ბორჯღალოსნები

20:44 | 3.11.2021 | ნანახია 1295 - ჯერ

ირაკლი ჭყონია: "ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით"

რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ ‘შავი ლომის’ შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა.

ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს:

„დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების ‘შავ ლომში’ თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ისინი აგვისტოდან მოყოლებული პროფესიონალურ გარემოში ემზადებიან და ნოემბრის ტესტებს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ხვდებიან“.

„საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების პრობლემა ის იყო, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მათი დიდი ნაწილი შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. წელს ისინი რეგულარულად თამაშობენ უმაღლესი დონის ჩემპიონატს, რაც იმის დასტურია, რომ კარგ ფორმაში არიან. იგრძნობა, რომ ყველა დიდი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრავმირებული მოთამაშეების მთელი ჯგუფი დაგვიბრუნდა და ისინი უკვე კვირიდან კვირამდე თამაშობენ საკუთარ კლუბებში. ეს დიდი ძალაა და ტურნეს საბრძოლო შემადგენლობით, კარგ განწყობაზე ვხვდებით“.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჭყონიასა და მოთამაშეთა განწყობაზე დადებითად აისახა და ეს მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის დაბრუნებაა:

„ჩვენთის უდიდესი მოტივაციაა ლევან მაისაშვილის დაბრუნება, რომელმაც უმძიმეს ვითარებას დააღწია თავი და ჯერ ‘შავ ლომში’, ახლა კი ნაკრებში დაგვიბრუნდა. ის არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია, გუნდში საუკეთესო გარემო შექმნა და დარწმუნებული ვარ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ“.

ტიერ1-ის მოთხოვნების შესაბამისად

ბორჯღალოსნებმა ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის (14 ნოემბერს საფრანგეთთან, 20 ნოემბერს ფიჯისთან) შეკრება კვირას, „შევარდენის“ ბაზაზე დაიწყეს და ორშაბათიდან ვარჯიშებს შეუდგნენ. ფიზმომზადების ჯგუფის მხრიდან, პირველი ორი დღე დიდი ყურადღება დაეთმო აღდგენას, ოთხშაბათს დასვენების დღეა, ხვალ და ზეგ კი ბიჭებს მძიმე დღეები ელით:

„ამ კვირაში მზადების უმეტესი ნაწილი უნდა გავიაროთ. საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი სრულყოფილი ტესტირება დროის სიმცირის გამო არ გაგვივლია, თუმცა ყველა მონაცემების მიხედვით, ფიზიკურად ტიერ1-ის საერთაშორისო მოთხოვნებთან ახლოს ვართ“.

„იმისათვის, რომ მორაგბე კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს, მნიშვნელოვანია რეგულარულად თამაშობდეს მაღალი დონის, ხარისხისა და ტემპის თამაშებს. პირველი ორი დღე დატვირთვებისა და მგზავრობის შემდეგ ენერგიის აღდგენას დაეთმო, ხვალიდან კი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს ვიწყებთ. ფიზიკურთან ერთად ყურადღება ეთმობა ტაქტიკურ მომზადებას და გუნდის შეთამაშებას“.

ირაკლი ჭყონია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც კონკრეტულად ფიზმომზადების ჯგუფში, ასევე მთელს სამწვრთნელო შტაბში, საერთო მიზნისთვის ყველა მაქსიმალურად იხარჯება:

„ჩვენი გუნდი ერთ საერთო მექანიზმად მუშაობს, სადაც თითოეული ჭანჭიკის კარგად მუშაობა, შესაბამისად აისახება გუნდის მომზადებაზე. კარგია, რომ თამაშამდე ორი კვირა გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ღირსეულად წარვსდგეთ გულშემატკივრის წინაშე და ხარისხობრივად კარგი თამაში ჩავატაროთ“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077241