ლეგიონერები

22:12 | 6.04.2021 | ნანახია 1084 - ჯერ

ლეგიონერები | გოგიჩაშვილისა და ნიორაძის ლელოები

ბორჯღალოსანმა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, ჩემპიონთა თასის მერვედფინალში შოტლანდიურ ‘ედინბურგს’ ლელო გაუტანა.

22 წლის მორაგბესთვის, რომელიც ‘რასინგ 92’-ში მესამე სეზონს ატარებს, ეს კლუბის მაისურით გატანილი პირველი ლელოა. გოგიჩაშვილმა ბორჯღალოსნების შეკრება რუმინეთთან მატჩამდე სწორედ იმის გამო დატოვა, რომ შოტლანდიელთა წინააღმდეგ ეთამაშა. ის შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და ლელო 66-ეზე გაიტანა. მან ბურთით 6-ჯერ შეუტია და ჯამში 16 მეტრი მოიგო. ‘რასინგმა’ მეტოქე 56:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში ‘ბორდოს’, 11 აპრილს სტუმრად ეთამაშება.

‘ბორდომ’ ინგლისურ ‘ბრისტოლს’ უმასპინძლა და 36:17 სძლია. ფრანგთა რიგებში შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. ამ პერიოდში მან 4-ჯერ შეუტია და ბურთი 16 მეტრით წაწია წინ, დაცვაში კი 4 ბოჭვა შეასრულა.

ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში ‘აჟენი’ ‘ბენეტონს’ იტალიაში ეწვია და 16:29 დამარცხდა. სტუმართა შორის 56-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა.

‘ლონდონ აირიშისა’ და ‘კარდიფის’ შეხვედრას საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გაუძღვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროთასების ფლეი ოფში ქართველმა იმსაჯა. ინგლისელებმა სტუმრები 41:35 დაამარცხეს.

პრო დე2

პრო დე2-ის 25-ე ტურში ‘ორიაკმა’ ლიდერ ‘პერპინიანს’ უმასპინძლა და გამარჯვება არ დაანება – 27:27. უფრო მეტიც, სტუმრებმა მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით შეძლეს 2 ქულის აღება. მასპინძელთა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-11 წუთზე ‘ორიაკის’ მეორე ლელო გაიტანა. ეს მისი მესამე ლელოა მიმდინარე სეზონში.

ნიორაძე 67-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა შორის 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქართველიშვილმაც. სტუმართა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომლის ნაცვლად 34-ე წუთზე შეცვლაზე ვახტანგ ჯინჭარაძე შევიდა.

‘გრენობლმა’ ‘ოიონა’ მიიღო და 33:26 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და 61-ე წუთზე შეცვალეს. 61-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ნიკა ნეფარიძე. სტუმართა განაცხადშიც ორი ქართველი იყო, ბექა კაკაბაძე შეცვლაზე 71-ე, ხოლო ალექსი სვიანაძე 79-ე წუთზე შევიდა.

‘ბეზიე’ ‘რუანს’ კაცნაკლული ეთამაშა და 23:25 დამარცხდა. მასპინძელთა ბურჯმა ჟორჟ სალდაძემ წითელი ბარათი პირველსავე წუთზე მიიღო. სტუმართა შორის სრულად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ, ხოლო კახა ასიეშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს.

‘კოლომიემ’ ‘პროვანსს’ დაძაბულ ბრძოლაში 30:28 სძლია. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა. მას დასკვნითი ოთხი წუთით კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. სტუმართა ძირითადში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს ზაზა ნავროზაშვილი.

‘სტუმრად’ ‘მონ-დე-მარსანს’ 18:14 სძლია ‘ანგულემმა’, რომლის ძირითად შემადგენლობაში ლუკა გოგინავა იყო. ის 29-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 54-ე წუთზე შეცვალეს, 73-ეზე კი თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე მეორე ტაიმი სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა.

‘ვალანსმა’ ‘ვანს’ მინიმალური სხვაობით, 32:31 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში შეცვლაზე მეორე ტაიმი ითამაშა მირიან ბურდულმა.

‘ბიარიცმა’ ‘ნევერს’ 23:12 მოუგო. გამარჯვებულთა შორის 50-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ნუცუბიძემ, ხოლო ვახტანგ ახობაძე თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა ძირითადში იყო და 70 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.420948