ამბები

18:25 | 23.05.2014 | ნანახია 3013 - ჯერ

რაგბი ვაკეში ბრუნდება

 

მას შემდეგ, რაც ქართულმა რაგბმა “შევარდენისა” და “ავჭალის” სტადიონები მიიღო, საქართველოს რაგბის კავშირს შიდა პირველობის თამაშებისთვის სხვა სტადიონების ძებნა აღარ სჭირდებოდა, მაგრამ შაბათი საღამო გამორჩეული იქნება.

24 მაისს საქართველოს XXIV ჩემპიონატის გამარჯვებული უნდა გამოვლინდის და მაყურებელს ლამაზი და დაძაბული მატჩის ხილვა ვაკეში, “მიხეილ მესხზე” შეეძლება. ფინალისტებმა - დედაქალაქურმა “ლელომ” და “არმიამ”, თავიანთი თამაშით მართლაც დაიმსახურეს, რომ უფრო დიდ არენაზე ითამაშონ და მათ თამაშზე დასწრების მსურველთა რაოდენობაც 2 ათასზე მეტი რომაა (2 ათას მაყურებელს იტევს “ავჭალის” სტადიონი, 1700 “შევარდენის”), ეს წინა შეხვედრაშიც გამოჩნდა.

ამრიგად, 18:00 საათიდან ვაკის არენაზე შეკრებილ მაყურებელს უსასყიდლოდ შეუძლია თავისთვის კომფორტული ადგილის შერჩევა და თამაშის ხილვა, რომელმაც “ბზის თასის” მორიგი მფლობელი უნდა გამოავლინოს. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ ქვეყანას ღირსეული ჩემპიონი ეყოლება, რადგან ამ გუნდებმა თავიანთი უპირატესობა მთელი სეზონის განმავლობაში დაამტკიცეს და თითქმის ყველა შემთხვევაში მაყურებელი სანახაობით ასიამოვნეს.

ფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც რეგულარული პირველობა პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულეს. “ლელო” დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა, მაგრამ მერე რამდენიმე თამაში დათმო და მეორე ადგილი მხოლოდ იმის ხარჯზე შეინარჩუნა, რომ დასკვნით ტურში თავისი მატჩი “ლოკომოტივმა” ვერ მოიგო. ჯამში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა 12 თამაში მოიგო, 6-ჯერ დამარცხდა და 59 ქულა დააგროვა. “არმიამ” რეგულარული გათამაშების დასკვნით ოთხ ტურში ოთხი გამარჯვება მოიპოვა და 13 მოგებით, 1 ფრით და 4 მარცხით (63 ქულა) პირველ ადგილზე გავიდა.

რეგულარული პირველობის ურთიერთშეხვედრებში “არმიამ” “ლელო” ჯერ 16:12 დაამარცხა, ხოლო დასკვნით ტურში 19:10 აჯობა და პირველი ადგილიც მაშინ ჩამოართვა. სამაგიეროდ, პლეი ოფში “ლელომ” მეტოქე სრულად დაჯაბნა და 19:13 გამარჯვებით ფინალში თამაში ნაადრევად დაიბევა. იმ მოგებამ ლევან მაისაშვილის შეგირდებს ორკვირიანი დასვენების საშუალება მისცა, ხოლო “არმია” ერთი კვირის წინ “ლოკომოტივს” შეხვდა. ეს თამაში არმიელებმა ჩაატარეს უმაღლეს დონეზე და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უშანსოდ, 48:17 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ შარშან რეგულარულ გათამაშებაში ამ გუნდებმა ასევე პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს. მერე პლეი ოფში “ლელომ” 24:16 იმარჯვა, ფინალში 16:10 და ქვეყნის ჩემპიონი მესამედ გახდა (2004, 2009 და 2013 წლები). ამ გუნდის ანგარიშზე სამი ვერცხლის მედალიცაა (2007, 2008 და 2010 წლებში). “არმია” ამ სახელით ჩემპიონატში 2011 წელს ჩაერთო და პირველივე ჯერზე ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო 2012 წელს გარდამავალი, საგაზაფხულო თასიც მოიგო. შარშან ის მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა, წელს კი, რევანში და ტიტულის დაბრუნება სწურია.

ისევე, როგორც პლეი ოფის ყველა მატჩში, შეხვედრას ამჯერადაც ირლანდიელი რეფერი მოემსახურება (პოთერ ფითსგიბონი), ხოლო იმ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მისვლას ვერ მოახერხებენ, პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შეეძლებათ.

რადგან შეხვედრა ფინალურია, თვალი რეგლამენტსაც გადავავლოთ. თუ ძირითადი 80 წუთი ფრედ დასრულდება, დაინიშნება ორი დამატებითი 10-წუთიანი ტაიმი. თუ 100 წუთიც ფრედ დასრულდა, უპირატესობა მიენიჭება იმ გუნდს, რომელსაც კონკრეტულ მატჩში მეტი ლელო ექნება გატანილი, მერე დაითვლება წითელ-ყვითელი ბარათები (კონკრეტულად ამ თამაშში) და თუ ეს ბალანსიც ტოლი აღმოჩნდა, “ბზის თასი” “ლელოს” გადაეცემა. მართალია “არმიამ” რეგულარული პირველობა პირველ ადგილზე დაასრულა, მაგრამ პლეი ოფში მარცხის გამო უპირატესობა “ლელომ” გადაიბარა და რეიტინგში პირველი ნომერი ახლა სწორედ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

24 მაისი. ფინალი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 18:00 საათი

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090046