ამბები

11:24 | 24.05.2014 | ნანახია 1863 - ჯერ

“ჩელენჯ ქაფის” ბოლო მფლობელი - “ნორთჰემპტონი”

ევროპის რანგით მეორე საკლუბო თასი “ამლინ ჩელენჯ ქაფის” “ნორთჰემპტონმა” დაისაკუთრა. ინგლისურ ფინალში მან დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში “ბათი” 30:16 დაამარცხა.

რადგან მომავალი წლიდან ევროპის საკლუბო ტურნირების სახელები და ფორმატი იცვლება, “ნორთჰემპტონი” გახდა ბოლო გუნდი, რომელმაც ეს თასი შემართა. მთლიანობაში, ინგლისური კლუბისთვის ეს წარმატება მეორეა აღნიშნულ ტურნირზე (პირველად “ნორთჰემპტონმა” “ჩელენჯ ქაფი” 2009 წელს მოიგო).

პირველმა ტაიმმა “ბათის” უპირატესობით ჩაიარა 26-ე წუთზე გატანილი ლელოს შემდეგ ტაიმი 13:6 დასრულდა. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში “ნორთჰემპტონმა” 4 ჯარიმა გაიტანა და 18:13 დაწინაურდა. 65-ე წუთზე მეტოქემ ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში აწ უკვე თასის მფლობელმა ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახვა გამოუყენა და დამაჯერებლად იმარჯვა.

დღეს საღამოს, თბილისის დროით 20 საათზე კარდიფში კიდევ ერთი ფინალი გაიმართება. ამჯერად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ბოლო ფინალურ შეხვედრაში, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” ინგლისურ “სარასენსს” ეთამაშება და შარშან მოპოვებული ჯილდოს შენარჩუნებას ეცდება. სამწუხაროდ, განაცხადში არ არიან ფრანგული კლუბის ქართველი ლეგიონერები.

ძველი ტურნირები ჯერ დასრულებულიც არაა და უკვე სტარტი აიღო ახალმა ევროთასებმა. ყველაზე პრესტიჟული European Rugby Champions Cup-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, ერთი კვირის წინ დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ინგლისში “უოსპთან” 29:30 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა დღეს პარიზში, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება და ქართველთა გუნდი 2-ქულაზე მეტი სხვაობით მოგების შემთხვევაში ევროპის უძლიერეს კლუბებს შეუერთდება. დღევანდელ მატჩს ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იწყებს. 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093614