ამბები

13:04 | 18.05.2014 | ნანახია 2290 - ჯერ

“მონპელიე” ისევ “კასტრმა” შეაჩერა

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “მონპელიე”, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრთან” საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ნახევარფინალში, დამატებით დროში, 19:22 დამარცხდა და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.

მონპელიელებმა რეგულარული პირველობის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთვნენ, მაგრამ “კასტრს” ვერც ამჯერად გასცდნენ. ოთხი წლის წინ, როდესაც “მონპელიემ” ფინალში ითამაშა, მან ამ მეტოქის დამარცხება მოახერხა, შარშან და შარშანწინ კი, “კასტრთან” პლეი ოფის პირველსავე ეტაპზე დამარცდა.

ეს იყო გორგოძის უკანასკნელი მატჩი “მონპელიეს” მაისურით. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფულგენსე უდრაოგომ 49-ე წუთზე შეცვალა. სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ნარიაშვილი, საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ თამაშის მიწურულს დაღლა დაეტყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მჭედლიშვილი და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

თამაშიდან გამომდინარე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “კასტრმა” დამსახურებულად გაიმარჯვა. რორი კოკოტის ადრეულ ჯარიმას ფრანცის თხან-დუკმა არეკნით უპასუხა, მაგრამ კოკოტმა შორეული ჯარიმით საკუთარი გუნდი 21-ე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო 30-ეზე კასტრელებმა 5-მეტრა შერკინებიდან შეუტიეს და ლელო გარდასახვით უპირატესობა გაზარდეს. “მონპელიემ” საპასუხო ლელო მალევე გაიტანა, როდესაც მეტოქეს ხაზი გაუჭრა და რენე რანჟერმა მიზანს უწია, ხოლო თხან-დუკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 10:13.

ტაიმის მიწურულს “კასტრს” მეორე ლელო უნდა გაეტანა. “მონპელიემ” ბურთი საკუთარ ნახევარზე უწყინარ სიტუაციაში დაკარგა, მეტოქემ ფლანგზე მეტობა გამოიყენა და მაქსველ ევანსი ბურთის დასამიწებლად ემზადებოდა, როდესაც ის ჩათვლის მოედნიდან გვერდით ხაზს იქით პიერ ბერარდმა გადაიყვანა. მეორე ტაიმის დებიუტში კოკოტმა უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, მაგრამ თხან-დუკმა 54-ე და 57-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით წონასწორობა აღადგინა. მანვე 64-ე წუთზე “მონპელიე” წინ გაიყვანა, მაგრამ “კასტრმა” ჯარიმითვე წონასწორობა ერთ წუთში აღადგინა - 19:19.

ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებული დროის მეორე წუთზე “კასტრს” საქმის მომთავრების შანსი მიეცა, როდესაც რემი ლამერმა ფლანგზე ხაზი გაჭრა, ცენტრისკენ შეიწია და ლელოსკენ დაიძრა, მაგრამ ტიმოსი ნაგუსამ მოკლე მანძილზე დაახლოებით ხუთმეტრიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, შემტევს ფეხებში წვდა და დამიწებამდე მას ბურთი ხელიდან გაუვარდა. პირველი დამატებული ტაიმის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც სერემაია ბაიმ 38 მეტრიდან არეკნი გაიტანა და ეს დარტყმა გადამწყვეტი აღმოჩნდა. 94-ე წუთზე 22-ის ხაზიდან ჯარიმის შესრულების უფლება “მონპელიემაც” მიიღო, მაგრამ მოთამაშეებმა საქმის ერთიანად მომთავრება გადაწყვიტეს, კარში დარტყმის ნაცვლად ბურთი აუტში გაიტანეს და მერე ის დერეფანში დაკარგეს.

ამრიგად, “კასტრმა” 22:19 იმარჯვა და ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს. 31 მაისს მისი მეტოქე კოტე მიქუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” იქნება, რომელსაც მანამდე “ჰაინეკენის თასის” ფინალი ელის. ამრიგად, მეორდება შარშანდელი, როდესაც “ტულონმა” “ჰაინეკენის თასი” მოიგო, მერე საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში “კასტრის” წინაშე წარსდგა და მარცხი განიცადა.

“ტულონმა” ნახევარფინალში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” 16:6 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ტულონი” ლელო-გარდასახვით მე-12-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა მიიღო და უპირატესობა მინიმუმამდე დავიდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ჯონ უილკინსონმა ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა და გუნდი ზედიზედ მეორედ გაიყვანა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში.   

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081351