ამბები

23:05 | 24.05.2014 | ნანახია 3786 - ჯერ

ზედიზედ მეორედ და ჯამში მეოთხედ - “ლელო” საქართველოს ჩემპიონია!

თბილისის “ლელომ” საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის ფინალში თანაქალაქელი “არმია” 24:11 დაამარცხადა, შარშან მოპოვებული “ბზის თასი” კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა, სულ კი, მთავარი ჯილდო მეოთხედ შემართა.

“მიხეილ მესხზე” შეკრებილმა 5 ათასმა მაყურებელმა ლამაზი თამაში ვერ იხილა, მაგრამ იყო უშეღავათო ბრძოლა, რომელშიც “ლელომ” მეტოქე სრულად დაჩაგრა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონმა მეტოქეს აჯობა როგორც ტაქტიკურად, ასევე უშუალოდ ორთაბრძოლებში, ფლობდა უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, მძლავრობდა შერკინებაში, რაქებში და დერეფნებში, რაც კარგად გამოიყენა ირაკლი ყიასაშვილმა და 7 ჯარიმით და 1 არეკნით გუნდს 24 საჩემპიონო ქულა შესძინა.

ამრიგად, განმეორდა შარშანდელი, როდესაც რეგულარული პირველობა “არმიამ” მოიგო, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში “ლელომ” იმძლავრა და საფინალო სასტვენის შემდეგ სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანისგან “ბზის თასი” ჩაიბარა.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მეტოქის პირველი მიძალება რომ მოიგერიეს და იერიშზე თავად გადავიდნენ, მე-4-ე წუთზე ირლანდიელმა რეფერიმ “არმიას” სასარგებლოდ შერკინება დანიშნა. “ლელომ” პირველსავე ჯერზე მეტოქე მაგრად დაჯაბნა, ჯარიმა გამოიმუშავა და კარის წინ 22 მეტრიდან ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა. თამაში რომ განახლდა ფეხით თამაში გაჩაღდა და ირაკლი ჩხიკვაძემ საკუთარ გუნდს უპირატესობა მოუტანა, მაგრამ თამაშის გაშლას შედეგ არ მოყვა. ლელოელებმა ბურთის თამაშში შეყვანა იჩქარეს და მერე დაჯარიმდნენ, მაგრამ ბახვა კობახიძემ მარცხნივ 35 მეტრიდან გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.

სამაგიეროდ, მე-11 წუთზე “არმია” კარის წინ 45 მეტრში რაქში რომ დაჯარიმდა ყიასაშვილმა 45 მეტრიდან ანგარიში 6:0 გახადა. მალევე მეტოქე შერკინებაში ისევ რომ დაჯარიმდა, ირაკლიმ ცენტრალური ხაზიდან, კარიდან ოდნავ მარცხნივ არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, “ლელოს” შერკინებამ კიდევ ერთხელ რომ იმძლავრა, ყიასაშვილმა კვლავ მარცხნივ, 45 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა.

ნიკო ჭავჭავაძემ ბურჯი შეცვალა და 26-ე წუთზე უკვე “ლელოს” შერკინება დაჯარიმდა, რაც კობახიძემ კარის წინ 23 მეტრიდან 3 ქულად აქცია და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევა და შემდგომში ლელოელი მორკინალების დომინირება გაგრძელდა. ყიასაშვილმა თამაშგარისთვის დანიშნული ჯარიმა 40 მეტრიდან რომ გაიტანა, გუნდს 9-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, 35-ე წუთზე კი, თითქმის 40 მეტრიდან არეკნი უნაკლოდ შეასრულად. შესვენებამდე კობახიძემ 21 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა ერთხელაც შეამცირა და ტაიმი 15:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში “ლელოს” უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მალე ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და ფლანგზე უპირატესობის გამოყენებით ლელოც გავიდოდა, მაგრამ ყიასაშვილმა გადაცემე ვერ შეიმაგრა. მერე ლელოელთა დამრტყმელს 42 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა, მაგრამ მათ მეტოქე თავისი ნახევრიდან არ გაუშვეს და ხშირი ჯარიმისთვის გიორგი ზაქაშვილი სინბინით დაისაჯა, ყიასაშვილმა კი, 43 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. “ლელომ” მეტობა კარგად გამოიყენა და 61-ე და 64-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით ანგარიში 24:6 გახადა, რითაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.

მანამდე ორჯერ და მერე კიდევ ორჯერ, “არმიას” ლელოს გატანის შესაძლებლობები მიეცა, მაგრამ ბურთის წინ ვარდნის გამო ყველა ეს შანსი ხელიდან გამოეცალა და ისედაც, მათი მონდომება უკვე დაგვიანებული იყო. და მაინც, “ლელო” საფინალო სასტვენის მოახლოვებასთან ერთად ზეიმისთვის რომ ემზადებოდა, ხშირი ჯარიმის შედეგად ნიკა პატარაია სინბინით დაისაჯა, გიორგი შკინინმა კი, ლელოს გატანა მოახერხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

პრესკონფერენცია

ნიკოლოზ ჭავჭავაძე (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “ერთი კვირის წინ გამარჯვებული შემადგენლობა იმის გამო შევცვალე, რომ მინდოდა ჩემს გუნდს უფრო სწრაფად ეთამაშა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წავაგეთ შერკინებები და დერეფანი, ორთაბრძოლები შერკინებებში და მარცხიც ამან განაპირობა. გარდა ამისა, მრავლად გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები, განსაკუთრებით მესამე ხაზში და აღმოჩნდა, რომ მათი სათანადო შემცვლელები არ გვყავდა.

ერთი კვირის წინ “ლოკომოტივთან” ისეთ სიცხეში ვითამაშეთ, რომ აღდგენას 3 დღე დაჭირდა და შესაძლოა, ბიჭები გამოიფიტნენ. მთლიანობაში, ამ სეზონს დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან ფინალი დავთმეთ, მაგრამ რეგულარული პირველობის მეორე წრე მართლაც კარგად ჩავატარეთ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც დამსახურებულად დავიკავეთ.

ჩვენ გვსურს, რომ ევროთასებზე ვითამაშოთ და ამისათვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ფორმატიც არაა ცნობილი და წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება”.

ლაშა თავართქილაძე (“არმიას” კაპიტანი): “ტრავმები მთელი სეზონის განმავლობაში გვტანჯავდა და სტაბილურად, 15-კაციანი შემადგენლობის დაყენება ვერასდროს მოხერხდა. ტრავმების გამო მეც ბევრი გამიცდა, ფინალში კი, “ლელომ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა”.

ლევან მაისაშვილი (“ლელოს” მთავარი მწვრთნელი): “ამ გამარჯვებისთვის ბევრი ვიშრომეთ. კარგად გვყავდა შესწავლილი “არმია”, ვიცოდით მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთია შრომა, შეფასება, დავალებების მიცემა და სულ სხვაა მას როგორ შეასრულებენ მორაგბეები უშუალოდ მოედანზე. მადლობა ბიჭებს, რადგან მათ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს. მოხარული ვარ, რომ ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ შევმართეთ.

ეს თამაში ნაკლებ სანახაობრივი გამოდგა, ვიდრე ორი კვირის წინანდელი, მაგრამ ფინალს ასეთი რამ ახასიათებს. ფასი ძალიან დიდი იყო და გარისკვა არ ღირდა, შედეგზე ვითამაშეთ და დასკვნით წუთებში ნერვიულობა თავიდან ავიცილეთ. რაც შეეხება ევროთასებზე მონაწილეობას, ჯერ ფორმატიც არაა ცნობილი, მაგრამ იქ მონაწილეობას დამატებითი ფინანსები ჭირდება. თუ მოწვევა გვექნება, ვეცდებით ფინანსები ვიშოვოთ და ევროთასებში ჩავერთოთ”.

გიორგი კაჭარავა (“ლელოს” კაპიტანი): “რაშიც უპირატესობა გვქონდა, ის ბოლომდე გამოვიყენეთ და დამახურებულად გავიმარჯვეთ. სიმართლე გითხრათ, ასეთ სხვაობას არ ველოდით, მაგრამ მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე უკვე გადაწყვეტილი იყო. შერკინებაში კარგად ვიმუშავეთ და რომ დავინახეთ აქ უპირატესობა გვქონდა, აქცენტი აღარ შეგვიცვლია, თამაშის გაშლაზე აღარც გვიფიქრია. ვიცოდით ამის ხარჯზე მოგება ჩვენ დაგვრჩებოდა და რატომ გაგვერისკა?

მსურს აზრი დავაფიქსირო ევროთასებთან დაკავშირებით. ამდენი წელია მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში, ერთმანეთს ვეთამაშებით, საკუთარ წვენში ვიხარშებით და მოტივაციაც იკარგება. აქ უკვე ყველამ ვიცით ვის რა შეუძლია და თამაში ინტერესს კარგავს. ძალიან კარგი იქნება თუ როგორმე მოვახერხებთ და ევროთასებზე ვითამაშებთ. ეს ჰაერივით ჭირდება მოთამაშეებს, რათა მოტივაცია არ დავკარგოთ და მწამს, ევროპაშიც გავიტანთ აქართველოს და ჩვენი კლუბის სახელს”.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

24 მაისი. ფინალი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 5 000 მაყურებელი

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი) 24:11 (15:6)

ლელო: 15. ყიასაშვილი (მჭედლიშვილი 80), 14. გუგავა, 13. კოპაძე, 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (პატარაია 71), 2. ბელქანია, 3. პატარაია (მელიქიძე 60), 4. ხორბალაძე (ნიკოლაიშვილი 52), 5. ქოიავა, 6. მძინარიშვილი (ე. სურგულაძე 30), 7. კოლელიშვილი (კვაჭაძე 78), 8. ჭყოიძე.

7 ჯარიმა: ყიასაშვილი

1 არეკნი: ყიასაშვილი

1 სინბინი: პატარაია (76)

არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჩხიკვაძე, 12. გაგოშვილი (აფციაური 56), 11. შკინინი, 10. ნინიძე (გაბროშვილი 66), 9. ჯინაშვილი (ღვინჯილია 39); 1. კაკოვინი (ქორიძე 50), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 50), 3. გურგენაძე (ზაქაშვილი 25), 4. ჩიტიძე (ჟღენტი 50), 5. ცხადაძე (ი. სურგულაძე 50), 6. თხილაიშვილი, 7. დარასელია, 8. თავართქილაძე (გურგენაძე 54-62).

1 ლელო: შკინინი

2 ჯარიმა: კობახიძე

1 სინბინი: ზაქაშვილი (54)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.219833