საერთაშორისო

19:51 | 30.06.2021 | ნანახია 429 - ჯერ

მსოფლიო რაგბი | კვესელაძე მსოფლიოს ჩემპიონთან გამოწვევებზე

მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 2 და 9 ივლისს გასამართი მატჩების წინ, მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსანთა ცენტრ გიორგი კვესელაძეს ესაუბრა:

„გიორგი კვესელაძე აღიარებს, რომ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართი ტესტ-მატჩები ისტორიულია ქართული რაგბისათვის.

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ, საქართველოსთან თამაში თითქოს იოლ გახურებად მოჩანს, თუმცა ბორჯღალოსნებმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ძალა და რეპუტაცია არაერთხელ დაამტკიცეს.

გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს, მსოფლიოს ჩემპიონს ფინალური მატჩის შემდეგ პირველ გამოცდას მოუწყობს და გიორგი კვესელაძე დარწმუნებულია, რომ ისინი კარგ თამაშს აჩვენებენ:

„პირველად ვართ სამხრეთ აფრიკაში და მადლობას ვუხდი მათ ამ შესაძლებლობისთვის. ეს ჩვენთვის, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, დიდი გამოწვევაა და მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას. მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, მეტოქეს საქმეს არ გავუიოლებთ“ – ამბობს 23 წლის მორაგბე, რომლის ანგარიშზე უკვე 34 კეპია.

დიდი გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ 2 ივლისს საქართველო სამხრეთ აფრიკას 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შეხვდება, უკანასკნელ წლებში ისინი დიდ გუნდებს სულ უფრო ხშირად ეთამაშებიან და გამოცდილებას იღებენ.

ამ კუთხით კვესელაძე 2020 წლის „შემოდგომის ერთა თასს“ აღნიშნავს, რომელშიც მან ირლანდიის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და გუნდმაც რეპუტაციის გასამყარებლად დიდი ნაბიჯი გადადგა:

„შემოდგომის ერთა თასზე“ ტიერ1-ის გუნდებთან თამაშით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონს უნდა შევხვდეთ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს განვითარებაში დაგვეხმარება“ – ამბობს ის.

გუნდისთვის, რომელიც დომინანტია ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის, „შემოდგომის ერთა თასი“ უდიდესი ყოველკვირეული გამოცდილება იყო მსოფლიო თასს მიღმა. მართალია მათ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა გაუმჯობესება შეტევაში თვალნათელი იყო. ახლა საქართველოს ცნობილი მორკინალების გარდა, ყავს მერაბ შარიქაძისა და კვესელაძის დუეტი ცენტრში და ახალგაზრდა დავით ნინიაშვილი, რომელიც უკანა ხაზისთვის ნამდვილი აქტივია.

საუკეთესო ფორმა

კვესელაძე ამბობს, რომ მისთვის შარიქაძის მხარდამხარ თამაში „ერთი სიამოვნებაა“, ინგლისის პრემიერშიფში გადასვლა კი, საუკეთესო ფორმაში ამყოფებს:

„ინგლისში ოთხი თვე გავატარე და ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაში ვარ. ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ განვითარებას, რადგან პროფესიონალების მხარდამხარ, პროფესიონალურ გარემოში ვთამაშობ და ეს ძალიან მეხმარება“.

„შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ საქართველო ჩვეულ გარემოს დაუბრუნდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა. ნიდერლანდებთან 48:15 მოგება, ზედიზედ მე-20 გამარჯვება იყო ამ ტურნირში და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლაში, მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს:

„პირველ ტაიმში ბევრი შეცდომები დავუშვით, რაზეც შესვენებისას ვისაუბრეთ და მეორე ტაიმში გამოვასწორეთ. ბედნიერი ვარ, რადგან კვლავ მოვიგეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი და მორიგი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო თასზე გასასვლელად“.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08452