შემოდგომაზე დაწყებული სარაგბო სეზონი ზაფხულის პირზე, საქართველოს პირველობის დიდი ფინალით სრულდება. შაბათს, 24 მაისს, საღამოს ექვსზე (18:00), “მიხეილ მესხზე” (“ლოკომოტივის” სტადიონი), “ლელო” და “არმია” “ბზის თასისთვის” შეიბმებიან.
ჩემპიონატი 2013 წლის 7 სექტემბერს გაიხსნა. მას აქეთ უმაღლესი ლიგის ათმა გუნდმა ორი სრული წრე და “ავსტრალიური პლეი ოფის” ხუთი რკენა გამართა, რამაც ერთად 95 მატჩი შეადგინა. და აი, მაისის ბოლოსწინა ვიქენდზე გადამწყვეტი, საჩემპიონო ჯახია: შარშანდელი ფინალის რე-მატჩში, ისევ “ლელო” და “არმია” შეერკინებიან ერთმანეთს.
ერთი წლის წინ (25/05) “შევარდენზე”, “ლელომ” 16:10 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. წელს, ორი კვირის წინ (10/05), პლეი ოფის მეორე წრეში, ამავე მეტოქეს “ლელომ” 19:13 აჯობა შესარჩევ ფინალში და “არმიას” გზა დაუგრძელა - წინასწარ ფინალში გაისტუმრა, მანამდე კი, “ავჭალაში”, ორივე წრიული რკენა ჯარმა მოიგო - 16:12 (30/11/2013) და 19:10 (26/04/ 2013).
“არმიამ” რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა: 63 ქულა (13 მოგება - 4 წაგება, 1 ფრე, სხვაობა +186, 9 ბონუსი), “ლელო” კი მეორე იყო - 59 ქულა (12-6, +235, 11 ბონუსი), მაგრამ რადგან პლეი ოფში “ლელომ” უკვე ძლია მეტოქე, მისი ნომერი გადაიბარა, რის გამოც დიდ ფინალში მასპინძელია და ფრეზე ბოლო თაი-ბრეიქიც მის სასარგებლოდაა, ანუ თუ, კანონიკური 80 წუთი და ორი დამატებითი 10-წუთიანი ტაიმიც ფრედ დასრულდა, გუნდებმა ამ 100 წუთში ლელოთა ტოლი რაოდენობა დადეს და ჯერ წითელი და მერე ყვითელი ბარათების ბალანსებიც თანაბარი ექნებათ, “ბზის თასი” “ლელოს” მიენიჭება.
ფინალს ირლანდიელი პითერ ფითსგიბონი განსჯის, პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხით" მოეწყობა.
“ლელო” 1969 წელს დაარსებული “სპარტაკის” პირდაპირი მემკვიდრეა და აქამდე სამ-სამი ოქრო (2004, 2009, 2013) და ვერცხლი (2007, 2008, 2010) მოუხვეჭია, 1977 წელს დაფუძნებული ასკ კი, “არმიად” 2011 წელს აღდგა და მონაგარში თითო ოქრო (2011), ვერცხლი (2013) და ორიც ბრინჯაო (1998, 2000) ეთვლება.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2013-2014 წლის სეზონის ფინალური მატჩი 24 მაისს, 18:00 საათზე “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. ფინალურ დაპირისპირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია