საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე 13-წლამდელთა ტურნირი გაიმართა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ტყუპი ძმების, ნუკრი და ვასკა წიკლაურების ხსოვნას მიეძღვნა. ‘რაშების’ ინიციტივით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით, 6-გუნდიანი ტურნირი გაიმართა, რომელშიც ‘რაშები’, ‘ლელო’, ‘აკადემია’, ‘არმაზი’, ‘ყაზბეგი’ და ‘მამონტები’ მონაწილეობდნენ.
გუნდებმა ჯერ ჯგუფური ეტაპი ითამაშეს და ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავიდა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულმა გუნდებმა კი, მე-5 ადგილი გაითამაშეს. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრა. ორჯერ დაინიშნა დამატებითი დრო, მათ შორის ფინალშიც და ‘ლელომ’ ‘რაშები’ 2:1 დაამარცხა. მესამე ადგილი ‘აკადემიას’ ერგო, მეოთხეზე ‘არმაზი’ გავიდა, მეხუთეზე ‘ყაზბეგი’, ხოლო მეექვსე ადგილი ‘მამონტებმა’ დაიკავა.
ყველა მონაწილე გუნდს, დაკავებული ადგილის მიხედვით გადაეცა თასი. ასევე გამოარჩიეს მატჩის საუკეთესო მელელოვე ნიკოლოზ ტალიაშვილი (ლელო), ხოლო ვეტერანი ბორჯღალოსანის, მამუკა გორგოძის ინიციატივით, საუკეთესო მბოჭავის თასი ასევე ლელოელ საბა ჯიბღაშვილს ერგო. მამუკა გორგოძემ გადასცა მთავარი ჯილდო გამარჯვებულ გუნდ ‘ლელოსაც’.
„მეგობრების დახმარებით ბავშვებს ერთი ლამაზი დღე მოვუწყეთ. მის ორგანიზებაში ექვსივე კლუბი იყო ჩართული. და ეს ტურნირი ძმები წიკლაურების ხსოვნისადმი მიგვეძღვნა, რათა ახალ თაობას გაეგო, თუ როგორი ვაჟკაცები იყვნენ ვეტერანი მორაგბეები – ვასკა და ნუკრი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შეწირეს. გვაქვს სურვილი, რომ ეს ტურნირი მომავალში უფრო მასშტაბური გახდეს და ყოველ წელს 26 მაისს ჩატარდეს“ – განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რაგბის კლუბ ‘რაშების’ დამფუძნებელმა ერეკლე კამლაძემ და ტურნირის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა:
„ვულოცავ ‘ლელოს’ დამსახურებულ გამარჯვებას. ფინალი სტატუსის შესაფერისი, დაძაბული გამოდგა. დღევანდელი დღით უზომოდ კმაყოფილი ვარ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ ბავშვს, რომელიც დღეს მოედანზე გავიდა და მათ მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“.
ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები და მათ აღნიშნეს, რომ ბავშვთა განვითარებისთვის მსგავსი ტურნირების ორგანიზება უმნიშვნელოვანესია.
თორნიკე გოგებაშვილი: „ვულოცავ მთელს ქვეყანას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და თითოეულ ბავშვს ამ შესანიშნავ ტურნირში მონაწილეობას. არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი ბავშვთა რაგბის განვითარებაა და დღეს კიდევ ერთი ზეიმის მომსწრენი ვართ. ჩვენმა მეგობრებმა ნაძალადევში, თბილისის ზღვაზე ძმები წიკლაურების სახელობის ტურნირი გამართეს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ყოველ კვირას ტარდებოდეს, რათა მოხდეს ამ ბავშვების და ზოგადად ბავშვთა რაგბის განვითარება. სიმბოლურია, რომ „წიკლაურების თასი“ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ტარდება, რადგან მათ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირეს თავი“.
ნიკა ალავიძე: „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს განსაკუთრებული თარიღია და გვსურს, რომ ის ახალგაზრდა თაობამ განსაკუთრებულად აღნიშნოს. ამასთან, გვსურს, რომ მათ ამ გზით გავუზიაროთ ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილი. მოხარულები ვართ, რომ ეს ტურნირი ახალ ლოკაციაზე ტარდება, რადგან ჩვენი მიზანია, სპორტულ აქტივობებში რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს და ასევე, მოხდეს ამ აქტივობების რეგიონებში გაშლა“.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია