2021 წლის 29 მარტს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა. სხდომას პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე თავმჯდომარის სტატუსით გაუძღვა. გამგეობის წევრებმა თავისი რიგებიდან გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს გივი ჭიჭინაძე.
თორნიკე გოგებაშვილმა, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან ახორციელებდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს, გამგეობის წევრებს წარუდგინა კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში, რა დროსაც ისაუბრა კავშირის ფინანსურ მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე. ამის შემდეგ იოსებ ტყემალაძემ გამგეობას მოახსენა თავისი ხედვის შესახებ, რომელიც ეხებოდა რაგბის კავშირის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას და შესთავაზა გამგეობის წევრებს ეფიქრათ მის მიერ გაჟღერებულ პრობლემათა გადაჭრის გზებზე და სურვილის შემთხვევაში, განსახილველად წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები შემდგომ გამგეობის სხდომებზე.
გამგეობის სხდომამ განიხილა ასევე სხვა საკითხები, რომლებიც ეხებოდა კავშირის ახალი წესდების პროექტს, განახლებული სადისციპლინო რეგულაციების მიღების საჭიროებას, კაცთა ლიგებში კოვიდ 19-თან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, ინფრასტრუქტურულ საკითხებს, საფესტივალო ტურნირებს და ბავშვთა რაგბის საჭიროებებს საქართველოში, ბავშვთა რაგბის განვითარების ჭრილში.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია