საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” ბურჯი დავით ზირაქაშვილი მეხუთე ქართველი მორაგბეა, რომელიც ლეგენდარული სარაგბო კლუბის - “ბარბაროების” შავ-თეთრ ზოლიან მაისურს მოირგებს.
“ბარბაროსები” განსაკუთრებული სტატუსის მქონე კლუბია, რომელიც 1890 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში, ან მის წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბისთვის უდიდესი პატივია. ეს კლუბი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ კრებს და სანახაობრივ, ლაღ თამაშს აჩვენებს, მისი მოწინააღმდეგეები კი, მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებები არიან.
ქართველ მორაგბეთაგან “ბარბაროსების” შემადგენლობაში პირველად დავით ქუბრიაშვილმა ითამაშა, ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ამ გუნდის მაისური დავით კაჭარავამ და გოდერძი შველიძემ მოირგეს. 2012 წელს შავ-თეთრი მაისური მამუკა გორგოძემ მოირგო და ორ თამაშში მიიღო მონაწილეობა. მას და ქუბრიაშვილს კლუბში შარშანაც უხმეს, თუმცა, ქართველებმა უარი განაცხადეს, წელს კი, ეს პატივი ზირაქაშვილს ერგო. 1 ივნისს ის “ბარბაროსების” მაისურით ინგლისის ნაკრებს ეთამაშება.
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს “ბარბაროსები” საქართველოს ეწვია და “მიხეილ მესხზე” “ბორჯღალოსნები” 28:19 დაამარცხეს.
მთავარ მწვრთნელ დინ რაიანს ჯერჯერობით სრული შემადგენლობა არ დაუსახელებია და ის საფრანგეთისა და ინგლისის პლეი ოფის ნახევარფინალების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ახალ ზელანდიას ეყოლება. მათ შორისაა ზირაქაშვილის თანაგუნდელი “კლერმონში” სიტივენი სივივატუ, რომლის ანგარიშზეც 48 ტესტში 33 ლელოა.
ზირაქაშვილს ახალი ზელანდიის ვეტერანთა ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში აქვს ნათამაშები. წელს მსოფლიო ნაკრების მაისურს მამუკა გორგოძე მოირგებს და ის 7 ივნისს სამხრეთ აფრიკას ეთამაშება. ზირაქაშვილის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში 45 ქულაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია