საერთაშორისო

3:52 | 29.03.2021 | ნანახია 1651 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. თამაშის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

რუმინელთა ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან გვინდოდა ქულის აღება და მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში ვიყავით ეფექტურები, მაგრამ სიზუსტემ გვიმუხთლა. ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მთელი 80 წუთი მაქსიმალურად მობილიზებული იყო. ვინაიდან ეს ვერ შევძელით, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. წითელი ბარათი სამართლიანად იყო გაცემული. ამ ეპიზოდის შედეგად, ჩვენ ერთ-ერთი კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ“.

„ჩემგან დადებითი შეფასება ეკუთვნის საქართველოს. ვინაიდან მისი შეტევა იყო საკმაოდ ეფექტური. მიმაჩნია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისა და „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, მათი შეტევა ბევრად გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ტემპი და თანმიმდევრობა. ასევე უნდა ავღნიშნო თქვენი 9 ნომერი (გელა აფრასიძე), რომლის რითმი ფასდაუდებელი იყო საქართველოს შეტევაში. ის საკმაოდ კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა“.

ლევან მაისაშვილი ბორჯღალოსნების თამაშით და პროგრესით კმაყოფილი იყო:

„თამაში ჩვენთვის უჩვეულოდ დაიწყო. ძალიან რთულია ამდენი ხანი კაცნაკლულმა ითამაშო და ამან ცოტათი აგვრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. ეს დიდი გამოცდილებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომ ისწავლონ როგორ უნდა გაართვა თავი ამოცანას წნეხში. მიუხედავად ამისა, კარგი თამაში გამოგვივიდა ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. მე ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით“.

„მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომა გვიწევდა პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე. ძალიან რთული იყო ამისგან დამოუკიდებლად საქმის კეთება. „შემოდგომის ერთა თასიდან“ დაწყებული, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო წინსვლა. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა ნაკრები, ამას დაერთო ტრავმები და მრავლად მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების დამატება. „შემოდგომის ერთა თასზე“ გუნდი ძალიან გაიზარდა და იყო მოლოდინი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს დიდი სხვაობით მოვიგებდით. მაგრამ მას შემდეგ შემადგენლობა 50-55%-ით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაში და თავდაჯერებულობა ვიპოვეთ. ჩვენ ვიზრდებით და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით, რის იმედსაც ეს ბიჭები მაძლევენ“.

მერაბ შარიქაძემ ქომაგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც კაცნაკლულად თამაშმა შექმნა:

„ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარში დაგვიდგა და მათაც, ვინც ეს ვერ მოახერხა. ძალიან დიდი მუხტი მოაქვს გულშემატკივარს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ წინაშე თამაში. რაც შეეხება შეხვედრას, ურთულესია 14 კაცით მთელი თამაშის ჩატარება. ორმაგად გიწევს მუშაობა, ტაქტიკა უნდა შეცვალო, კომბინაციები ირევა… მაგრამ სირთულეებს თავი გავართვით. რუმინეთმა ძალიან კარგად ითამაშა და უპირატესობების გამოყენება მოახერხა, თუმცა თამაშის მართვის და შესრულების კუთხით, ჩვენ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გვქონდა. გამოსასწორებელი ბევრი იქნება, მაგრამ ეს პროცესია და შრომა, გამოცდილება და ანალიზი ჭირდება“.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089217