ლეგიონერები

20:57 | 29.03.2021 | ნანახია 430 - ჯერ

ლეგიონერები | პაპიძე სიმბოლურში და სვანაძის დებიუტი

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ მატჩს მართავდნენ, საფრანგეთში მორიგი ტურის თამაშები გაიმართება.

ტოპ 14-ის მე-20 ტურში ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა. პრო დე2-ის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა ‘ნევერის’ ბურჯი გურამ პაპიძე, ხოლო ‘ოიონას’ ახალგაზრდა ბურჯ ალექსი სვანაძეს, პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

ტოპ 14

‘სტად ფრანსემ’ ‘კლერმონს’ უმასპინძლა, უდისციპლინობის გამო, დასკვნითი 25 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა და საბოლოოდ 27:34 დამარცხდა. ვასილ კაკოვინი პარიზელთა მარქაფაში იყო და შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.

‘ბაიონმა’ საკუთარ მოედანზე ‘რასინგ 92’ მიიღო და 23:13 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი კოტე მიქაუტაძემ შეიტანა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა.

‘პო’ ‘კასტრს’ ეწვია, ბოლო წუთამდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი ბონუსს გამორჩა – 33:38. სტუმართა განაცხადში ომარ ოდიშვილი იყო და შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა.

‘ტულონი’ ‘ლიონს’ ეწვია და დიდი ანგარიშით, 16:54 დამარცხდა. სტუმართა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა ლუკა ჭელიძემ.

პრო დე2

პრო დე2-ის 24-ე ტური ‘ბეზიესა’ და ‘ბიარიცის’ შეხვედრით გაიხსნა. მასპინძელი ‘ბეზიე’ იყო და 41:15 გაიმარჯვა. მის რიგებში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა მარცხენა ბურჯმა ჟორჟ სალდაძემ. შერკინებებში მის წინააღმდეგ პირველიდან 47-ე წუთამდე იდგა ვახტანგ ახობაძე.

სამმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა ‘გრენობლისა’ და ‘პერპინიანის’ შეხვედრაში. პირველ ტაიმში ხუთი ლელო გავიდა, მეორეში მხოლოდ ჯარიმები და სტუმარმა ‘პერპინიანმა’ 28:20 გაიმარჯვა. მის რიგებში შეუცვლელად ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა. მასპინელთა ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ნიკა ნეფარიძე თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

‘პროვანსმა’, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ერთ-ერთ კონკურენტ ‘მონ-დე-მარსანს’ უმასპინძლა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 16:18. მასპინძელთა რიგებში 51-ე წუთიდან ითამაშა ზაზა ნავროზაშვილმა.

‘ნევერმა’, რომლის რიგებში პირველიდან 68-ე წუთამდე გურამ პაპიძემ ითამაშა, ‘მონტობანი’ მიიღო და 24:15 დაამარცხა. პაპიძე საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურში მოხვდა.

‘კარკასონი’ ‘ვანს’ ეწვია და 77-ე წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვის გამო, უქულოდ დარჩა – 15:22. ნუგზარ სომხიშვილმა სტუმართა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა.

‘რუანმა’ ‘ანგულემი’ მიიღო და 15:8 სძლია. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა თამაზ მჭედლიძე. სტუმართა ძირითადში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ზაურ თევდორაშვილი, ხოლო შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა.

‘ვალანსისა’ და ‘ორიაკის’ შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორეს დასაწყისში სტუმრებმა წითელი ბარათით ერთი მორაგბე დაკარგეს და მასპინძლებმაც ოთხი ლელო გაიტანეს – 37:12. ‘ვალანსის’ ძირითადში იყო და 51 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა. ‘ორიაკის’ შემადგენლობაში სამმა ჩვენებურმა ითამაშა. გიორგი ქართელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. ასევე ძირითადში იყო და 76 წუთი ითამაშა ლუკა ნიორაძემ, ხოლო ჯემალ შათირიშვილი შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ‘კოლომიე’ ‘ოიონას’ ეწვია და 34:25 დაამარცხა. მასპინძელთა შორის ახალგაზრდა ბურჯის, ალექსი სვანაძის დებიუტი შედგა, რომელიც შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. 75-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ბექა კაკაბაძე. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

მომდევნო ორი კვირა წამყვანი კლუბებისთვის ევროთასებს დაეთმობა, პრო დე2-ში კი თამაშები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105966