშორისო საბჭოს, ფირა-აერისა და გაერთიანებული სამეფოს სპორტის სააგენტოს ერთობლივი პროგრამის – “ერთობის პროექტის” (Unity Project) ფარგლებში იმყოფებოდნენ.
პროგრამა, რომელიც წლის დასაწყისში გაეშვა, რამოდენიმე ეტაპისგან შედგება და მის მიზანს ევროპაში რაგბის განვითარება წარმოადგენს. პირველ ეტაპზე განხორციელდა იმ ქვეყნების შერჩევა, რომლებთანაც ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ინგლისის საგრაფოების რაგბის კავშირების დამეგობრება.
ვინაიდან კენტისა და ესექსის საგრაფოებს გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მდიდარი სარაგბო ისტორია აქვთ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს საქართველოსთან მათი დამეგობრება.
სამუშაო ვიზიტის დროს, პროექტის დელეგაციის წევრებმა თბილისსა და რუსთავში დაათვალიერეს უკვე არსებული და მშენებარე სარაგბო ბაზები და მათი ინფრასტრუქტურა; ესტუმრნენ კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლას და სარაგბო კლუბ “იუნკერებს”, რადგან პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას სასკოლო რაგბის, როგორც სასკოლო დისციპლინის განვითარება წარმოადგენს; ისინი აგრეთვე გაეცნენ საქართველოს პირველობის სტრუქტურას და განსაკუთრებული ინტერესი გამოვლინეს საფესტივალო ასაკის ტურნისრებისა და ჭაბუკთა ლიგების გათამაშების მიმართ.
ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს რაგბის კავშირმა და “ერთობის პროექტის” დელეგაციის წევრებმა, ზოგადად განიხილეს ის სფეროები, რომლებშიც მოხდება თანამშრომლობა, ხოლო ამ სფეროების საბოლოო დადასტურება მოხდება მას შემდეგ, რაც პროგრამის შემდეგი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაცია ესტუმრება კენტსა და ესექსს.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია