ბორჯღალოსნები

22:28 | 23.06.2021 | ნანახია 1275 - ჯერ

20-წლამდელები | შეცდომებით ურუგვაისთან

უმცროს ბორჯღალოსნებს დასკვნით წუთებში დაშვებული შეცდომები მატჩის დათმობათ დაუჯდათ, ურუგვაიმ 20:15 იმარჯვა.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრაში, უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაისთან ტერიტორიულ(68%) და ბურთის ფლობის(67%) უპირატესობას ფლობდნენ, ასევე უპირატესობა გვქონდა შერკინებაში, მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოხერხდა. მეტოქე ჯამში 19-ჯერ დაჯარიმდა, ჩვენ 9-ჯერ, საიდანაც ერთ-ერთმა მოედანზე კაცნაკლულად დაგვტოვა, ამ 10 წუთში კი ურუგვაიმ 12 ქულის აღება მოახერხა.

დერეფანში ორივე გუნდი არასტაბილური იყო. საქართველომ დასკვნით წუთებში ზედიზედ სამი აუტი ვერ მოაწოდა და შედეგად, გადამწყვეტი იერიშის წამოწყების შანსი ხელიდან გაუშვა. ურუგვაი გვჯობდა სისწრაფეში, რის გამოც რამდენჯერმე გაიჭრა ხაზი და უმრავლეს შემთხვევაში, მეტოქე დაცვაშიც ახერხებდა გადაწყობას.

მატჩის დებიუტში ორივე გუნდი ცდილობდა ტერიტორიის ფეხით მოგებას. ჩვენი მოთამაშეები აქცენტს საბრძოლო ბურთებზე აკეთებდნენ და ორჯერ შალვა აფციაურმა, ერთხელ კი კოტე იაშვილმა შეძლო საჰაერო ბრძოლის მოგება.

ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე შეიძლებოდა, როდესაც მეტოქის 22-ში გადაკიდებული ბურთი 5-მეტრიანთან ავიღეთ, შეტევის ტემპი თითქოს დაიკარგა, მაგრამ საქმეში ხაზი ჩაერთო, გიორგი ჩიქოვანმა კარგად შეუტია, თორნიკე კახოიძემ მცველი აიყვანა და კიდესთან ლუკა კვენეტაძე მოძებნა, რომელიც ერთ მცველს კი გაექცა, მაგრამ მეორემ ზედ ალამთან აუტში გადაიყვანა.

1 წუთში ლელო მაინც გავიდა. მსაჯმა ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა, მოლის დაყენების ნაცვლად ალექსანდრე ქუნთელიამ მოკლე ფრთაზე შეუტია, მას თანაგუნდელები წამოეშველნენ და ანგარიშიც გაიხსნა, ჩიქოვანმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. მომევნო 10 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით წუთებში კი რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და შესვენების წინ ურუგვაიმ მოლით საპასუხო ლელო დაგვიდო, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო – 10:8.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მოლმა წინ წაიწია, ჩიქოვანმა ბურთი ფეხით ფრთაზე გადაკიდა, სადაც ორი შემტევი ერთი მცველის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ საჰაერო ბრძოლის მოგების შემდეგ, მისი გამოყენება ვერ მოხერხდა.

ტაიმის შუაში შეცვლაზე რამდენიმე წამის შესული თამაზ ჯიმშელეიშვილი სინბინით დაისაჯა და ურუგვაიმ რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა. მეტოქის 5-მეტრიანი დერეფნიდან ბურთის წამოღების შემდეგ, ურუგვაიმ ფეხით მოგერიებისას დაგვიფარა, მერე 5-მეტრიანი შერკინებიდან 8 ნომერმა ბურთი 9-ს გაატანა და მისი შეჩერება ვერ მოხერხდა.

64-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელებმა ცენტრში დანიშნული შერკინებიდან მაღალ ტემპში ხელდახელ შეუტიეს და პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ამჯერად ყველაფერი ზუსტად შეასრულეს – 10:20.

სხვაობის შემცირება მალევე შეიძლებოდა, მაგრამ 22-ის ხაზთან დანიშნული ჯარიმა არც კარში დავარტყით და არც აუტში, შერკინებიდან შეტევა კი არ გამოვიდა. მერე რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 74-ე წუთზე მოლით ჯერ ცენტრში, მერე მეტოქის 22-ში იარეს და თამაზ ჯიმშელეიშვილმა ლელო გაიტანა. სიჩქარეში გარდასახვა არეკნით შესრულდა და ის არაზუსტი იყო, დასკვნით წუთებში დაშვებულმა შეცდომებმა კი, გადამწყვეტი შეტევის წამოწყების შესაძლებლობა არ მოგვცა, მათ შორის მეტოქის 22-ში და ურუგვაიმ 20:15 იმარჯვა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 28 ივნისს, საქართველოს დროით 15 საათზე გამართავს, დასკვნით შეხვედრაში კი, მე-3 ადგილისთვის 3 ივლისს, სავარაუდოდ კვლავ ურუგვაის შეხვდება.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში

მეორე ტური.

საქართველო v ურუგვაი 15:20 (10:8)

საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. გიორგი ჩიქოვანი, 11. ლუკა კვენეტაძე, 10. დავით იმნაძე, 9. კოტე იაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. დავით არველაძე, 6. ბექა გელხვიძე, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ნიკოლოზ სუთიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჯიმშელეიშვილი, 17. დავით გველესიანი, 18. ნიკა ბაბუნაშვილი, 18. ირაკლი აფციაური, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. რატი ზაზაძე, 21. გიორგი კურტანიძე, 22. ლაშა ცხოვრებაძე, 23. ვაჟა მიქაძე, 24. პაატა გალდავა, 25. პეტრე ხუციშვილი, 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი, 27. ლუკა არჩვაძე.

2 ლელო: ქუნთელია, ჯიმშელეიშვილი

1 გარდასახვა: ჩიქოვანი

1 ჯარიმა: ჩიქოვანი

1 სინბინი: ჯიმშელეიშვილი

ფოტო: Roger Sedres / TrySportimages

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111918