6 ერი

17:01 | 14.02.2016 | ნანახია 1235 - ჯერ

ფრანგულმა კუნთებმა ირლანდიურს აჯობა

საფრანგეთის ნაკრებმა 2016 წლის ექვსი ერი ორიდან ორი მოგებით დაიწყო და სატურნირო ცხრილის თავში მოექცა. „ლე ბლუმ“ იტალიასთან გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ირლანდიელებთანაც რთული გზით იარა და გამარჯვებას აქაც დასკვნით წუთებში მიაღწია.

საფრანგეთსა და ირლანდიას შორის პარიზის „სტად დე ფრანსეზე“ გამართულ დაუნდობელ ბრძოლაში გადამწყვეტი რამდენიმე ფაქტორი აღმოჩნდა. პირველი - ირლანდიელთა სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად სამი მორაგბის ტრავმაა, რამაც ჯო შმიდტს იძულებითი ცვლილებების განხორციელება აიძულა და ამით მის გუნდს სიმძლავრე მოაკლდა; მეორე - ფრანგთა თავკაცის, გი ნოვესის დროული გადაწყვეტილებაა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ცვლილებებს მიმართა და მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს; და რა თქმა უნდა საკუთარი მოედნის ფაქტორი, რომლის გარეშეც ზედიზედ ორი მატჩის ბედის ბოლო წუთებზე შემობრუნება ურთულესი იქნებოდა.

თამაშმა წვიმის ფონზე ჩაიარა და ამან მატჩის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო. გუნდებს შეტევაში ხარისხი არ უვარგოდათ, ამის გამო გახშირდა ორთაბრძოლები, ბურთის ფეხით დაკიდებები და სტუმრებმაც ტრავმების გამო ერთმანეთის მიყოლებით შონ ობრაიენი, დეივ ქერნი და მაიკ მაკარტი დაკარგა.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, პირველ ტაიმში ბურთის ფლობა თანაბარი იყო, მაგრამ ირლანდიამ მეტოქის ნახევარზე მეტი დრო გაატარა, ხოლო მეორე ტაიმში ეს მაჩვენებელი ფრანგთა სასარგებლოდ მკვეთრად შეიცვალა (66% ბურთის ფლობა, 72% ტერიტორია), შედეგად, მასპინძლებმა ოთხჯერ სუფთად გაჭრეს ხაზი, სტუმრებს 17 ბოჭვა გაუცუდდათ და ლოგიკური ლელოც გავიდა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მატჩის ჯამში ირლანდია მეტოქეზე 5-ით მეტჯერ დაჯარიმდა (13-8), თუმცა პირველ ტაიმში თამაშის წესს უფრო ხშირად ფრანგები არღვევდნენ და შედეგად, ჯონათან სექსტონმა სამი ჯარიმა გაიტანა. სექსტონმა ანგარიში მე-14 წუთზე 40 მეტრიდან გახსნა, მაგრამ ეს 3 ქულა ობრაიენის ტრავმამ გააუფერულა, ხოლო ირლანდიელის მორიგი სამქულიანი დარტყმის შემდეგ, ქერნი დაშავდა. 30-ე წუთიდან ინიციატივა ფრანგთა ხელში გადავიდა და ეს მალე ქულებშიც აისახა, როდესაც პლისონმა ერთი ჯარიმა გაქვითა. მერე მას არეკნი გაუცუდდა, ხოლო შესვენების წინ ირლანდიელთა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და სექსტონმა უპირატესობა კვლავ 6 ქულამდე გაზარდა - 9:3.

ნოვესი საკუთარი მებრძოლებით უკმაყოფილი იყო, თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში ორივე ბურჯი და ერთიც გარემარბი შეცვალა. ეს ქულებზე რომ არ აისახა მწვრთნელმა საქმეში მაქსიმ მაშენო ჩართო, მაგრამ წვიმაში ირლანდიელები მაინც ახერხებდნენ მეტოქის მიძალების შეჩერებას.

ამასობაში სათამაშო დრო საათს გადაცდა, პლისონმა ხაზი გაჭრა და მარჯვნივ მისი პასი რომ გასულიყო, ლელო გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ გადაცემა მცველმა ჩაჭრა. 65-ე წუთზე ფრანგი მორკინალები ირლანდიელთა ლელოს ზედ ძელებსშუა მიეძალნენ და ხაზიც გადაკვეთეს, რეფერიმ რაქში თავი ჩაყო, თუმცა ბურთი ვერ დაინახა, ვოდეორეფერიმაც ვერაფერი შენიშნა და 5-მეტრა შერკინება დანიშნა. ის რამდენჯერმე ჩავარდა, მაგრამ საბოლოოდ ლელო მაინც გავიდა. ბურთი მაქსიმ მედარმა მაღალ სიჩქარეზე მიიღო, მბოჭავს გაუსხლტა და ლელო ძელებს უკან გაიტანა, ხოლო პლისონმა გარდასახვით ფრანგები დააწინაურა - 10:9.

დარჩენილ 9 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და ირლანდიის ექვსი ერის ზედაზედ მესამე მოგების შანსი მიზერული გახდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079528