25 მაისს ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, ან ტარიელ რატიანიძის “აჟენი” საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის საგზურს მოიპოვებს.
პლეი ოფის ნახევარფინალში “აჟენმა” ასტამურ იოსელიანის “ნარბონი” 25:17 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “აჟენი” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ტაიმი 12:3 მოიგო, ხოლო 55-ე წუთისთვის 22:6 დაწინაურდა. “ნარბონმა” ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ 70-ე წუთზე ლელო გაუშვა და მატჩის ბედიც იქ გადაწყდა. ბოლოსწინა წუთზე “აჟენმა” ლელო-გარდასახვა გაუშვა, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
“ლა როშელმა” “პო” 35:18 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს, სამი ლელო გაიტანეს, ერთი ლელო ტაიმის მიწურულს გაუშვეს და 19:7 დაწინაურდნენ. “პო” იოლად არ დანებდა და 58-ე წუთზე ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა (25:18). სწორედ ამ დროს ჩაერთო თამაშში ყაულაშვილი, “ლა როშელმა” ინიციატივა დაიბრუნა და ჯერ ჯარიმა გაიტანა, ხოლო 73-ე წუთზე, როდესაც სტუმრების ორი მორაგბე სინბინით დაისაჯა, საჯარიმო ლელო მიითვალა და 35:18 იმარჯვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია